„მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ მისი ოფიციალურად წარდგენის შემდეგ. კალაძე დარწმუნებულია, რომ „თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს“.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გუნდს, პარტიის თავმჯდომარეს გიორგი კვირკაშვილს ამ ნდობისთვის. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული თუ რამდენად საპასუხისმგებლოა იყო ჩვენი დედაქალაქის - თბილისის მერი. მე კარგად მაქვს გააზრებული ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოვადგენთ ხედვებს, მიზნებს, თუ რა იქნება და რა გაკეთდება ჩვენს დედაქალაქში მომავალში. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა მხარდაჭერისთვის თითოეულ თბილისელს და დარწმუნებული ვარ, იმაში, რომ თბილისი აუცილებლად გაიმარჯვებს“, – განაცხადა კალაძემ.
„კახა კალაძე არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება“, - მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე.
„ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი გუნდის საუკეთესო წევრი თბილისის მერობის კანდიდატად - კახა კალაძე. ის არის ადამიანი, რომელიც გამარჯვებასთან, წარმატებასთან და თანამედროვე მენეჯმენტთან ასოცირდება. ის იყო საუკეთესო ენერგეტიკის სფეროში, ფეხბურთში და საუკეთესო ჩვენს გუნდში. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მისი ხელმძღვანელობით გახდება კიდევ უფრო დინამიური და კიდევ უფრო წარმატებული ქალაქი. თითოეული მოქალაქისთვის საჭირო პროექტები განხორციელდება და ის შეძლებს, რომ თბილისს გაუწიოს არა მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ კარგი მენჯმენტი, არამედ თბილისი განავითაროს როგორც ბრენდი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა აღნიშნა, კახა კალაძე წარმატებული იყო თავისი ცხოვრების ყველა ეტაზე, ყველა სფეროში - წარმატებულია პოლიტიკაში, წარმატებული იყო როგორც მენეჯერი ენერგეტიკაში, წარმატებული იყო როგორც ფეხბურთელი.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის მუდამ იდგა სიმართლის მხარეს. იმ დროს, როგორც სპორტსმენი იყო დიდების ზენიტში, მაშინდელ ხელისუფლებას ერთი სული ჰქონდა, რომ მასთან ემეგობრა კახა კალაძეს, კალაძე წავიდა ოპოზიციაში, დადგა სიმართლის და დაჩაგრული ხალხის მხარეს. დღესაც ის დგას ქართველ ხალხთან და ის აუცილებლად გაიმარჯვებს და კიდევ ბევრ ნაბიჯს გადადგამს წარმატებისკენ“, - განაცხადა სუბარმა.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„კახი კალაძე არის უალტერნატივო კანდიდატურა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს ძალიან პატიოსან ბრძოლაში და ეს გამარჯვება იქნება თითოეული თბილისელის იმედების ასრულება. ეს იქნება ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, განუმეორებელი დედაქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღე. ამაში ეჭვი ერთი წამითაც კი არ მეპარება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, გამარჯვების შემთხვევაში კალაძეს დიდი გეგმები აქვს - პროექტები, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს, ყველა თბილისელის საჭიროებასა და სურვილზე იქნება მორგებული.
როგორც კალაძემ მერობის კანდიდატად წარდგენისას განაცხადა, გუნდთან ერთად იღებს ვალდებულებას, რომ იმუშაოს, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტული უბნებისა და თითოეული თბილისელისთვის.
„ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მთავარი ღირებულება იყო და არის ადამიანი - მთელი თავისი პრობლემებით, განცდებით და მომავლის იმედით - გამარჯვების სურვილით. ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გაგაცნობთ იმ პროექტებს და მიზნებს, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომავალში, რომლებიც მთლიანად თქვენს მოთხოვნებზე, სურვილებზე თუ საჭიროებებზე არის ორიენტირებული და მორგებული. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას: ვიმუშაოთ, როგორც მთლიანად ქალაქისთვის, ისე კონკრეტულად ყველა უბნისთვის და პერსონალურად თითოეული თბილისელისთვის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ასაკის და სქესის, იდენტობის, შესაძლებლობების, ეროვნების თუ სარწმუნოების მიუხედავად ყველა თავს გრძნობდეს ამ დიდი ტრადიციების მქონე ქალაქის ორგანულ ნაწილად.
ჩვენთან ტოლერანტობა ყოველთვის იყო აყვანილი სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში და საქართველო ისტორიულად გამოირჩეოდა ამ უნიკალურობით. ჩემი მიზანი და ვალდებულებაა, თბილისი ავაშენოთ ისე, რომ ქალაქის წარსული, აწმყო და მომავალი, ტრადიციები და სიახლეები ჰარმონიულად ერწყმოდეს ერთმანეთს. თბილისი ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების ქალაქია, ჩვენი გამარჯვება ეკუთვნით მათ! მოწესრიგებული სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია - ჩვენი გამარჯვება იქნება. ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია- კონსერვაცია, მშენებლობის ხარისხის და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა - ჩვენი გამარჯვება იქნება! თბილისს თავისი უნიკალური იერსახე, საუკუნოვანი ხიბლი დაუბრუნდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.