ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი საქართველოშია და უკმაყოფილოა იმ შედეგით, რაც დახვდა. „ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო ვარიანტის შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი იმედისმომცემი იყო - მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში თახმობა არსებობდა იმაზე, რომ ვენეციის კომისიის რჩევები გათვალისწინებული ყოფილიყო.
„ჩვენ გავწიეთ კარგი სამუშაო, თუმცა ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეს სამწუხაროა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვურჩევ ყველა პოლიტიკურ ძალას, კომპრომისის მისაღწევად ყველა ღონეს მიმართონ. იცით ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება საერთო ჯამში პოზიტიურია, თუმცა არსებობს საკითხები, რომელზეც მუშაობა საჭიროა, რადგან უფრო დახვეწილი შედეგი მივიღოთ. საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობის, კონსტიტუციური სასამართლოს, პრეზიდენტის არჩევის და სხვა მნიშვნელოვანი თემები, რომელიც თქვენი ქვეყნისთვის აუცილებელია“, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ.
იგი ასევე შეეხო 2024 წლამდე პროპორციული სისტემის შემოღების გადავადებას.
„პროპორციული სისტემის შემოღების 2024 წლამდე გადავადებას, მე ამით დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ“, - დასძინა მან.
როგორც უმრავლესობა მიიჩნევს, იმედგაცრუების ხარისხი გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ ვერ მოგვეხერხებინა შევთანხმებულიყავით, რომ ქვეყანა საბოლოოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის.
უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი გაითვალისწინებს იმასაც, რომ კონსენსუსის მიღწევა მმართველ პარტიას, საკუთარი გუნდის შიგნითაც მოუწევს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის აზრითაც უმჯობესი იყო ეს შემდეგი არჩევნებიდანვე მომხდარიყო, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა სად გჭირდება კონსენსუსის მიღწევა, გუნდის შიგნით თუ მის გარეთ, იგი ყველა მოსაზრების გათვალისწინებას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, ბატონი ჯანიც კარგად გაიგებს ამას. არ შეიძლება ხაზი არ გაესვას იმასაც, რომ ჩვენ გუნდის შიგნით კონსენსუსის საჭიროებაზე ჩვენ თვეებით ადრე ვსაუბრობდით. მთავარია, რომ საბოლოოდ ჩვენ ვენეციის კომისიის მიერ მოწონებული საარჩევნო სისტემა გვექნება, ისევე როგორც სხვა ცვლილებების პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც 2018 წლიდანვე ამოქმედდება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცხადებს, ვენეციის კომისიამ თავის შუალედურ დასკვნაშიც არაერთხელ აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა ეყრდნობოდეს კონსენსუსს, საერთო-საზოგადოებრივ შეთანხმებას. ანა დოლიძის თქმით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან შეხვედრისას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სწორედ „ამ სულისკვეთებას“ გაახმოვანებს.
სავარაუდოდ, ოპოზიცია შეეცდება მმართველ ძალას შეაწმინდოს ხელი, იმის მიუხედავად, რომ საკონსტიტუციო განხილვას საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტი გამოუცხადა და კონსენსუსის თემა სკანდალად აქცია. თავის მხრივ, ალბათ, საპარლამენტო უმრავლესობასაც მოუწევს არგუმენტების მოძიება, რატომ ვერ მიაღწია შეთანხმებას საკუთარ გუნდში მანამდე, ვიდრე კონსტიტუციის პროექტს ვენეციის კომისიას წარუდგენდა განსახილველად.
ასე რომ, რითი დასრულდება ვენეციის კომისიის პრეზიდენტის იმედგაცრუება ჯერ კიდევ გაურკვეველია, რადგან რეალურად რაზე ვაჭრობენ მხარეები, ბოლომდე გასაგები არ არის, შესაბამისად, ვინ რის დათმობას და რის ფასად აპირებს, ალბათ, მომავალი დღეების მთავარ თემად იქცევა.