ჯანი ბუკიკიო მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადებით იმედგაცრუებულია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი თვლის, რომ ეს პროცესი იყო ძალზე პროგრესული, რადგან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება შეთანხმებული იყვნენ, რომ წინ წასულიყვნენ. მისი თქმით, ახლა, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედი აქვს, რომ პოლიტიკურ ძალა იპოვის კარგ და კომპრომისულ გადაწყვეტილებას.
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენონ. დეპუტატი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, მაჟორიტარები პროპორციულ სისტემას მხოლოდ ბონუსური სისტემის გათვალისწინებით დათანხმდნენ.
„ჩვენ მრავალჯერ განვაცხადეთ, რომ მაჟორიტარული და შერეული, ისევე, როგორც პროპორციული სისტემა არის აბსოლუტურად დემოკრატიული და ლეგიტიმური და ამაზე ბევრს აღარ ვისაუბრებთ. დღეს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ითხოვს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
ჩვენ, მაჟორიტარები მზად აღმოვჩნდით კომპრომისისთვის, კონკრეტულად, დავთანხმდით პროპორციულ არჩევნებს ბონუსური სისტემის გათვალისწინებით. ასეთი სისტემა არ არის სრულყოფილი, მაგრამ ამცირებს მყიფე და არამდგრადი ცენტრალური ხელისუფლების შექმნის შესაძლებლობებს. რადგან საქმე ეხება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ამ საკითხში, კონსენსუსის მთავარი მხარე ვართ ჩვენ - პოლიტიკოსები, ვინც მაჟორიტარული არჩევნების მომხრეა, მათ შორის, მოქმედი მაჟორიტარებიც და რაც მთავარია, ჩვენი ამომრჩეველი“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
მისივე თქმით, 2016 წელს მაჟორიტარებმა მოიპოვეს 826 000 ხმა და სწორედ ამიტომ წარმოადგენენ კონსენსუსის მთავარ მხარეს. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აცხადებს, ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებიც ადასტურებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას ემხრობა გამოკითხული მოსახლეობის 47%, ხოლო გაუქმებას - მხოლოდ 28%. გარდა ამისა, განცხადებაში კახა ოქრიაშვილს მაგალითის სახით მოლდოვა მოჰყავს, რომელიც 2006 წელს, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.
„ამ ცვლილებების შედეგად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ყალიბდებოდა მყიფე, სუსტი კოალიციური ცენტრალური ხელისუფლებები, რასაც თან ერთვოდა პოლიტიკური სკანდალები და კრიზისები მმართველ კოალიციაში. ამ პროცესებმა მოლდოვაში გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური სტაგნაცია და მოსახლეობის უკიდურესი სიდუხჭირე.
შედეგად, საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში გაჩნდა ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნილება და დღეს, მოლდოვა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემიდან შერეულ, პროპორციულ - მაჟორიტარულ სისტემაზე გადადის - სწორედ ისეთზე, როგორიც საქართველოში ფუნქციონირებს.
მიუხედავად ამისა, ჩვენ, მაჟორიტარები მაინც წავედით კომპრომისზე, რათა საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. თუმცა სამწუხაროდ, პოლიტიკური პროცესის სხვა მონაწილეები არ აღმოჩნდნენ მზად კომპრომისებისთვის, ხოლო მხოლოდ მაჟორიტარების ძალისხმევა არ იყო საკმარისი“, - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის პრეზიდენტის პასუხია, რომ კომპრომისზე ყველამ უნდა იზრუნოს. მისი თქმით, კახა ოქრიაშვილი საკმაოდ მნიშვნელოვანი ჯგუფის სახელით საუბრობს.
„კომპრომისისთვის ყოველთვის მზად არის ის ჯგუფი, რომელსაც მიაჩნდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა დარჩეს მაჟორიტარული სისტემა. ასევე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს დღევანდელი განცხადებები არის მკვეთრი პასუხი იმ ინტერპრეტაციებზე, რომელსაც მიმართავდა ჩვენი ოპოზიცია, როცა ოპონენტები ამბობდნენ, რომ მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა კომპრომისისკენ სვლა. ბუკიკიოს პასუხი იყო, რომ კომპრომისზე და პოზიციების დაახლოვებაზე ყველამ უნდა იზრუნოს“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება კახა ოქრიაშვილის განცხადებას, რომ პოლიტიკოსებმა ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ, დეპუტატის საპასუხოდ კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ოქრიაშვილისთვის პარტიული ინტერესები არ არსებობს, იყო „ნაციონალური მოძრაობაში“, დღეს არის „ქართულ ოცნებაში“, ხვალ იმ ხელისუფლების გამხმოვანებელი და მხარდამჭერი იქნება, ვინც მოვა ხელისუფლებაში.
„კი ბატონო, ვიწრო პარტიული ინტერესებია, რომელშიდაც ბატონი ოქრიაშვილი ვერ ეტევა. საქართველოში მაჟორიტარების 99% ყოველთვის იყო ხელისუფლების მხარდმაჭერი. არასდროს არ უჭირდათ ერთი ბანაკიდან, მეორეში გადაბარგება. ანეგდოტური სიტუაცია იყო 2004 წელს, ვგულისხმობ კონსტიტუციის პირველ შესწორებას, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა შევარდნაძის მიერ ინიცირებული კანონი დაიწუნეს, როცა ოპოზიციაში იყო, მაგრამ 2004 წელს განხილვის გარეშე მიიღეს.
ძალიან მარტივია, „ქართულ ოცნებას“ რომ ეთქვა, კი ბატონო, დარჩება ეს სისტემა რადგან თქვენ არ უჭერთ მხარს, მაგრამ ის, ვინც მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, „ქართული ოცნებიდან“ არ იქნება მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილიო, აი მაშინ გენახათ დაუჭერდნენ თუ არა მხარს. ძალიან მარტივია, საქართველოა, ყველამ ყველაფერი ვიცით“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
მისი თქმით, მაჟორიტარებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ მაჟორიტარობა, თუ ისინი დასახელებული იქნებიან მმართველი გუნდიდან.
„ოდესმე, რომელიმე მაჟორიტარი აი, ამ გუნდიდან, ვინც დღეს „ოცნებაშია“ და გუშინ „ნაციონალებში“ იყო, ოპოზიციური ფლანგიდან გასულა როგორც მაჟორიტარი და მოუგია ოპოზიციური მაჟორიტარული ოლქი? - არა. არ მაქვს პრობლემა ადამიანთან, რომელსაც გულწრფელად სჯერა რაღაცა, მაგრამ როდესაც ცდილობს მე დამაჯეროს, რომ ვითომ ქვეყანაზე ფიქრობს, ასეთ შემთხვევაში მიჩნდება პროტესტის გრძნობა“, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარებთან დაპირისპირება უფრო მძიმე პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა, ვიდრე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული იმედგაცრუებაა.
„მაჟორიტარებთან დაპირისპირება გაცილებით მძიმე პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა, ვიდრე ახლა ბუკიკიოს იმედგაცრუებაა. მაჟორიტარები არიან პრაგმატულები, პარტიული ნიშა მათ არ აინტერესებთ - თანაც მხარდამჭერებიც ჰყავთ საქართველოში. ასე რომ, მაჟორიტარებთან დაპირისპირება გაცილებით მძიმე პოლიტიკურ რეალობას შექმნიდა, ვიდრე ახლა ბუკიკიოს იმედგაცრუებაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.