„ომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა შოიგუ, არამედ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა - მილიარდერები“

„ომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა შოიგუ, არამედ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა - მილიარდერები“

რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, სირიაში უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავოს. რუსეთის ამ განცხადებას წინ უძღოდა ვაშინგტონის განცხადება, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მზადების ნიშნები გამოავლინა.

„თუ ასადი კიდევ ერთ მასიურ მკვლელობას განახორციელებს ქიმიური იარაღის გამოყენებით, მას და მის შეიარაღებულ ძალებს ეს ძვირი დაუჯდებათ“, - გადაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებები იმის თაობაზე, რომ სირიის ხელისუფლება ქიმიური შეტევის განსახორციელებლად ემზადება, ერთგვარი მესიჯია ტერორისტებისთვის, რათა მასშტაბური პროვოკაცია განახორციელონ.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე პოლიტოლოგი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: ასადის მიერ ქიმიური იარარის გამოყენება ჩვენი გადასახედიდან თითქოს ალოგიკურია - ერთხელ სტაცეს ხელი, მეორედ - ამხილეს, დასაჯეს კიდეც ამერიკელებმა და საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს, რომ კიდევ სცადოს ამ იარაღის გამოყენება, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონ ასადის ქმედება უკანასკნელ წლებში, სამოქალაქო ომის პერიოდში, იმდენად ალოგიკური ნაბიჯებით ხასიათდება, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

გარდა ამისა, ამერიკა ასეთ მნიშვნელოვან განცხადებებს უსაფუძვლოდ არ აკეთებს. როგორც ჩანს, ვაშინგტონს აქვს სპეცსამსახურების, დაზვერვის ცნობები იმის თაობაზე, რომ ასადი განიხილავს ასეთ შესაძლებლობას.

როდესაც უკვე რეალობად არის ქცეული ისლამურ სახელმწიფოზე გამარჯვება, როგორც კი, ის პრაქტიკულად, დამარცხდება ამ ბრძოლაში, მაშინვე გამძაფრდება სირიაში ხელისუფლებისათვის ბრძოლა. ახალ წრეზე წავა სამოქალაქო ომი სირიაში.

ამერიკელები მაქსიმალურად ეხმარებიან ზომიერ ოპოზიციას და განსაკუთრებით ქურთებს. ვაშინგტონი იმასაც კი არ მოერიდა, რომ ერთ დროს ერთგული მოკავშირე, ნატოს სამხრეთის ფლანგის ერთული გუშაგი, თურქეთიც კი გადაიმტერა ქურთების გამო.

რაც შეეხება რუსეთის პოზიციას და მის გაფრთხილებებს, არ მგონია, ამან ამერიკელები დააფრთხოს, რადგან ძალთა თანაფარდობის შედარებაც კი არ შეიძლება - აშშ-სა და მისი მოკავშირეების - 100 სახელმწიფოა იმ კოალიციაში ჩაბმული.

რუსეთის მოკავშირე კი ვინ არის? - ეპიზოდურად იყო თურქეთი, მაგრამ მას რუსეთის ინტერესებისაგან განსხვავებული იმდენი საკუთარი ინტერესი აქვს ამ პროცესებში, რომ რუსეთ-თურქეთის ერთგულ კავშირზე ხანგრძლივი დროით ლაპარაკიც არ შეიძლება.

ამ შემთხვევაში სირიაა საბაბი, თუმცა ამერიკასა და რუსეთს შორის არაერთი მწვავე განცხადების მოწმენი ვართ ბოლო პერიოდში. რამდენად მწვავე ფორმა შეიძლება მიიღოს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებამ?

- რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა სულ უფრო მწვავე ფორმას ღებულობს - ორი დღის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებაც არ არის ჰაერზე წამოსროლილი სიტყვები - პუტინთან კრემლში შეთანხმებული განცხადებაა, რომლის მიხედვითაც, თურმე აღმოსავლეთ ევროპაში - ბალტიისპირეთში, პოლონეთში, ამერიკის საქმიანობა საფრთხეს უქმნის რუსეთის დასავლეთ საზღვრებს. საინტერესოა, როგორ უქმნის საფრთხეს, ვინმე ფიქრობს, რომ პოლონეთი ან ბალტიისპირეთის ქვეყნები შეტევაზე გადავლენ და რუსეთს ომს გამოუცხადებენ?!

შეიძლება ითქვას, რომ ესკალაციის გამწვავების რესურსი ჯერ კიდევ არის - წითელ ხაზამდე ანუ დუღილის წერტილამდე არ მისულა საქმე. თუკი ასეთ ხაზად ავიღებთ სამხედრო დაპირისპირებას, აქამდე ჯერ კიდევ შორი გზაა და თვითმკვლელები და კამიკაძეები არც კრემლში სხედან და არც თეთრ სახლში.

ანუ ომის სცენარი არც შეიძლება განიხილებოდეს და შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ურთიერთობათა ხელახალ გადატვირთვამდე მივიდეს საქმე?

- იყო დრო, როდესაც ამერიკელებმა გადაარჩინეს ჩინეთი, როდესაც საბჭოთა კავშირს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა თავდასხმა. მაშინ ნიქსონმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამერიკა გულგრილი არ დარჩებოდა. მაშინ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ საბჭოთა კავშირი მოკლე დროში დაამარცხებდა ჩინეთს და ამით კოლოსალურ ძალას მიიღებდა მოსკოვი - ჩინეთის ადამიანური რესურსი, პლუს რუსეთის ბირთვული იარაღი და მაო ძედუნის ნაცვლად რუსეთის სასურველი ლიდერი.

რაკი ამერიკამ განაცხადა, რომ განზე არ დარჩებოდა, ეს უკვე ბირთვული ომის საფრთხეს ქმნიდა, შესაბამისად კრემლმა უკვე მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.

ასეთი გადაწყვეტილება საეჭვო იქნება მით უმეტეს დღეს - რუსეთის გამდიდრებულმა ელიტამ, პუტინის ვიწრო წრემ, „პინჩუშკებმა“ და სხვებმა მილიარდები იმიტომ იშოვეს, რომ ბირთვულ აპოკალიფსში დაწვან? - პუტინის ქალიშვილები უკვე ოფიციალური მილიარდერები არიან და დღეს მგონი, ამერიკასაც კი გაუსწრო ოფიციალური მილიარდერების რაოდენობით რუსეთმა.

თვითმკვლელი არავინ არ არის და რუსი სალდაფონიც კი გეტყვით, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს - უმარტივესი გათვლებია - არც გასწრება შეიძლება, არც - დასწრება. დიდი-დიდი, 20 წუთით გვიან განადგურდე შენ.

ცოტა ხნის წინ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა ახალ წლამდე. ბოლო დღეებშიიარაღის ჟღარუნისაპასუხო განცხადებად ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს? - პუტინი მბობს, რომ შეიარაღებას კვლავაც გაზრდის, აფხაზეთის ტერიტორიაზეც აპირებს წვრთნების ჩატარებას და ა..

- რუსეთი უამრავ თანხებს ხარჯავს და იარაღდება. ცოტა ხნის წინ ჩრდილოეთის ზღვაში კიდევ გამოსცადეს ახალი იარაღი.

სანქციებს რაც შეეხება, ცოტა ხნის წინანდელი ინფორმაციით, უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს რუსი კონტრაქტორი, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტებიც ჰქონდა - ეს ნიშნავს, რომ რუსი ჯარისკაცები იბრძვიან ოფიციალურად და არა მოხალისეებად.

ამ ფონზე, ალბათ, არც ელოდება რუსეთი, რომ სანქციებს გაუუქმებენ და ცდილობს, სიტუაციას შეეგუოს. ერთადერთი, რისი იმედიც მას შეიძლება ჰქონდეს, ეს არის ნავთობზე ფასების ზრდა, მაგრამ აქაც იმ დოზით, როგორც რუსეთი ვარაუდობდა, ფასები არ იზრდება.

ანუ თასის ავსებამდე არის ადგილი და მაინც არ მგონია საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდეს, რადგან ომის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს არა შოიგუ, არამედ პუტინი და მისი უახლოესი გარემოცვა - მილიარდერები, რომლებიც დამცავ ქამრად გარს არტყია პუტინს.

ისიც არ არის გამორიცხული, რომ ეს მისი საბრძოლო რიტორიკა იყოს წინასაარჩევნო კამპანიის შემადგენელი ნაწილი, გამომდინარე რუსი მოსახლეობის მენტალობიდან - რომ ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვართ, მაგრამ გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც არავისი არ ეშინია - ასეთი რიტორიკა სჭირდება პუტინს, მით უმეტეს, რომ ახლა მას ახალი თავისტკივილი ჰყავს ნავალინის სახით.

იმის მიუხედავად, რომ ალექსეი ნავალინს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ მისცემენ?

- ის უკვე გამოაცხადეს რუსეთის მეორე გავლენიან პიროვნებად პუტინის შემდეგ. ნავალინი კენჭს ვერ იყრის, მაგრამ მას შეუძლია, არალეგიტიმურად აქციოს პუტინის არჩევნები.

ითქვა კიდეც, რომ როგორც ყოფილი პატიმარი, ის ვერ იყრის კენჭს, მან იცის ისიც, რომ პუტინი გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ნავალინის მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები ლეგიტიმაცია ჰქონდეს მის მეტოქეს - ყველა უნდა ფიქრობდეს რუსეთშიც და მსოფლიოშიც - ნავალინისთვის რომ მიეცათ არეჩევნებში მონაწილეობის უფლება, ის გაიმარჯვებდა.