თურქული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული საიდუმლო სპეცოპერაცია საქართველოში

თურქული სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული საიდუმლო სპეცოპერაცია საქართველოში

საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. არსებული ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საქართველოს, სავარაუდოდ, სექტემბერში ეწვევა. თუმცა თურქეთის საელჩოში აცხადებენ, რომ პრეზიდეტის ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება; ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

პარალელურად, საქართველოს მიმართ აქტიურდება თურქული მედია. გამოცემა, www.superhaber.tv წერს, რომ თურქეთიდან გამოგზავნილმა 15-კაციანმა სპეციალურმა ჯგუფმა საქართველოში სპეცოპერაცია ჩაატარა. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში გაქცეული აზია ბანკის პარტნიორი და ორგანიზაცია FETO-ს (თურქეთში ფეთჰულაჰ გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციას უწოდებენ) წევრი „სინან სარაჩი ისე დააკავეს, რომ მსგავს სპეცოპერაციას ფილმებშიც კი ვერ ნახავთ“. გამოცემა წერს, რომ სინან სარაჩმა თურქეთი, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ არალეგალურად დატოვა.

საქართველოში გაქცეულმა სინან სარაჩმა FETO-სთან კავშირის მქონე ადამიანების დახმარებით გარკვეული დროის განმავლობაში მოახერხა აქ ცხოვრება. თუმცა, სინან სარაჩის დაკავების პროცესი ამ ქვეყნიდან მომხდარი დასმენის საფუძველზე დაიწყო. თურქეთმა, FETO- ზოგიერთი უმაღლესი რანგის წევრების საქართველოში გაქცევის შესახებ მიღებული ინფორმაციის და საქართველოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ქვეყანაში 15-კაციანი სპეციალური ჯგუფი გააგზავნა. ამ ჯგუფის მუშაობა სინან სარაჩზე იყო კონცენტრირებული. სინან სარაჩთან შესაძლო კავშირში მყოფი ადამიანების ფიზიკური და ტექნიკური მონიტორინგი დაიწყეს.

რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ ის სახლი იპოვეს სადაც სინან სარაჩი ცხოვრობდა და საქართველოს პოლიციას გადაუგზავნეს. ამ ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს პოლიციამ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად სინან სარაჩი დააკავა, – წერს თურქული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ სარაჩი სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია გადაყვანილი, მას საექსტრადაციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. თურქეთში მისი ქონების კონფისკაცია მოხდა. ბიზნესმენი სარაჩის შემდეგ, ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ქართველმა სამართალდამცავებმა დემირელის სკოლოს მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუკი დააკავეს. დაკავებული ლტოლვილის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია. იმ შემთხვევაში, თუ ჩაბუკს მიენიჭება სტატუსი, ეს იქნება ლტოლვილის ან ჰუმანიტარული, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ნებისმიერი პირის ექსტრადიციაზე სხვა ქვეყანაში. ანუ, ქვეყანა მათ დაცვას საკუთარ თავზე იღებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ თურქეთში ამჟამად არ არსებობს ოპოზიციური გამოცემა, სპეციალისტების შეფასებით, დიდი ალბათობით, გამოცემა – www.superhaber.tv ასახავს სახელმწიფოს პოზიციას.

„სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე, ბესიკ ალადაშვილი აცხადებს, რომ სარანჩის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არა საქართველოს მხრიდან, არამედ ისევ თურქეთის სპეცსამსახურებისა და მათთან თანამშრომლობაში მყოფი პირებისგან არის წასული, რაც მისი თქით, ნიშნავს როგორ აქტიურად მოქმედებენ საქართველოში თურქეთის სპეცსამსახურები.

რაც შეეხება 15-კაციან სპეციალურ ჯგუფს, რომლებიც ფიზიკურ და ტექნიკურ მონიტორინგს ატარებენ, ალადაშვილი ამბობს, რომ ეს არის ფარული თვალთვალი, მოსმენები, ფოტო და ვიდეო გადაღება, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ტერიტორაზე ატარებდა ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებას.

„ეს უკვე არის ყველანაირი საერთაშორისო სამართლის დარღვევა. დიდი ალბათობით, ეს არ იქნებოდა შეთანხმებული საქართველოს მხარესთან, აქ უკვე უნდა დავუშვათ, რომ თურქეთი, თავის ოპერატიულ შესაძლებლობებს ისე იყენებს, როგორც უნდა. მას მერე, როცა დაადგინეს სად იმყოფებოდა ეს ბიზნესმენი, მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცა ინფორმაცია ქართულ მხარეს, რომ მომხდარიყო მისი დაკავება. აქედან აპრიორი ჩანს, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანა, საკმაოდ უხეშად და შეურაცხმყოფლად მოქმედებს საქართველოს ტერიტორაზე, რაც არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“, – ამბობს ბესიკ ალადაშვილი.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედებას სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ ქართულ სპეცსასამხურებს სულ მცირე, ადგილზევე უნდა უზრუნველეყოთ მათი დაკავება, რადგანაც საქართველოს ტერიტორაზე მოქმედებს საქართველოს კონსტიტუცია და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფოს, ან კერძო ე.წ. დაცვის სამსახურებს.

„უნდა მოხდარიყო მათი დაკავება და თუქრეთის მხარესთან ძალიან მაღალ დონეზე საკმაოდ მკაცრი პოზიციის დაფიქსირება. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რატომ ვუშვებთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები შემოვიდნენ და აწარმოონ ოპერატიული მოქმედება, ეს თემა სამთავრობო მოლაპარაკების საფუძველი ხდება. თუ ჩვენმა მხარემ თვალები დახუჭა 15-კაციანი თურქული სპეცრაზმის მოქმედებაზე, ან თუნდაც აზრებაიჯანის სპეცსამსახურების ქმედებაზე, მაშინ ჩნდება კითხვა – სანაცვლოდ რა მივიღეთ?

ანუ, ამ შემთხვევაში, კარგი გაგებით, მოთხოვნა უნდა ყოფილიყო – ჩვენი ეროვნული ინეტერსების დაცვა. თურქეთს დიდი გავლენა აქვს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე, აფხაზები შეხვედრებს აწარმოებენ მერებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, გაცხოველებული ვაჭრობა მიდის და ამაზე ჩვენი ხელისუფლება დუმს და თუ ამის საპირწონედ დადგა კონკრეტული მოთხოვნები, კარგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდია.

სამწუხაროდ, როგორც თურქეთის, ასევე რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის სპეცსამსახურები წლებია აქტიურად მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორაზე, მაგრამ მათ წინააღმდეგ ეფექტური ღონისძიების გატარება არ ხდება“, – აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.

რაც შეეხება ერდოღანი–გიულენის დაპირისირებას და ამ მოტივით თურქული სასწავლებლებისთვის შექმნილ პრობლემებს როგორც საქართველოში, ასე ევროპაში, ბესიკ ალადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევაში ამ სასწავლებლებს ქართული ჟღერადობა აქვს. მაგრამ ამბობს, რომ შესასწავლია საკითხი სასწავლებლებში შიგნით რა დონეზეა დაცული საქართველოს ეროვნული ინტერესები.

„შესასწვალია, რამდენად პროქართული, ან პროთქული სწავლება მიმდინარეობს. რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, მას მოუწევს ლავირება, ვინაიდან ერდოღანი ჩამოყალიბდა ავტორიტარულ ლიდერად. ჩემი პროგნოზით, ერდოღანის ხელისუფლება და პირადად ერდოღანის მმართველობა მალე დამთავრდება, ვინაიდან ასეთი ავტორიტარული სისტემა დიდხანს ვერ გაძლებს.

რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ასეთი დაძაბულობა. თურქეთს მშვენივრად შეუძლია ამ დაძაბულობის საქართველოს ტერიტორაზე გადმოტანა ე.წ. მეხუთე კოლონის დახმარებით, რომელიც საკმაოდ მომძლავრებულია ბათუმში, ქობულეში და ფაქტობრივად, გათამამებული არიან ჩვენი სპეცსასამხურებისგან. თავისუფლად მუშაობენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები, თუნდაც რუსეთის.

ეს, რა თქმა უნდა, საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის.

გამოდის, რომ აზერბაიჯანიც იგივე სცენარით მოქმედებდა, როგორც თურქეთი. გამოუშვეს თავისი ხალხი, მოხდა ჟურნალისტის დაკავება და გადაიყვანეს საზღვარზე. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, ეს იქნება ძალიან დიდი სკანდალი და შეურაცხყოფა ჩვენი ხელიუფლების“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.

ექსპერტი, უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, მამუკა ნებიერიძე განმარტავს, რომ თუ თურქეთის სპეცსამსახურების მოქმედება ოფიციალური მხარე ჰქონდა, ეს პრობლემა არ არის. მისი თქმით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია რა მოლაპარაკება იყო.

„კონკრეტულ ქვეყანასთან ფორმდება ხელშეკრულება უსაფრთხოების კუთხით. ზოგადად, ერთი რამ შეიძლება ითქვას - ჩვენს ტერიტორაზე სხვა ქვეყანამ არ უნდა ჩაატაროს სპეცოპერაცია. უნდა გაიმიჯონს ეს იყო დაკავება თუ დახმარება - თუ ეს არის ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობს კონკრეტული პირის მოძიებას, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ინფორმაციაში წერია მონიტორინგი და არა დაკავება, ანუ ეს არის დახმარება. ამიტომ, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ. ურთიერთდახმარების ჩარჩო იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ არა სპეცოპერაციის ჩატარებას“, – ამბობს მამუკა ნებიერიძე.

მისივე თქმით, სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახური არ უნდა მუშაობდნენ. საქართველს აქვს კონტრდაზვერვითი სამსახური, რომლის მოვალეობაა გამოავლინოს და დაატოვებინოს მათ ქვეყანა.

„არის ქვეყნები, კერძოდ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, რომლებთანაც იდება გარკვეული სახის ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ საქმის კურსში, რას აკეთებენ ისინი. ანუ, ჩვენი კონტროლის გარეშე, არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურმა არ უნდა იმუშაოს. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხდება გადაწყვეტილებას მიღება. ზოგი გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის დონეზე, ზოგ პრემიერ-მინისტრის დონეზე, მაგრამ არის გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტის თანხმობა სჭირდება. ზოგადად, ჩვენს ტერიტორაზე არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახური არ უნდა მუშაობდეს, ამისთვის არსებობს კონტრდაზვერვა – გამოავლინოს ეს ფაქტები, დააკავოს ისინი და დაატოვებინოს ქვეყანა“, – განაცხადა for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ სახელმწიფოთა შორის თანასწორუფლებიანი თანამშრომლობის კუთხით, მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორაზე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მოქმედება. ცინცაძის განცხდებით, პირველი მსოფლიო ომის დაწყების ოფიციალური მიზეზი იყო სარაევოს გასროლა, როდესაც გავრილო პრნცმა მოკლა ფარაც ფერდინადი და მისი მეუღლე.

„მაშინ ავსტრიამ სერბეთს წაუყენა ულტიმატუმი. რუსეთის თხოვნით ულტიმატუმის ყველა პუნქტი დააკმაყოფილა სერბეთმა, რადგან რუსეთს არ უნდოდა ომის დაწყება, მზად არ იყო საომრად. 19 პუნქტიდან ყველა დააკამყოფილა, გარდა ერთი პუნქტისა, კერძოდ, ავსტრიის გამომძიებლები უნდა ჩასულიყვნენ სერბეთში და იქ ეწარმოებინათ ძიება.

აი, ამ ერთიციცქნა სერბეთმა, რომელმაც იცოდა, რომ რუსეთი ვერ დაეხმარეობა, თავისი ეროვნული ღირსება უფრო მაღლა დააყენა, ვიდრე მოსალოდნელი საშიშროებები და უარი უთხრა ვენას და ამის გამო, ვენამ გამოუცხადა ომი.

მართლაც შეურაცხმყოფელი და დამამცირებელია, რომ შენს ქვეყანაში ჩამოდის უცხოელი სპეცსამსახური და იწყებს მოქმედებას. პრაქტიკაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც ძლიერი სახელმწიფო თავის სუსტ მეზობელზე ასეთ ზეგავნელას ახდენს. ძალა აღმართსა ხნავს, აი, ეს შემთხვევაა“, – ამბობს სოსო ცინცაძე.

კითხვაზე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ქვეყანის იმიჯზე უცხო ქვეყნის სპესამსახურების მოქმედებამ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს არ არის საჩუქარი, ეს არის ცინიზმი.

„უარი რომ უთხრა, ის უარესია. ალტერნატივა რა გაქვს? უთხარი უარი და რა მოჰყვება მერე ამას? შენ მზად ხარ იმ შედეგებისთვის, რაც უარს მოჰყვება? როდესაც ამბობენ, რომ აი, კახა კალაძემ რატომ მოაწერა ხელი იმ ხელშეკრულებას, რატომ გადასცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და ა.შ. ავიწყდებათ, რომ პოლიტიკა ცინიზმია. ჩვენ ვართ ღარიბი სუსტი ქვეყანა, არაეფექტური მმართველობით. 20–ე საუკუნის მიჯნაზე მყოფი კლასიკური აღმოსავლური ქვეყანა ვართ.

ამიტომ, ნუ გიკვირთ თურქი გამომძიებლები რომ ძიებას საქართველოში ატარებენ. ერთია ღრუბლებში ფრენა და მეორეა, როდესაც ტანკში ზიხარ და პასუხს არაფერზე არ აგებ. არც იმაზე სამი და ოთხი თვის მერე პენსიები დაარიგო, საფიქრელი არ გაქვს იმაზე, რომ შეიძლება პური გაქრეს, ასეთ შემთხვევაში ადვილია მაღალი ტრიბუნიდან მონტე კრისტოს კეთილშობილების მანტია მოისხა, მაგრამ რეალური ცხოვრებაში ძნელია“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.