პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია თვითმმართველ ქალაქებთან დაკავშირებულ პროექტზე ვეტოს დადების საკითხზე არასამთავრობო სექტორთან კონსულტაციებს მართავს. ინფრასტრუქტურის მინისტრის შეფასებით, სამწუხარო იქნება თუ პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს.
როგორც ზურაბ ალავიძე ამბობს, აღნიშნული კანონპროექტი დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად არ იმოქმედებს.
„ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი დაადებს ამას ვეტოს. სამი მოსმენით გასულია და მიღებულია ეს კანონი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ბევრი კომენტარიც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხარისხი იოტისოდენითაც არ მცირდება ამ მიმართულებით. ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ სრული კანონმდებლობის დაცვით იმ დოზით, რაც მოგვეთხოვებოდა. ხალხის ჩართულობა იყო. კანონიდან არ გადაგვიხვევია ერთი ნაბიჯით“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
პარლამენტის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზიდენტისგან ვეტოს გამოყენებას სწორედ, არასამთავრობო სექტორი ითხოვს. მათი შეფასებით, კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც 7 თვითმმართველი ქალაქის მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა, პრეზიდენტმა ხელი არ უნდა მოაწეროს.
საია-ს იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. პავლიაშვილის განცხადებით, სწორედ ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს და ის პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნოს.
„თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტებთან გაერთიანება ადგილობრივი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ჩვენ პრეზიდენტს პროექტის მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებას ვთხოვთ. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია აქცენტი შემდეგ პრობლემებზე გაკეთდეს - ერთია ის, რომ ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს, როცა გათვალისწინებული არ არის ამომრჩეველთა ინტერესი - ამ პროცესში მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის ნების წინააღმდეგ წასვლა.
მმართველ გუნდს არ შეუსწავლია, რა აინტერესებდა ადგილობრივ მოსახლეობას, სურდა თუ არა მას თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევა და მუნიციპალიტეტების გამსხვილება. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
„სიდას“ ხელმძღვანელის განცხადებით, 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის გაუქმების პროცესში მთელი რიგი სამართლებრივი დებულებები დაირღვა. როგორც ზვიად დევდარიანმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციების რჩევაა პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტზე ვეტოს უფლება გამოიყენოს. მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს სამართლებრივი ბრძოლა, რათა თვითმმართველმა ქალაქებმა სტატუსი არ დაკარგონ.
„იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება. საქმე ეხება არა მხოლოდ 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსს, არამედ ასეულობით ათასი ადამიანის საკითხს, რომელთაც კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ჩამოერთვათ შესაძლებლობა აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა, ჰქონდეთ საკუთარი პრიორიტეტები და აქტიურად იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები უკვე შეხვდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს და მრჩეველს, ფიქრია ჩიხრაძეს. კონსულტაციები სწორედ კანონპროექტზე ვეტოს დადებას ეხება. ანა დოლიძე ამბობს, რომ ვეტოსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები საკმაოდ დამაფიქრებელია.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს არ დაუკონკრეტებია, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს უფლებას პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რასაც მას არასამთავრობო სექტორი სთავაზობს, თუმცა როგორც აღნიშნა, პრეზიდენტი შვიდი თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით სკეპტიკურად იყო განწყობილი.
„არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკმაოდ დამაფიქრებელი არგუმენტები მოგვახსენეს. საყურადღებოა, რომ შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება ადგილობრივი არჩევნების წელს ხდება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, იყო დარღვევები ხალხთან კომუნიკაციის კუთხით. შესაბამისი ჩართულობა ამ ქალაქების მაცხოვრებლებისა არ ყოფილა. ამავე დროს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში სერიოზული შინაარსობრივი პრობლემებია. ჩვენ მათ დიდი გულისყურით მოვისმენთ, რადგან ეს ის ხალხია, ვინც აღნიშნული საკითხი ძალიან კარგად იცის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანა დოლიძემ.