„ჯერჯერობით რაც იკვეთება, ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია“

„ჯერჯერობით რაც იკვეთება, ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია“

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი პირისპირ შეხვედრა 7 ივლისს, ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გაიმართება. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა გაავრცელა და მოგვიანებით, თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერები განიხილავენ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხს, ასევე სირიასა და უკრაინაში არსებულ სიტუაციას.

მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ვახტანგ მაისაია გვესაუბრება.

ეს შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა, თუმცა ცნობილია, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მას ეწინააღმდეგებოდა. ახლა ცნობილი ხდება, რომ შეხვედრა შედგება - რა შეიცვალა?

- აქ საუბარია ბევრად უფრო გლობალურ თემებზე - ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაზე, ეს შეხვედრა ამ მხრივ არის ძალზე მნიშვნელოვანი და არა ორი ქვეყნის ურთიერთობის კონტექსტიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრას წინ უძღოდა რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რუსეთიც და ჩინეთიც არიან პარტნიორები, ორივე იბრძვის ჰეგემონობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტებიც გააფორმეს.

მეორე მხრივ, პარალელურ რეჟიმში ტრამპისა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრები იმართება გერმანიაში, ზუსტად იგივე ფორმატში, ხოლო შემდეგ უკვე შედგება აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ანუ აქ უკვე იკვეთება დიპოლარული სამყაროს შექმნის კონტური, ოღონდ აქ ოთხ პოლუსზეა საუბარი, რომელიც ორ ბანაკად გვევლინება - ჩინეთი და რუსეთი და ამერიკა და ევროკავშირი.

ამით უკვე დასტურდება, რომ ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება და კვადრიპოლარული სამყაროს კონტურების მოხაზვა ხდება.

საინტერესოა, რომ ახალი მსოფლიო გადანაწილების პირობებში დღის წესრიგის თემებია ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, უკრაინისა და სირიის თემები და სამწუხაროდ, საქართველო დღის წესრიგში ვერ მოხვდა.

ეს ცუდია თუ კარგი, ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველო დღეს არ არის გლობალური პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი ობიექტი. როგორც ჩანს, საქართველოს საკითხი ამ დონეზე მნიშვნელოვანი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის შევიდოდა მსოფლიოს წამყვანი აქტორების სასაუბრო თემების ნუსხაში.

საქართველო იმყოფება ახალი ცივი ომის საზღვარზე - ფაქტობრივად, ჩვენს ტერიტორიაზე ვითარდება ეს ომი. ისე, როგორც უკრაინა, კავკასია და აღმოსავლეთ ევროპა წარმოადგენს ცივი ომის საზღვარს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში.

ის, რომ საქართველოს საკითხი არ იხილება, შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც, გააჩნია, ვინ რა კუთხით შეხედავს საკითხს.

საქართველოშიც საკმაოდ საინტერესო სიტუაციაა - ერთი მხრივ, ჩინეთთან ღრმავდება პარტნიორული ურთიერთობები, მეორე მხრივ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან ევროკავშირი და ამერიკა. თუ ოთხპოლუსიან მსოფლიოზე იქნება ლაპარაკი, როგორც ჩანს, ჩვენს საგარეო პოლიტიკაშიც საჭირო გახდება გარკვეული ბალანსის ან რაღაც წესრიგის შემოტანა?

- საქართველოს საგარეო პოლიტიკა არის კომპლიმენტალური - ამას ჯერჯერობით სხვას ვერაფერს უწოდებ, ანუ გამოკვეთილია ჩინური და დასავლური ვექტორები - აღმოსავლეთისკენაც ვიყურებით და კურსი დასავლეთისკენ გვაქვს აღებული.

ჩინეთი რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ეს დადასტურდა არაერთი დოკუმენტით და მაღალი დონის შეხვედრებით, პლუს გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. რუსეთის მიმართ გვაქვს არჩეული არგაღიზიანების პოლიტიკა და თითქოს ჩინეთთან ურთიერთობა ამ მიმართულებით გვეხმარება.

რაც შეეხება დასავლურ ვექტორს, ის დიდი ხანია, არის საზოგადოებრივ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე აღიარებული.

გერმანიის შს მინისტრი ვარაუდობს, რომ რუსეთი შეეცდება გერმანიის არჩევნებზეც მოახდინოს გავლენა, ისევე, როგორც ამერიკასა და საფრანგეთში უკვე ჰქონდა მსგავსი მცდელობები - რა არის რუსეთის მიზანი? - მოკავშირეების მოყვანა ხელისუფლებებში მეტისმეტად თავხედური და მარტივი ფორმულა იქნებოდა...

- ერთადერთი მიზანი არის ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებში ბზარის შეტანა - ამერიკაში მოახერხა არეულობის შეტანა, მთელი პოლიტიკური სისტემა თავდაყირა დააყენა, რომელიც დღემდე ვერ მოსულა გონს - ეს რუსეთის სპეცსამსახურების და ხელისუფლების წარმატებული ჰიბრიდული შეტევის შედეგია.

რაც შეეხება ევროკავშირს, რუსეთი აგრძელებს მასზე ანალოგიური ზეწოლის განხორციელებას.

შეიძლება პროგნოზირება, რომ ჰამბურგის შეხვედრის შემდეგ გარკვეულ საკითხებში მეტი სიცხადე შევა?

- ჯერჯერობით რაც იკვეთება, ეს ოთხპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის კონტურებია - დანარჩენი, ალბათ, უკვე თანდათანობით გამოჩნდება.