საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასა და უკანონო შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებს. თანაც, ირწმუნება, რომ ამის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ფლობდა. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს საჭირო დროს, საჭირო საათს აწვდიან ინფორმაციებს პეტრო პოროშენკოს „არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული“ საქმიანობის შესახებ, როგორადაც იგი მოიხსენიებს თავისი ოპონენტის საქმიანობას აფხაზეთში.
არავინ იცის, რას საქმიანობდა პეტრო პოროშენკო რუსეთისგან ოკუპირებულ ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ სააკაშვილი საკუთარ თოქ-შოუში აცხადებს, რომ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
„პეტრო პოროშენკო-უკრაინის პრეზიდენტი, 2010 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრი, 2010 წლის შემდეგ კი ეკონომიკის მინისტრი და, ამავდროულად, ქარხანა „ბოგდანის“ მფლობელი იყო. ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთმა ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. რუსეთი დარბოდა ამ დროს მსოფლიოში და ცდილობდა, ვინმეს ეღიარებინა ეს ტერიტორიები. უკრაინასთან ჩვენ მაშინ რთული ურთიერთობა გვქონდა, რადგან უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. იანუკოვიჩი არ გამორიცხავდა, რომ უკრაინას შესაძლოა, ეღიარებინა ეს ორი ტერიტორია. ეჭვი მქონდა, რომ გარდა რუსეთის გავლენისა, არსებობდა რაღაც კომერციული ინტერესები. ახლახანს მივიღე ეს ინფორმაცია, რაც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია“, - აცხადებს სააკაშვილი და პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბოგდანს“ 2010-14 წლებში აფხაზეთში უკანონო ექსპორტის განხორციელებაში ადანაშაულებს. სააკაშვილი მოელის, რომ პოროშენკო უკანონო ვაჭრობის შესახებ განმარტებას გააკეთებს: - „მოვითხოვ, პოროშენკომ პასუხი გასცეს ამას“.
სანამ პოროშენკო სააკაშვილის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, საინტერესოა, მართლაც იყო თუ არა პეტრო პოროშენკო ჩართული აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობაში?!
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ 2010 წელი ეს იყო იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდი. იმხანად პეტრო პოროშენკოს ჰქონდა თავისი ბიზნესაქტიობები რუსეთის ფედერაციაში. თუმცა საეჭვოა, პოროშენკო აფხაზეთის მიმართულებით დაინტერესებულიყო. შესაძლოა, უკრაინიდან ცალკეული პროდუქცია გასულიყო აფხაზეთში, მაგრამ ეს არ იქნებოდა უშუალოდ პოროშენკოს ჩართულობით გამოწვეული. მით უმეტეს, რომ პოროშენკო თავის დროზე პროდასავლური ტიპის პოლიტიკოსად ითვლებოდა და ის არ გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა ქართულ მხარესთან.
„მიხეილ სააკაშვილი ავანტიურისტია, ენას ძვალი არ აქვს და მას შეუძლია, აბსურდული, ფანტასტიკური სცენარები დააბრალოს ადამიანებს. ის არის პოლიტიკური ბარონ მიუნჰაუზენი, რომელიც საიდან იგონებს ახალ-ახალ მისთვის შესაფერის ისტორიებს, არავინ იცის. მის ავადმყოფ გონებას საიდან წარმოესახება ეს ისტორიები, ესეც უცნობია.
აჯობებს, სააკაშვილმა საკუთარ თავს მიხედოს, უკანონო იარაღის ბიზნესისა და სხვა უკანონო აქტიობების კუთხით, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში ხორციელდებოდა. სწორედ ვიქტორ ბუტის კომპანიასთან იყო მიერთებული და იარაღის უკანონო ბიზნესს აწარმოებდა უგანდისა და სხვა აფრიკული ქვეყნების მიმართულებით. ასევე, მის დროს ხდებოდა სხვა არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება. თუკი პოროშენკო რაღაცას საქმიანობდა აფხაზეთში, მაშინ ეს ინფორმაცია იმთავითვე უნდა სცოდნოდა სააკაშვილს.
უბრალოდ, პოროშენკო ახლა მიხვდა, ვინც იყო სააკაშვილი და რა „რეფორმატორიც“ იყო. ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტმა სწორად გათვალა, რომ სააკაშვილი მოსკოვის ხელით იმართებოდა, რის გონივრულ ეჭვსაც აძლიერებს თუნდაც იმავე სააკაშვილის კონტაქტები რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებთან. ეს კავშირები გამოავლინა ლაფანყურის სპეცოპერაციამ და ამ სპეცოპერაციის შემდეგ დაწყებულმა გამოძიებამ ავსტრიის პროკურატურაში. ასევე, ავსტრიის კონტრდაზვერვის სამსახურმა, რომელმაც გამოიძია ლაფანყურის საქმე, რომელიც ავსტრიის სასამართლოში ამჟამად იხილება“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისივე ინფორმაციით, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე გამოვლენილია სპეცოპერაციის ორი მოქმედი დამნაშავე - ვინმე იბრაგიმოვი და ახმედ ჩატაევი. ბრალდებული იბრაგიმოვი უკვე პირდაპირ აცხადებს, რომ ის იყო რუსეთის სპეცსამსახურის აგენტი და სპეციალურად ახორციელებდა ხაფანგის დაგებას ჩეჩენი მებრძოლებისთვის. ეს სპეცოპერაცია ხორციელდებოდა ვანო მერაბიშვილის ჩართულობით. ვახტანგ მაისაია განმარტავს, რომ, ასევე, გამოვლენილია ამ ჯგუფის კიდევ ერთი მონაწილე, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი ალი დაბუევი, ე.წ. ზოონი. ეს პიროვნება ჯერ კიდევ 2012 წლის სექტემბერში გამოვლინდა, როგორც რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, ქილერი. იგი ასრულებდა სპეცდავალებას „გრუ“-ს ხაზით.
„სხვათა შორის, ის დაპატიმრებულიც იყო, თურქეთის კონტრდაზვერვამ მას ბრალი წაუყენა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა და უცებ, 2016 წელს დაბუევი აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიაზე. ესეც საინტერესოა, სამუდამო პატიმრობამისჯილი პირი როგორ აღმოჩნდა უკრაინაში და რამდენად არის აქ სააკაშვილის ჩართულობა? ეს ფაქტი საეჭვოდ ემთხვევა თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის დათბობას. არც ის არის შემთხვევითი, რომ ალი დაბუევი უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა ქართული პასპორტით. ეს ფაქტი ჯერ არ გახმაურებულა“,- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ აფხაზეთთან მიმართებით უკანონო ვაჭრობა გამორიცხული არ არის. შესაძლოა, ასეთი რამ ხდებოდა კიდეც, მაგრამ დღეს ხომ არ არის ასეთი კავშირები პოროშენკოსა და აფხაზეთს შორის?
„არაერთი ქართული ფირმა სცოდავდა ამ კუთხით და ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთში არალეგალურად შედიოდა პროდუქცია. ზოგჯერ ბიზნესს მორალთან მწყრალი ურთიერთობა აქვს. დღეს პოროშენკო საქართველოს მომხრეა. ამიტომ ლაპარაკი წარსულზე, რომ აფხაზეთში უკანონობა ხდებოდა პოროშენკოს მიერ, მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერასა და შურისძიებას ემსახურება სააკაშვილის მხრიდან. პირადად მე არ მქონია ინფორმაცია, რომ აფხაზეთში პოროშენკო რაღაცას არალეგალურად აწარმოებდა. თუკი ასე ხდებოდა, მაშინ ბატონ მიხეილს ეს კარგად უნდა სცოდნოდა, ჩვენს დაზვერვას ეს ინფორმაცია მისთვის უნდა მიეწოდებინა და სააკაშვილსაც მაშინვე უნდა ეთქვა ამ ფაქტის შესახებ და არა ახლა“, - აღნიშნა გია გვაზავამ და ის დროც გაიხსენა, როცა სააკაშვილი რუსეთს აძაგებდა, საქართველოში რუსული სიმღერებიც იკრძალებოდა, მაგრამ მთელი რუსული კაპიტალი ჩვენს ქვეყანაში შემოედინებოდა. თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსული კაპიტალის გავლენის ქვეშ იყო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს დიმა ჯაიანს აკვირვებს, როგორ შეიძლება აფხაზეთზე ისაუბროს სააკაშვილმა, როდესაც მას ხელისუფლებაში ყოფნისას აფხაზეთისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. რეალურად, აფხაზეთში შესვლის სქემა სააკაშვილმა 50 წლით უკან დასწია.
„ახლა ახსენდება აფხაზეთი, როცა განადგურებულია და არაფერს წარმოადგენს? როგორ შეიძლება, სააკაშვილი ვინმემ ნორმალურ ადამიანად მიიჩნიოს? თქვენ იცით, რომ სააკაშვილი მართლა აფრენს? 1993 წლის მოწვევიდან მოყოლებული, პარლამენტის წევრი ვარ და კარგად მახსოვს, ზურაბ ჟვანია გაფრთხილებული იყო, მისთვის სიტყვა 12 საათამდე არ მიეცა, რადგან რაღაც წამალი უნდა დაელია და ამის შემდეგ შეეძლოთ, მიეცათ სიტყვა. ამას დაგიდასტურებთ იმ მოწვევის პარლამენტის ყველა წევრი. ერთხელაც არ მისცეს სიტყვა და საშინელებები ჩაიდინა. არ ვიცი, რა საქმიანმობას ეწეოდა პეტრო პოროშენკო აფხაზეთში, ამის შესახებ არაფერი მსმენია, მაგრამ ისე, რუსები საქართველოს ტერიტორიაზე რაც უფრო ნაკლებად შემოვლენ, მით უკეთესი იქნება. დღეს არა, ხვალ აფხაზეთის მიწა იმას დარჩება, ვისიც იყო. ღმერთის წინაშე ვინც სცოდავს, მას არასდროს გაუმარჯვია. ბუნების წინააღმდეგ ვერავინ წავა, ბუნება თავისას განაგებს. ასე რომ, აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და დღეს თუ ხვალ ყველაფერი ისე დალაგდება, როგორც ქართველ ერს სურს“-აცხადებს დიმა ჯაიანი For.ge-სთან საუბარში.