მერობის სახელისუფლებო კანდიდატი ჯერ კიდევ არ არის ოფიციალურად წარდგენილი, ოპოზიციური კანდიდატებს კი უკვე აქტიური წინასაარჩევნო კამპანია აქვთ გაჩაღებული. გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ მოცემული მომენტისთვის საქართველოსთვის მერის თანამდებობა ძალზე სერიოზული პოლიტიკური თანამდებობაა, რომელიც შემდგომ პოლიტიკურ პროცესებს მიმართულებას მისცემს, გასაგებია ოპოზიციის აქტიურობა. რა გავლენასა და ბერკეტებს მიიღებს გამარჯვებული პოლიტიკური ძალა და რა დევს სასწორზე - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
თბილისის მერობა პოლიტიკურად რამდენად არის საპირწონე იმ პოლიტიკური თანამდებობებისა რომელთა მფლობელებსაც ქვეყნის მართვის ბერკეტები აქვთ მინდობილი და რამდენად სერიოზული ბრძოლის ჩატარება მართებს მას, ვისაც დედაქალაქის მერობაზე აქვს პრეტენზია?
- ამ არჩევნების მნიშვნელობა ერთიათად იზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი კონსტიტუციით უფრო მცირდება პრეზიდენტის ინსტიტუტის მნიშვნელობა. შემდეგი პრეზიდენტი კი იქნება პირდაპირი წესით არჩეული, მაგრამ მისი ფუნქციები მინიმუმამდე იქნება დასული. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური წონის მიხედვით ახლა არჩეული მერი შეიძლება იყოს ყველაზე მსხვილი, პირდაპირი წესით არჩეული ფიგურა ქვეყანაში.
შესაბამისად ის გახდება, ალბათ, ძალზე სერიოზული მოთამაშე პოლიტიკურ ველზე?
- სერიოზული მოთამაშე, რომელსაც ირჩევს საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი. გარდა ამისა, იმ ფონზე, როდესაც პრეზიდენტის უფლებები მცირდება და ის პირდაპირი არჩევითობიდან ირიბ არჩევითობამდე დავა, თბილისის მერის წონა ერთიათად მატულობს, მით უფრო, როცა წინ გვაქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც უფრო მძიმე ბრძოლა უნდა წარიმართოს ძალაუფლების მოპოვებისთვის.
ანუ, მთელი საპარლამენტო ბატალიების დიდი ნაწილი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად გაართმევს თავს ოქტომბერში არჩეული მერი თავის მოვალეობას და რამდენად დარჩება ის „ქართული ოცნების“ ორგანულ ნაწილად.
დღევანდელი გადასახედიდან ყველაზე რეალურად ჩანს ხელისუფლების წარმომადგენლის გამარჯვება, თუ რაღაც საოცრება არ მოხდა დარჩენილ რამდენიმე თვეში. ამას განაპირობებს ის, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო და ვერ მონახა თვითგანახლების რესურსი, ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ახალი სახეების და ახალი ენერგიის შეთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
საამისოდ ხელისშემშლელი მიზეზები ოპოზიციას ყოვეთვის აქვს, ახლა რისი დასახელება შეიძლება?
- როგორც ჩანს, ოპოზიციამ ვერ შეძლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული შოკისგან გამოსვლა - ვერ მონახა არათუ განახლების, არამედ ერთმანეთთან მისასვლელი გზებიც კი. ყველაზე ბრიყვული, რაც შეეძლო გაეკეთებინა ამ ოპოზიციას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, უკვე გააკეთა - მაქსიმალურად დაქსაქსულია, მით უმეტეს, რომ ცაკლე აღებული თითოეული მათგანის მარგი ქმედების კოეფიციენტი არ არის იმდენი, რომ იბრძოლონ გამარჯვებისთვის. ის კი არადა მათი უმეტესობისთვის 5%-იანი ბარიერის გადალახვაც კი სანატრელია.
ეს ნიშნავს, რომ წინასწარ არის განწირული ყველა კანდიდატი, რაც უნდა ცნობადი და პოზიტიური სახე გამოიყვანოს ასპარეზზე ოპოზიციამ?
- ოპოზიცია რეალურად იბრძვის არა პირველი, არამედ მეორე ადგილისთვის - ბუნებრივია, ამას არავინ აღიარებს, მაგრამ ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის დღეს გამარჯვებად ითვლება მეორე ადგილი. ისინი აქცენტს აკეთებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ფიქრობენ, რომ მეორე ადგილზე გასულ პოლიტიკურ ლიდერს შეეძლება შეასრულოს ღერძის ფუნქცია - ყოველ შემთხვევაში, მეორე ოპოზიციური ძალის სტატუსს ეპოტინებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას - ეს ის რეალობაა, რომელზეც არც ერთი პარტია ღიად არ ისაუბრებს და წარმოუდგენელიც არის ეს თქვას.
ანუ ეს არის მოცემულობა, რომლის გათვალისწინებითაც შეგვიძლია, განვიხილოთ როგორ გადალაგდება ძალები კალაძის გამარჯვების შემთხვევაში - ვგულისხმობ სახელისუფლებო ძალებს, რადგან არაერთხელ თქმულა, რომ სახელისუფლებო ბერკეტებს რამდენიმე ჯგუფი ინაწილებს, ხოლო მათ შორის ერთ-ერთი კალაძეა...
- ერთადერთი საკითხი, რაც არჩევნევბთან დაკავშირებით არის ღია, ამ წუთისთვის არის ის, რომ ჩატარდება თუ არა მეორე ტური. ეს საკითხიც მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც დაიწყო საუბრები, რომ ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერთვება მხარდამჭერ კამპანიაში. ასეთ მოცემულობაში კალაძის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილის ეპოქაში ის იქნება პირველი პოლიტიკური ფიგურა, რომლის არჩევაშიც ივანიშვილის პირდაპირი მონაწილეობა არ იქნება გამოყენებული.
თუ ივანიშვილის მხრიდან ვერ ვიხილავთ ისეთ აქტიურ კამპანიას, როგორც ეს იყო საპარლამენტო არჩევნების წინ, მაშინ გამოდის, რომ კალაძის მიერ აღებული ხმები იქნება არა სხვისი, არამედ მის მიერ აღებული. თუმცა, მთლიანობაში, ივანიშვილის ფაქტორს ვერ გაექცევა ვერც კალაძე და ვერც სხვები.
არ შეიძლება, კალაძე დამოუკიდებელ მოთამაშედ განიხილებოდეს განმომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილთან ერთად ისიც არის თავის დროზე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი? გარდა ამისა, იმის მოწმენიც ვართ, რომ ღიად არავინ ერეოდა მის ენერგეტიკულ პროექტებში ან ყველაფერი ისე იყო შეთანხმებული, რომ ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ... ანუ კალაძის პოტენციალი საკმარისია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი მოთამაშის სტატუსი მოიპოვოს?
- უდავოდ აქვს, ყოველ შემთხვევაში, მმართველ ძალაში არსებული რესურსიდან ყველაზე ოპტიმალური არჩევანი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ - ეს ცალსახაა. ბიძინა ივანიშვილთან ერთად დამფუძნებელი ბევრი იყო, მაგრამ ყველა მისი კოლეგისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებაში“ კალაძემ შეძლო ამ 5 წლის მანძილზე ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური პერსპექტივების მქონე ფიგურად. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ ლიდერებს არ წყალობს - ვერ ვნახეთ ვერც ერთი მზარდი პოლიტიკური ლიდერი ამ 5 წლის მანძილზე, თუმცა, კალაძე არის გამონაკლისი.
მაგრამ ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ სხვადასხვა გუნდებია, კარგად ჩანს პარლამენტშიც და არ გამოვრიცხავ, რომ „ქართული ოცნების“ შემადგენლობის გარკვეული ნაწილი მერის რანგში კალაძისთვის იქცეს იმ ტვირთად, რომელიც მას წარსულისკენ გაქაჩავს.
ვგულისხმობ პარტიის კონსერვატიულ ნაწილს, რომელიც შეიძლება იქცეს კალაძისთვის გადაულახავ ბარიერად და ამის გამო, შესაძლოა, რაღაც მომენტში დადგეს არჩევანის წინაშე, იაროს ბოლომდე ამ ტვირთით როგორც მერმა და ამას შესწიროს საკუთარი პოლიტიკური კარიერა, ან პირიქით - გათავისუფლდეს ამ ტვირთისგან და სრულიად დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავლის შექმნა დაიწყოს. ამ არჩევანის წინაშე კალაძე ლოგიკურად დადგება.
მაგრამ არ დაგვავიწყდეს - ივანიშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ მას არ აქვს ჯვარი დაწერილი თუნდაც იმ პოლიტიკურ გუნდზე, რომელიც მან ხელისუფლებაში დატოვა 2016 წლამდე და მას შემდეგაც მისი მხარდაჭერით მოვიდა. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ, თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს პოლიტიკური გუნდი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ის თავისუფალ ცურვაში გაუშვას - ეს თეორიაა, რომელიც შეიძლება, განვიხილოთ კალაძის მერობის შემთხვევაში.
თბილისის მერობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალიან დიდი ტვირთია, რომელმაც შეიძლება, არაერთი პოლიტიკური თანამდებობა შეიწიროს ან პირიქით, ახალი პოლიტიკური შესაძლებლობები გახსნას.
რა სეგმენტს დაეყრდნობა, ვის დაიყენებს გვერდით, ამაზე ცოტა ნაადრევია ლაპარაკი, ვნახოთ, რას გვიჩვენებს პოლიტიკური პროცესები.
ერთადერთი, რაც შეშფოთების საფუძველს იძლევა, არის ის, რომ ამ ხელისუფლებამ არ გაიმეორის ნაციონალების შედეგი - ის, რაც მოხდა 2010 წლის მერობის არჩევნების დროს, როდესაც ფაქტობრივად, უკონტროლო ძალაუფლება აიღო ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და განსაკუთრებული ტერორი ზუსტად მას შემდეგ დაიწყო, მასობრივი სახე მას შემდეგ მიეცა მმართველი ძალის თავაშვებულობას. რისკი იმისა, რომ იგივე მოხდეს „ქართულ ოცნებაშიც“, არის ძალიან მაღალი. ამიტომ, გულწრფელად მინდა, რომ ოპოზიცია დიდი რაოდენობით იყოს წარმოდგენილი ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებში, მერებისა თუ გამგებლების პოსტებზე. სწორედ იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ ამ რისკისგან დააზღვიოს.
დღევანდელი დაქსაქსული ოპოზიცია არ გვაძლევს ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას და ვფიქრობ, ადგილობრივი ორგანოები დიდწილად ისევ „ქართული ოცნების“ კადრებით დაკომპლექტდება. ეს ზრდის რისკს „ქართულ ოცნებას“ გაუჩნდეს დაუსჯელობის სინდრომი, რაც პარალელურად, გაზრდის შეცდომების დაშვების ალბათობას. ამიტომ უნდა შეეცადოს ოპოზიცია საკუთარი ძალების მობილიზებას, რომ რეალური ოპონენტის გარეშე არ დატოვოს მმართველი ძალა.
თუ 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით ვირჩევთ პრეზიდენტს, გამოდის, რომ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის კიდევ ერთი ფიგურა. კულუარებში მხოლოდ ღარიბაშვილზე იყო ლაპარაკი, თუმცა ვის გამოიყვანენ ასპარეზზე, უცნობია - ამ შემთხვევაში საინტერესოა, საჭირო გახდება თუ არა მმართველი პოლიტიკური ძალების ერთმანეთით დაბალანსება? ექნება თუ არა მნიშვნელობა, ვინ გახდება პრეზიდენტი?
- განახლებული კონსტიტუციით, ღარიბაშვილი ასაკობრივ ცენზს ვერ აკმაყოფილებს და ამიტომ გამოირიცხება. თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ვინ გახდება პრეზიდენტი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ოპოზიციაზე - რამდენად მონახავს საკუთარ თავში სრულად გაერთიანების რესურსს.
სრული გაერთიანების გარეშე ოპოზიციას 2018 წელსაც ძალიან გაუჭირდება სახელისუფლებო კანდიდატთან დაპირისპირება, ვინც არ უნდა იყოს ის. ამიტომაც დადგება დღის წესრიგში მათი გაერთიანება ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებაა ძლიერი - არამედ, ოპოზიციაა სუსტი.
ზუსტად ასეთი სიტუაცია გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში, იმ თვალსაზრისით, რომ ხელისუფლება კი არ იმარჯვებდა, არამედ აგებდა ოპოზიცია.
საკონსტიტუციო უმრავლესობით რომ არის ხელისუფლება, ესეც ოპოზიციის სისუსტის გამოძახილია და ისიც, რაც მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სწორედ ოპოზიციის სისუსტის მაჩვენებელი იქნება.
ოპოზიციის სრული განადგურება იქნება, თუ 2018 წელს ვერ მონახეს საკუთარი ამბიცების გადადების რესურსი და ერთ კონკრეტულ კანდიდატზე არ შეჩერდნენ. თუმცა ამ გადასახედიდან ის ერთი კანდიდატიც არ მეგულება, ვინ შეიძლება იყოს...
რეალური, და არა მართვადი ოპოზიცია, თუ შეძლებს ოპოზიციური პრეზიდენტის გაყვანას, ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობისთვის. ვფიქრობ, ამას ხელისუფლებაც კარგად აცნობიერებს და ყველანაირად შეეცდება, რომ ოპოზიციური ერთიანობა არ შედგეს.
ახლაც ისეთივე ბეწვის ხიდზე უწევს გავლა ქვეყანას, რაც, როგორც თქვენც აღნიშნეთ, 2010 წელს უკვე გავიარეთ. ბიძინა ივანიშვილის, როგორც პროცესებისთვის შორიდან თვალის მადევნებლის ინტერესში უნდა იყოს თუ არა, რომ ეს გზა მარცხის გარეშე დაძლიოს ქვეყანამ? ანუ არ მივიღოთ აბსოლუტური ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში, რაც ამ პოლიტიკური ძალის დასასრულს მოაახლოებს, ქვეყანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
- ასეთ პროცესებში ხელოვნურად ვერ ჩაერევი, მაგრამ ყველაზე კარგი, რაც შეიძლება ახლა ივანიშვილმა გააკეთოს, არის ის, რომ არ აწარმოოს აქტიური კამპანია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად.
გავიხსენოთ რეპერების თემა, როდესაც ივანიშვილის ოჯახის წევრმა გამოთქვა პოზიცია - როგორც ჩავთვალე, ივანიშვილმა დაინახა, რომ მის მიერ დანატოვარი ხელისუფლება სიტუაციას ვეღარ უმკლავდებოდა და რეალური კრიზისის ზღვარზე ვიყავით... იყო საფრთხე, რომ რამდენიმე ათასი ახალგაზრდა, პოლიტიკურად არამოტივირებული, გამოსულიყო - ეს იყო პირველი რეალური კრიზისი ამ ხელისუფლების პირობებში.
ეს საკმაოდ სენსიტიური თემაა და არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ახალგაზრდების ქუჩაში გამოსვლით იწყება ყველა ხელისუფლების ძალაუფლების შერყევა.
სწორედ აქედან გამომდინარე, ხომ შეიძლება აღარ ისურვოს ივანიშვილმა რომ იყოს ახლადარჩეული მერების თუ გამგებლების ფარი? - ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.
და სწორედ იმიტომ, რომ ისეთივე კრიტიკული პერიოდი არ გავიაროთ, ივანიშვილის მხრიდან ყველაზე კარგი ნაბიჯი იქნება, რომ პირველად, 2011 წლის შემდეგ, არ იყოს აქტიურად ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. მით უფრო, რომ ამისი აუცილებლობა რეალურად არ არსებობს, გამომდინარე ოპოზიციის დაქსაქსულობიდან.
ამან შეიძლება ძალიან საინტერესო პროცესებს, მათ შორის, პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღების პროცესს ჩაუყაროს საფუძველი. თუ ივანიშვილი მისცემს პოლიტიკურ სპექტრს იმის საშუალებას, თავად მოსინჯონ საკუთარი ძალები.
შემდეგ მოდის უკვე, 2018 წელი და ბიძინა ივანიშვილს საკმარისი რესურსი რჩება იმისათვის, რომ სიტუაცია კონტროლიდან არ გაექცეს.