კახა კალაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

კახა კალაძის წარდგენას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს, კახი კალაძეს დღეს წარადგენს. 12:00 საათზე პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომის დასრულების შემდეგ, მერობის კანდიდატს თავად პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.

უკვე ცნობილია, რომ კახა კალაძის წარდგენას არ დაესწრება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ივანიშვილის ფაქტორი ყოველთვის მოქმედებს კანდიდატის სასარგებლოდ. მისი თქმით, ის არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა პიროვნული მართვის სტილიდან, დემოკრატიული მმართველობის სტილისაკენ შემოაბრუნა და მნიშვნელოვან გზაზე დააყენა.

მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კახი კალაძე, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდია, თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ კალაძე გახდება თბილისის მერი.

„კახი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძლიერი ფორვარდი და რა თქმა უნდა, მისი განხილვა ამ პოზიციაზე არის ძალიან რეალური. მას აქვს დიდი შანსები და მას აქვს დიდი შესაძლებლობები, რომ იყოს წარმატებული მერი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართულ ოცნებაში“ მეორე ტურს არ ელოდებიან. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ სახელისუფლებო კანდიდატი მერის არჩევნებში გამარჯვებას პირველივე ტურში შეძლებს.

„კალაძე კარგი მეურნეა და მისი თვისებები სრულად შეესაბამება იმ ამოცანებს, რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას. მეორე ტურს არ ველოდები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ კახი კალაძე პირველი ტურში გაიმარჯვებს“, - აცხადებს გია ვოლსკი.

თბილისის მერობის ორი კანდიდატი უკვე ოფიციალურად წარადგინეს, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ - ზალიკო უდუმაშვილი და „ევროპული საქართველოდან“ - ელენე ხოშტარია. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, კოალიცია „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ მერის კანდიდატად საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს წარადგენენ. საკუთარი კანდიდატი ეყოლება ნინო ბურჯანაძეს. რაც შეეხება დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობას“ არსებული ინფორმაციით პარტიის მერობის კანდიდატი კახა შარტავა იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კონკურენტის შანსებს არ აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ამ არჩევნებში მთავარი კონკურენტი ხელისუფლების კანდიდატი იქნება. ასე არ ფიქრობს გიგი უგულავა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ყველაზე დიდი შანსი, თბილისის მერის არჩევნებზე მიიღონ პარტიებისგან დამოუკიდებელი ხმები აქვთ, ელენე ხოშტარიას და ალეკო ელისაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ მერის არჩევნები საკმაოდ რთული და ამასთანავე უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება. კონსტიტუციონალისტის განმარტებით, ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ და მისი კანდიდატი იქნება ფავორიტი, თუნდაც იმიტომ, რომ მათ გააჩნიათ როგორც სახელისუფლებო მექანიზმები, ასევე არ უჩივიან ფინანსურ რესურს.

„არა მარტო კალაძე, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ყველა რაიონს „ქართული ოცნება“ მოიგებს. ალბათობა იმისა, რომ რომელიმე რაიონი წააგოს, თითქმის ნულის ტოლია. არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ უფრო მეტი რეიტინგი აქვს, ვიდრე 2012 წელს - არა. იმიტომ, რომ ოპოზიცია არის განულებული. ეს არის რეალობა. ამიტომ, მმართველი პარტია ყველა რეგიონს მოიგებს და მათ შორის თბილისშიც“, - აცხადებს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში საკითხავია, შეძლებს კი, ოპოზიცია მეორე ტურში ითამაშოს, რადგან, ტრადიციულად, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლის ძალიან ცოტა რაოდენობა ცხადდება.

„ადგილობრივ არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობა ყოველთვის იყო მინიმალური. ამიტომ მგონია, რომ ძალიან ბევრგან იქნება მეორე ტური, მათ შორის თბილისშიც, მაგრამ ვინ იქნება კალაძის კონკურენტი, არ ვიცი. იმ შემთხვევაში თუკი, მმართველი ძალა შეძლებს ამომრჩევლის ორგანიზებას, რომ მივიდეს არჩევნებზე, მაშინ არ გამოვრიცხავ პირველ ტურში გაიმარჯვოს კალაძემ, მაგრამ როგორც გითხარით, მოსახლეობაში არის ნიჰილიზმი, ამიტომ, მოსალოდნელია მეორე ტური“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.