მშენებლებსა და არქიტექტორებს სერტიფიკატის აღება მოუწევთ

მშენებლებსა და არქიტექტორებს სერტიფიკატის აღება მოუწევთ

საქართველოში არქიტექტორთა და მშენებელ ინჟინერთა სერტიფიცირება აუცილებელი იქნება. სამშენებლო კოდექსი, რომლის განსახილველად პარლამენტმა 9 თვეა ვერ მოიცალა, ასეთ მიდგომას ითვალისწინებს. როდის მოხერხდება კოდექსის მიღება და ამოქმედება, ჯერ ცნობილი არ არის.

არქიტექტორთა სერტიფიცირების სისტემის შემოღებას სამშენებლო კოდექსის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის ნოემბერში წარადგინა. დოკუმენტში არ არის მითითებული, რომელი უწყება გასცემს სერტიფიკატს, მაგრამ იგი, სავარაუდოდ, საქართველოს არქიტექტორთა კავშირი იქნება. სხვათა შორის, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კავშირს უკვე შემუშავებული აქვს.

„სერტიფიცირების სქემის პრაქტიკაში დანერგვა დროში გაიწელა, გაჭიანურდა სამშენებლო კოდექსის მიღებაც, რომელიც ასევე განსაზღვრავს კანონს სერტიფიცირების შესახებ. ეს პროცესი პროფესიულმა ორგანიზაციამ უნდა წარმართოს და კორუფციის რისკიც გამოირიცხება. ასეთ შემთხვევაში, ფაქტიურად „მარხავს თავის თავს“ ამ სერტიფიკატის გამცემი, რადგან დოკუმენტის არაკვალიფიციურად გაცემის შემთხვევაში, დასაქმების ბაზარზე ამ სერტიფიკატის გამცემსაც შეექმნება პრობლემა“, - მიიჩნევს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.

საქართველოში ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ყველას აქვს მშენებლობის წარმართვის უფლება. ასოციაცია „საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშეს“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე მიიჩნევს, რომ ინჟინრები და არქიტექტორები, რომლებსაც სერტიფიკატი არ გაჩნიათ, მშენებლობას არ უნდა აწარმოებდნენ.

„საქართველოს სჭირდება განავითაროს სეისმური უსაფრთხოება, სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოება, ტექნიკური ზედამხედველობა და შენონების ენერგოეფექტურობა. ამ ნორმების ასამუშავებლად ნიადაგი მზად არ არის. კოდექსი უნდა დაწერონ მშენებელმა ინჟინრებმა, თუმცა ისინი იგნორირებულნი არიან პროცესისგან.

ნამდვილად დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ ახალი კოდექსის თანახმად, მშენებარე ობიექტს ზედამხედველობა ან სახელმწიფომ, ან კერძო აკრედიტებულმა ინსპექტორმა უნდა გაუწიოს. სავალდებულო ხდება არქიტექტორებისა და ინჟინრების სერტიფიცირებაც. არ შეიძლება, სახლი ააშენონ შემთხვევითმა ბიზნესმენებმა. ისინი ვერ ერკვევიან სამშენებლო საკითხებში და ასეთი ნაგებობის მდგრადობა ძალიან სეჭვოა“, - განაცხადა საკანდელიძემ.

ჯერ კიდევ განუხილველ სამშენებლო კოდექსში საკმაო ხარვეზები აღმოაჩინეს სპეციალისტებმა და ისინი სასწრაფო შესწორებას ითხოვენ. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე სამშენებლო კოდექსის პროექტში განაშენიანების კოეფიციენტების გადაჭარბების შესაძლებლობას ხედავს. მისი თქმით, 2015 წლის ჩათვლით თავად ჩართული იყო სამშენებლო კოდექსის შემუშავების პროცესში და ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა, თუმცა დოკუმენტის ის ვერსია, რომელიც ამ ეტაპზეა პარლამენტში წარდგენილი, მრავალი მიმართულებით ხარვეზიანია, მათ შორის, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებთან მიმართებით.

„როგორც ჩანს, ინვესტორთა ლობისტების ზეწოლით შეტანილია ისეთი ცვლილებები, რომელიც ფაქტიურად გააგრძელებს იმ თვითნებობას კოეფიციენტების გადაჭარბებაში და ზონის ცვლილებებში. ფაქტია, რომ ის წინაპირობები, რომლებიც ახლა დადებულია განაშენიანების გეგმის მიერ კოეფიციენტების გადაჭარბებისთვის, გადმოღებულია ახლანდელი სამართლიდან. ეს არის ერთი მხრივ, პრინციპულად არასწორი და მეორე მხრივ, არასრული. ეს გამოიწვევს ამ კოეფიციენტების გადაჭარბებას და ქალაქი იმავეს მიიღებს, რაც დღეს არის. ამიტომ სასწრაფოდ საჭიროა ჩარევა და ასეთი შეცდომების გასწორება“, - განუცხადა „საქმის კურსს“ ბაქრაძემ.