აშშ-ის ისტორიაში, 230 წლის განმავლობაში კონსტიტუცია მხოლოდ 27-ჯერ შეიცვალა, საქართველოს შემთხვევაში კი, ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილება 30-ზე მეტჯერ შევიდა. ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში კონსტიტუცია პოლიტიკურ კონსენსუსზე დაფუძნებული არასოდეს ყოფილა.
ისტორია მეორდება, მმართველმა პარტიამ 115 ხმით ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვილებებს ნახევრად ცარიელ დარბაზში მეორე მოსმენით უყარა კენჭი. კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტს მხარს არ უჭერს როგორც ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო სექტორის გარკვეული რაოდენობა.
პროცესით იმედგაცრუებულია საქართცველოში ვიზიტად მყოფი ვენეციის კომისიის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, რომ სჯეროდა, საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის.
„თქვენ, ქართველებმა უნდა მოძებნოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, რათა მიიღოთ კარგი ახალი კონსტიტუცია. მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შესძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება - ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი იყოს“, - აღნიშნა ჯანი ბუკიკიომ.
თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყველანი ვდგევართ ჩიხური სიტუაციის წინაშე. იმისათვის, რომ არ შეჩერდეს ქართული დემოკრატიის განვითარება და დემოკრატია არ შევიდეს ჩიხში, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, იმიჯს.
„დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს - დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე. რეალურად, 6 თვე დასჭირდა მმართველ გუნდს, რათა დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის, რომ ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერც ვერაფერს გამოაპარებ და ვერ მოატყუებ. გავიგე, რომ დასჭირდა 6 თვე, რომ ეს „ანბანური ჭეშმარიტება“ მაინცდამაინც ევროპიდან ეთქვათ, მაგრამ ახლა ამ მომენტში გავიაზროთ ვითარების სირთულე და ნუ შევიყვანთ დემოკრატიულ განვითარებას კრიზისში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ვიცე-პრემიერის განცხადებით, გადაწყვეტილება უნდა მოინახოს ვენეციის კომისიასთან კონსენსუსით და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. რაც შეეხება ბუკიკიოს განცხადებას, რომ ის პროცესებით იმედგაცრუებულია, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ „იმედგაცრუება“ შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად.
„ახალ განცხადებაში ტონალურობა, ასე რომ ვთქვათ, შედარებით შემსუბუქდა, ანუ თარგმანის ამბავია. მოგეხსენებათ, რომ „იმედგაცრუება“ შეიძლება ძლიერ ზმნად გამოვიყენოთ და შეიძლება სუსტად. მთავარი ის არის, რომ როგორც ბატონი ბუკიკიო, ასევე ვენეციის კომისია, ასევე ჩვენი გუნდი და ყველა, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება უნდა მოინახოს კონსენსუსით ვენეციის კომისიასთან და მათი მოსაზრებები აუცილებლად გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილება იქნება შეთანხმებული, მიღწეული“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
ჯანი ბუკიკიომ შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან. შეხვედრაზე ბუკიკომ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის პროპორციული სისტემის 2024 წლამდე შემოღების გადავადებაზე და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია. გარდა ამისა, შეხვედრაზე ბუკიკიომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ ცვლილებები მიღებული უნდა იყოს კონსენსუსით და არა მხოლოდ უმრავლესობის მეშვეობით.
„პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვუთხარი, რომ ცვლილებები მიღებული უნდა იყოს კონსენსუსით და არა მხოლოდ უმრავლესობის მეშვეობით. საქართველოს ახალ კონსტიტუციას კარგი ლეგიტიმურობა უნდა ჰქონდეს, ანუ ცვლილებები კონსტიტუციაში მიღებული უნდა იყოს ფართო კონსენსუსის შედეგად და არა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის მეშვეობით.
განვაგრძობ კონსულტაციებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა საერთო საფუძველი იქნას გამოძებნილი იმისათვის, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციას მნიშვნელოვანი ლეგიტიმურობა მიეცეს“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს მხარემ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს აუხსნა, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილების მიღებას საქართველოს პარლამენტში და როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი.
„კიდევ ერთხელ, ძალიან თამამად შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს არც ერთი მუხლი ახალ დოკუმენტში, სადაც ჩვენ არ გვაქვს წინსვლა - ყველა მუხლთან მიმართებით არის წინსვლა და ეს წინსვლა არის ფუნდამენტური. ეს კონსტიტუცია აყალიბებს ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და გამორიცხავს ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს მიზანი არის პირდაპირ ასახული ქვეყნის ძირითად კანონში და სწორედ ეს განაპირობებს ამ დოკუმენტის ლეგიტიმურობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯანი ბუკიკიოს შენიშვნების მიუხედავად, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო პროექტში არსებითი ცვლილებები ვეღარ შევა. თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მესამე მოსმენით განხილვის პროცესში, შესაძლებელია, მხოლოდ სარედაქციო ხასიათის ცვლილებების შეტანა მოხდეს დოკუმენტში.
პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მმართველ გუნდს ჰქონდა მნიშვნელოვანი კომპრომისები და ოპოზიციამ ამას უნდა შეხედოს, როგორც მნიშვნელოვან მიღწევას. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ბუკიკიოს რეკომენდაციები იყო საბაზისო საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც საქართველოში ხორციელდება.
„რა თქმა უნდა, ასეთი რანგის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის საკმაოდ რთული და ჩვენ ამ პროცესში ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისები და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ პრეტენზიები და არგუმენტები ჯანი ბუკიკიოს პირადად გააცნეს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა, რომლებმაც ხელისუფლებმა ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოტყუებაში დაადანაშაულეს. ბუკიკიოსთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გამოწვევას ითხოვს.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის პარტიები ერთ პოზიციაზე ვდგავართ. დღეს არაერთხელ მოვისმინეთ, რომ დგება კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი, ამიტომ დავიწყებთ მუშაობას პროცედურებზე, თუ როგორ მოხდება პარლამენტიდან ცვლილებათა პაკეტის გამოთხოვა. ჩვენ მზად ვართ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მზად ვართ ყველაფერი დავიწყოთ ნულიდან“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ბუკიკიომ ძალიან გარკვევით თქვა, რომ დოკუმენტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ იღებს, ვერ ექნება ლეგიტიმაცია. მისი თქმით, ეს არის ყველაზე მკაცრი განცხადება, რაც კი შეუძლია გააკეთოს ვენეციის კომისიამ.
„სრულიად განსხვავებული პოზიციების მქონე პარტიები იზიარებენ ერთ პოზიციას, რომ მმართველმა გუნდმა მოატყუა მთელი საზოგადოება. სწორედ ამიტომ არის, რომ ეს დოკუმენტი ვერანაირი კონსესუსის საფუძველი ვერ გახდებოდა და ეს არის ერთადერთი იმ მიზნით მიღებული დოკუმენტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამენაირად შეინარჩუნოს ძალაუფლება და მართვის სადავეები“, - აღნიშნა თინათინ ბოკუჩავამ.
ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს პირისპირ შეხვდა „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე, რომლის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მდგომარეობის ჩიხიდან გამოსაყვანად ხელისუფლებამ მხარეებს შორის დიალოგი უნდა აწარმოოს.
„კონსტიტუცია ერთი პარტიის მიერ მიღებული არ უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ერთადერთი გამოსავალი დიალოგია, რაზეც მიგვითითებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.
შენიშვნებისა და იმედგაცრუების მიუხედავად, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა, დათმობაზე არ წავა. ძაბირაძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი, ალბათ, არ დასთანხმდება ამ შემოთავაზებას, დაწყებული პროცესი გაგრძელდება და შემოდგომაზე მესამე მოსმენით იქნება მიღებული ცვლილებები.
„სხვა ვარიანტი, როგორც ჩანს, არც განიხილებოდა, თორემ ის, რომ ვენეციის კომისიასთან და შიდაკონსენსუსი ქვეყანაში ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ არსებობს, ხელისუფლებამ მშვენივრად იცოდა. ამიტომ, შეაჩეროს და თავიდან დაიწყოს პროცესი, ამაზე ხელისუფლება არ წავა. სხვა გამოსავალი რა შეიძლება აქ იყოს, მე უბრალოდ არ მესმის, ალბათ, - არაფერი.
მშვენივრად იციან, რასაც ითხოვს ოპოზიცია და საზოგადოება და ის ნაბიჯები უნდა გადადგან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეეჭვება, რომ ხელისუფლება დათმობებზე წავიდეს. ხელისუფლებამ პოლიტიკური კაპიტალისთვის ზარალი უკვე ნახა და ახლა დათმობაზე წასვლა ამ ზარალს, რა თქმა უნდა, არ აანაზღაურებს“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.