რას ითხოვს ოპოზიცია კონსენსუსის სანაცვლოდ?

რას ითხოვს ოპოზიცია კონსენსუსის სანაცვლოდ?

დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმები - ამ საკითხის გარშემო ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც შემოდგომაზე ბოლომდე წარმატებით იქნება მიყვანილი.

პარალელურად, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს მადლობა გადაუხადა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს.

ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და მომდევნო მოწვევის პარლამენტი იქნება მეტად პლურალისტური.

ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც კონსტრუქციული იქნება და კომპრომისის მიღწევას ხელს შეუწყობს.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ მომენტში დამატებითი ძალისხმევაა გამოჩენილი, რათა საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიიღწეს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა წარმატებული იქნება და ვფიქრობ, ყველა - არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც, კონსტრუქციული იქნება და კომპრომისის მიღწევას ხელს შეუწყობენ“, - განაცხადა თომას მარკერტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობა შერეულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, რა წესითაც „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გეგმავს, უმრავლესობას საკუთარ ვარიანტს სთავაზობს.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს პარლამენტში 116 მანდატი აქვს, 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოსაღებად 115 ხმის მოპოვება შეუძლებელი იყო, რადგანაც უმრავლესობის შიგნითაც აღნიშნული საარჩევნო სისტემას ოპონენტები ყავდა. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი უთანხმოება ეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების ვადებს.

„კონსტიტუციის თავდაპირველი პროექტი პროპორციული სისტემის შემოღებას უკვე შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის ითვალისწინებდა. ვენეციის კომისიის პლენარული სესიიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენ დამატებითი კონსულტაციები გავმართეთ საპარლამენტო უმცირესობის წევრებთან, მათ ლიდერებთან.

ჩვენ გვსურდა კონსენსუსის მიღწევა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ვიმედოვნებდით, რომ 2020 წლისთვის შემოღებული პროპორციული სისტემის მეშვეობით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კონსენსუსს მივაღწევდით, მაგრამ ამ შეხვედრის დროს ოპოზიცია არ უჭერდა მხარს კონსტიტუციის პროექტისთვის ხმის მიცემას იმ შემთხვევაშიც კი, პროპორციული სისტემა 2020 წლისთვისაც რომ ყოფილიყო შემოღებული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მისივე თქმით, ოპოზიციას სხვა მოთხოვნებიც ჰქონდა, მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტის არჩევის წესს ეხებოდა. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის არჩევა ირიბად მოხდებოდა, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. ოპოზიციის მეორე ულტიმატუმი საგადასახადო საკითხებს ეხებოდა, ხოლო მესამე - მიწის საკუთრების თემას.

„ამიტომაც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ, პროპორციული სისტემა 2020 წელს რომ შემოგვეღო მაინც. ჩვენ სირთულე შეგვექმნა და იძულებული ვიყავით გამოსავალი გვეპოვა. ჩვენთვის 2020 წლისთვის პროპორციული სისტემის შემოსაღებად 115 ხმის მოპოვება შეუძლებელი იყო.

პარლამენტში ჩვენ 116 მანდატი გვაქვს, თუმცა ჩვენ შიგნითაც პროპორციული სისტემის ოპონენტები გვყავს. საბოლოოდ, ჩვენ ორი გამოსავალი გვქონდა: ერთი - უარის თქმა ცვლილებებზე, რაც დადებითი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. მეორე - პროპორციული სისტემის შემოღების ორეტაპიანი მიდგომის შეთავაზება, ანუ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის შენარჩუნდება შერეული სისტემა, ხოლო პროპორციულზე 2024 წელს გადავალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო“ მზად არის 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარებას იმ პირობით დაუჭიროს მხარი, თუკი მაჟორატარული მანდატების რაოდენობა შემცირდება და პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა გაიზრდება.

მმართველ გუნდთან კონსულტაციებს არ ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება შეცვლის არსებულ პროპორციას, ასეთ შემთხვეში იტყვის, რომ ეს არის უკეთესი, ვიდრე დღევანდელი. მისივე თქმით, გამორიცხულია კონსტიტუციის პროექტის ერთიანი კენჭისყრის პირობებში მხარი დაუჭირონ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, არის სრულიად მარტო, ესაუბრება თავის თავს და ცდილობს, ქანთარიასა და კობახიძეს შორის მიღწეული თანხმობა შემოგვასაღოს, როგორც რაღაც კონსენსუსი. ჩვენ პროპორციულ არჩევნებს ვუჭერთ მხარს, მეტიც, სულ რომ პოზიტიურ ცვლილებაზე გადადგას ნაბიჯი, რისიც მე არ მჯერა, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა, რადგან აქაც უმრავლესობამ გადაწყვიტა ხელის გადაგრეხვით იაროს.

რაც შეეხება პროპორციული სიით გასულ დეპუტატებსა და მაჟორიტარებს შორის პროპორციის შეცვლას 2020 წლისთვის პროპორციულის სასარგებლოდ, ეს უკეთესი იქნება, ვიდრე დღეს არსებული სისტემა. შერეული სისტემა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს, მოდიფიცირდა რამდენჯერმე.

2004 წელს 150-მდე შემცირდა დეპუტატების რაოდენობა, მაგრამ არა მაჟორიტარების. ამიტომ 2004 წლიდან ეს სისტემა კიდევ უფრო დამძიმდა. დღეს გვაქვს სისტემა, სადაც მაჟორიტარის ხვედრითი წილი არის გაზრდილი. ამიტომ ერთმანეთისგან ეს ორი სისტემა უნდა გაიყოს“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

უკვე 2 მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას არ აპირებს „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე, რომლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერს ქვეყნის სუფთა საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას, კატეგორიული წინააღმდეგი იყო და არის ასეთი პოლიტიკური სპექტრისა და მედიის პირობებში 2020 წლის არჩევნებისთვის ამ სისტემაზე გადასვლის.

„ასეთმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სერიოზული პოლიტიკური კრიზისი წარმოშვას და საბოლოოდ წერტილი დაუსვას იმ გრანდიოზულ გეოპოლიტიკურ პროექტებს, რომელთა განხორციელება უკვე დაწყებულია და რომლებიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სწრაფი ეკონომიკურ-სოციალური განვითარების გარანტიაა“, - ამბობს გია გაჩეჩილაძე.

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საერთო კონსენსუსი შედგეს. ამის მიუხედავად მდინარაძე ოპოზციასთან მიმდინარე კონსულტაციებს ოფიციალურად არ ადასტურებს.

„ჩვენი ოპონენტების თითოეული განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ისინი კონსენსუსისთვის მზად არ არიან. ჯანი ბუკიკიოს ბოლო განცხადებებში აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ კონსენსუსის მიღწევაში ყველა მხარე უნდა მონაწილეობდეს და ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობის საკითხი არ არის.

ჩვენ საკონსტიტიციო ცვლილებების განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მზად ვიყავით დიალოგისა და შეთანხმებისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საერთო კონსესუსი შედგეს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მომავალ კვირას დანიშნული ოპოზიციია და ვენეციის კომისიის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, კონსენსუსი შედგება, ორივე მხარე გამონახავს საერთოს იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდება მაჟორიტარების რიცხვი და გაიზრდება პროპორციული.

„ყველაფერი უნდა განვიხილოთ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე - რა გვინდა ჩვენ. დღევანდელი პარტიული პოლიტიკური სისტემა არის ძალიან სუსტი. ამ კონსტიტუციის და ამ საარჩევნო სისტემის მთავარი მიზანი არის, ხელი შეუწყოს მის განვითარებას და ჩამოყალიბებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პარტიები გამსხვილდნენ, არ შეიძლება მუდმივად 3-5 კაციანი პარტიები იყვნენ. ვერ განვიხილავთ მათ პოლიტიკურ სუბექტად.

საპარლამენტო სისტემა პარტიებზე დგას, თუ სერიოზული პარტიები არ გვეყოლება, ეს სახელმწიფო წყობისთვის მუდამ პრობლემა იქნება. მმართველი პარტია გასაგებია, მაგრამ ალტერნატივა ვინ არის? ნაცების და მათგან გასულ ჯგუფის სერიოზულ ალტერნატივად განხილვა არასწორად მიმაჩნია. მათ იმხელა წარსულის ტვირთი ადევთ, არ ვიცი როგორ მოიშორებენ, სხვა არავინ ჩანს ჯერჯერობით პოლიტიკურ ველზე“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ამ შემთხვევაში მომგებიან პოზიცაზეა საზოგადოების იმ ნაწილის თვალში, ვინც არ არის გარკვეული მოდელში.

„ხელისუფლება ამბობს - 2020 წელში ჩავატარებ და 2024 წელს ხომ გადავდივართ პროპორციულში და რა გინდათ მეტი? ოპოზიციას ის პროპორციული აწყობს? ჯერ ეს საკითხი უნდა იქნას ამოწურული, თუ ეს წესი მისაღებია ოპოზიციისთვის, მაშინ სხვა რა გზა არის. ჩემთვის პირადად მიუღებელია ეს მოდელი. ჩემთვის მთვარია იყოს წმინდა პროპორციული არჩევნები ყოველგვარი ბონუსის გარეშე. იყოს სამართლიანი შეჯიბრი და არა ის, რომ მმართველ გუნდს, ან პირველ ადგილზე გასულ გუნდს ჰქონდეს უპირატესობა, ესაა პრობლემა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.