საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება. ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. ქართველი კანონმდებლები ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის პირველ სხდომას დაესწრებიან. დაგეგმილია სხვა შეხვედრებიც.
პარალელურად, ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკონსტიტუციო პროექტის დეტალებს გააცნობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ელოდება, რომ სტრასბურგში, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ევროპარლამენტარებს ძალიან მწვავე შეფასებები ექნებათ.
„იმ დროს, როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა დაიდო კონსტიტუციის პროექტზე, ევროპარლამენტი გააქტიურდება ამ საკითხზე, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანი იყო ვენეციის კომისიის დასკვნა. შესაბამისად, მე მოველი, რომ ევროპარლამენტარები, ალბათ, ძალიან მწვავე შეფასებებს გააკეთებენ იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულ კონსტიტუციას იღებს და კონსტიტუციის გარშემო არანაირი ნაბიჯები არ გადაიდგა პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„ევროპულ საქართველოს“ აქვს მოლოდინი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ისევ მოგვიწოდებს კონსულტაციისკენ საკონსტიტუციო საკითხებზე. როგორც ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა, ერთი მხრივ, შეცდომაში შეიყვანა საერთაშორისო საზოგადოება, პირველ რიგში, ვენეციის კომისია და მეორე მხრივ, მოატყუა ქართული საზოგადოება, როდესაც წლების განმავლობაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ჰპირდებოდა.
„ამას ემატება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, სადაც „ქართული ოცნება“ არანაირ პოლიტიკური კონსულტაციას არ დათანხმდა და სახეზეა შედეგი, როდესაც კონსტიტუცია მიღებულ იქნა ერთი პარტიის მიერ და ყველა სხვა სერიოზული პოლიტიკური გაერთიანება და არასამთავრობო ორგანიზაცია უპირისპირდება ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
„ევროპული საქართველოს“ აზრით, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი არის კონსულტაცია გაგრძელდეს საზოგადოებასთან, ჩატარდეს პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად. ეს იქნება შედეგი, რომელზე დათანხმებაც მოუწევთ პოლიტიკურ პარტიებს“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ვენეციის კომისიის შეთავაზებას, ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის და კონსენსუსის გზით მიიღოს ახალი კონსტიტუცია, იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ პროცესი გახსნილია, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ფორმატში აპირებს ხელისუფლება დისკუსიის გამართვას.
„როგორც იუსტიციის სამინისტრო და მე, როგორც წევრი საკონსტიტუციო კომისიის, რომელმაც მუშაობა დაასრულა, დღესაც მზად ვარ, ნებისმიერი დისკუსიის, რომ ის ცვლილებები, რაც მომზადდა და უნდა შევიდეს ძალაში რამდენიმე თვეში, იყოს მაქსიმალური კომპრომისის შედეგი“, - ამბობს თეა წულუკიანი.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის ნოყიერ საფუძველს ვერ ხედავს უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შეფასებით, ოპოზიცია ახლაც ფიქრობს, რომ მიზნის მიღწევის ყველაზე კარგი საშუალება არის შანტაჟი.
„საბოლოო ვერსია, რაც მიღებულია ორი მოსმენით, არის ბევრად გაუმჯობესებული ვერსია. ის ინარჩუნებს პრეზიდენტის არჩევის ძველ წესს, ინარჩუნებს პარლამენტის შერეული სისტემით არჩევის საკითხს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიცია არ არის დაინტერესებული ძირითადი კანონის სხვა თავებით და სხვა ნაწილებით. პირადად მე, ვერ ვხედავ თავისუფალ დიაპაზონს შეთანხმებისთვის“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესის გაჩერების აუცილებლობაზე საუბრობს პრეზიდენტის მრჩეველი. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, ის რეალობა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეიქმნა, განსაკუთრებით კი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ აჩენს იმის მოლოდინს, რომ პროცესი უნდა გაჩერდეს.
„ბუნებრივია, ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ შექმნილ ვითარებაში დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ. ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს იმ მიზანს, რომ მივიღოთ ბევრად უკეთესი კონსტიტუცია, რომელიც მისაღები იქნება ქართული საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ამბობს, რომ საკითხის განხილვაში ყველა მხარე უნდა იყოს ჩართული.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტის შემუშავების პროცესში, რომელიც არის თანხმობის დოკუმენტი, მიღწეული იყოს კონსენსუსი. ეს აღინიშნა ვენეციის კომისიის შეფასებებშიც ბატონი ბუკიკიოს მიერაც. აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა მივიდეთ კონსენსუსამდე, რომელ პროცესშიც ყველა მხარე იქნება ჩართული.
არ არის სწორი, როცა ხდება ერთი დოკუმენტის შემუშავება, მეორის წარდგენა კომისიაში და მესამის მიღება პარლამენტის მიერ. აუცილებელია, რომ პროცესი წარიმართოს კონსენსუსით და მასში ყველა მხარე იყოს ჩართული“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.