საქართველოში სასწორების ერთადერთი დანიშნულება ის არის, რომ ზუსტი წონა არ აჩვენოს და მომხმარებელი სერიოზულად დააზარალოს. 90-იანი წლების შემდეგ ჩვენს ბაზრობებზე გამოსული გადამყიდველები ურცხვად იტყუებიან და პატიოსანი გლეხის აღმოჩენა მთელ ბაზარში ურთულესია.
საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ თბილისისა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასწორების თემა უმწვავესია და ჩვენი ხალხის სოციალურ ყოფას კიდევ უფრო ამძიმებს.
მისი დაკვირვებით, არა მარტო ბაზრობებსა და გარე ვაჭრობის ადგილებში იტყუებიან, არამედ მარკეტებშიც, მათ შორის, სერიოზული ბრენდის სუპერმარკეტებშიც ატყუებენ მომხმარებელს. თუმცა გარე ვაჭრობასთან შედარებით, სუპერმარკეტებში გაცილებით უფრო ცოტას, კილოგრამზე მხოლოდ 20 გრამს იპარავენ. ერთი შეხედვით, ეს დანაკარგი უმნიშვნელოა, მაგრამ ტონობით პროდუქტს როცა ყიდულობთ, მოპარული გრამები უმნიშვნელოდ აღარ მოგეჩვენებათ. ჩვეულებრივ ბაზრებში კი კილოგრამზე ას გრამს მაინც იპარავენ.
„წვრილ ვაჭრებთან, ანუ ე.წ. ბაზრებში ასეთი რამ რომ ხდება, ეს არავის უკვირს, მაგრამ, სამწუხაროა, რომ იგივე ხდება მარკეტებში. უბრალოდ, სხვადასხვა დოზით გვატყუებენ. ერთდროულად ათ სხვადასხვა მარკეტსა და ბაზარში ეტალონური სასწორებით აღჭურვილი ადამიანი რომ გავუშვათ, ნათელ სურათს მივიღებთ.
ევროპის ზოგიერთ ქვეყანას გავუსწარით იმით, რომ ჩვენთან ძვირი ღირს პროდუქცია. ამ დროს ჩვენ ევროკავშირში მივისწრაფით, საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ჩვენი მიზანი ევროკავშირში შესვლააო, მაგრამ ასეთი პარამეტრებით ევროკავშირს არ ვუახლოვდებით. ჩვენ ვშორდებით წესრიგსა და წესს. ყველა სასწორი „დაყენებულია“. ყველა ადამიანს ხომ არ შეუძლია, თვალდახუჭულად იყიდოს საუკეთესო. ზოგი ფიქრობს, იაფად ვიყიდიო და ამ დროს მოტყუებული რჩება წონაშიც, ხარისხშიც. საბოლოოდ ეს აკუმულირებას ჰპოვებს დიდებისა და ბავშვების ჯანმრთელობაზე. ამას ემატება არასრულფასოვანი საკვებიც“, - აღნიშნა თემურ ვეკუამ.
მისივე განმარტებით, ცალკე თემაა კვებითი პროდუქტების დაბინძურება და ფალსიფიკაცია. ჩვენთან შემოტანილი პროდუქტების 90% ფალსიფიცირებულია. ეს პირდაპირ ჯანმრთელობას უკავშირდება, რადგან ჩვენთან შემოდის პროდუქტები ე.წ. მესამე ქვეყნებისთვის. გაჭირვებულ ხალხს კი, რომელიც ლარებს ითვლის, მონსტრი კომპანიები მასობრივად ატყუებენ.
მომხმარებელთა უფლების დამცველი მადონა კოიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გარე ვაჭრობაზე მას აჩუქეს სასწორი, სადაც 10-კილოგრამიანი ციფერბლატი იყო ამოღებული და მის მაგივრად დამონტაჟებული იყო 12-კილოიანი ციფერბლატი, ანუ მომხმარებელი მნიშვნელოვნად ტყუვდებოდა. მისივე თქმით, ქუჩაში რეალიზატორის იდენტიფიცირება შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ის მითი, რომ გარე ვაჭრობა უფრო იაფია, იმსხვრევა და მომხმარებელი ხარისხშიც, უვნებლობასა და წონაშიც მოტყუებულია.
„ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობდა 2005 წლამდე, ვიდრე სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახური ფუნქციონირებდა. საკონტროლო სასწორები აბსოლუტურად ყველა ბაზარში იყო დამონტაჟებული. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი პროდუქტს შეიძენდა, ეჭვის შემთხვევაში, გააკონტროლებდა წონას. ახლა კი მოტყუებული მომხმარებელი შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. სხვათა შორის, წონის სიზუსტის დარღვევა დაფასოებულ პროდუქციაშიც შეინიშნება. ხშირ შემთხვევაში, დაფასოებულ ქართულ პროდუქციას აკლია წონა და ეტიკეტზე დეკლარირებული ინფორმაციაც არ შეესაბამება სინამდვილეს. რაც შეეხება სუპერმარკეტებს, რამდენად არიან ისინი პირნათელნი მომხმარებლის წინაშე, ამას ვერ გეტყვით, რადგან საამისო კვლევა არ ჩამიტარებია. ჩვენი კვლევა თბილისისა და საქართველოს გარე ვაჭრობებს შეეხებოდა. განსაკუთრებული პრობლემები შეინიშნება ძვირიან პროდუქციასთან დაკავშირებით, როგორიცაა ყველი, ხორცი. არც ერთი სამსახური არ აკონტროლებს გარე ბაზრობებზე სასწორების მდგომარეობას“,-აცხადებს მადონა კოიძე და სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად საკონტროლო სასწორების დადგმას ხედავს.
მისივე თქმით, საკონტროლო სასწორები სწორად უნდა დამონტაჟდეს და თუნდაც მომხმარებელმა ამ მომსახურებისთვის ათი თეთრი გადაიხადოს, ეს ბაზრისათვისაც მომგებიანი იქნება და თავად მომხმარებლისთვისაც, რომელიც სახლში ზუსტი წონის პროდუქციას მაინც წაიღებს.
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი ვახტანგ კობალაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ გამოსავალი ყველა მდგომარეობიდან არსებობს და, ცხადია, სასწორების თემაც არ არის გამონაკლისი.
„არავინ ამოწმებს, ეს სასწორები რამდენად სწორ მონაცემებს აჩვენებს, საამისოდ სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო არ არსებობს. ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მომხმარებელს საკუთარი ძალებით ყოველთვის გაუჭირდება ყოველ ჯერზე სასწორის შემოწმება. ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა, მეტროლოგიის ინსტიტუტი არსებობს და ის ახდენს სასწორების დაკალიბრებას. დაკალიბრება ნიშნავს, რომ რაღაც პერიოდულობით შესაბამისი სამსახური დაადასტურებს, კონკრეტული სასწორი აჩვენებს თუ არა ზუსტ წონას. აქ საუბარია იმ სასწორებზე, რომლებიც გამოიყენება საწარმოებში, თორემ წვრილმა მოვაჭრემ სახლიდან როგორი სასწორი გამოიტანა, ამას აღნიშნული უწყება არ ამოწმებს“.