მალე შესაძლოა, ახალი სკანდალის მოწმენი გავხდეთ, მმართველი პარტია იმ ფორმულის გადახედვას გეგმავს, რომლის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციებში წევრები პარტიებმა უნდა დანიშნონ.
„საარჩევნო კოდექის“ ახალი პროექტი სხვა ცვლილებებთან ერთად, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ახალი პროცედურების შემოღებას ითვალისწინებს. რაც მთავარია - ცესკოში წევრების დანიშვნა პარტიის საბიუჯეტო დაფინანსების ნაცვლად, პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობასთან იქნება დაკავშირებული.
კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით გადის. პროექტის ინიციატორები არიან ეკა ბესელია, გიორგი ვოლსკი, ვანო ზარდიაშვილი, ნინო გოგუაძე, ანრი ოხანაშვილი, ივლიანე წულაია, ლევან გოგიჩაიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, გიორგი ხატიძე, გია ბენაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, გედევან ფოფხაძე, დავით მათიკაშვილი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი კახიანი.
როგორც უმრავლესობაში განმარტავენ, იმ ფორმულით, რომელიც წარმოდგენილია კანონპროექტის პირვანდელი რედაქციით, ცესკოში პარტიების მიერ წარსადგენ წევრთა განსაზღვრა შემდეგი წესით ხდება: კონკრეტული პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში აღებული ხმების რაოდენობა შვიდზე მრავლდება და იყოფა ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე.
როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით მათიკაშვილი განმარტავს, ასეთი მოცემულობით პარტია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კომისიებში ოთხი წარმომადგენელი ეყოლება, ხოლო ოპოზიციას, მთლიანობაში - სამი.
იმისთვის, რომ პოზიცია და ოპოზიცია პარიტეტულად იყოს წარმოდგენილი, აღნიშნულ ფორმულაში ნაცვლად შვიდისა, პარტიის ხმების რაოდენობა ექვსზე გამრავლდება და პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე გაიყოფა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ შედეგად - უმრავლესობას საარჩევნო ადმინისტრაციებში ოთხის ნაცვლად, სამი წარმომადგენელი ეყოლება.
„მაღალი ალბათობით, ერთი წევრით შემცირდება ცესკოს იმ წევრთა რაოდენობა, რომელიც პარტიების მიერ ინიშნება და შვიდის ნაცვლად, იქნება ექვსი“, - ვარაუდობს მათიკაშვილი.
იგი დარწმუნებულია, რომ კანონში დაგეგმილი ცვლილებები საარჩევნო ადმინისტრაციების პარტიებს შორის პარიტეტულობის პრინციპით დაკომპლექტებას უზრუნველყოფს.
ამჟამად ცესკოში პარტიული წარმომადგენლობა იმ პოლიტიკური სუბიექტების მიერ არის დანიშნული, რომლებიც ბიუჯეტიდან მეტ დაფინანსებას იღებენ. საბოლოოდ რა სახეს მიიღებს ეს არითმეტიკა, ძნელი სათქმელია, რადგან თუ დანიშვნის უფლება ექნება მას, ვინც არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა, გამოდის, რომ მმართველ ძალას ამ შემთხვევაშიც ვერავინ მოუგებს.
ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ეს აწყობს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ყველაზე მეტი ხმების რაოდენობა აქვს მიღებული - ეს „ქართული ოცნებაა“ და ამას დიდი აღმოჩენა არ სჭირდება.
„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საკონსტიტუციო საკითხები დაალაგა, ან თვლის, რომ დაალაგა, ახლა საარჩევნო სისტემას მიადგა - არც ეს არის სიახლე ქართული სინამდვილისთვის - ტრადიციულად, ყველაფერი იმ თანმიმდევრობით ხდება, როგორც იყო აქამდე. ადრე სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კომისიების დაკომპლექტებას, ხან თითქოს პროფესიული ნიშნით, ახლა ეს ახალი ფორმულა შემოიღეს - უმრავლესობა აქვთ და დააკომპლექტებენ ისე, როგორც მოუნდებათ“, - თვლის ვახტანგ ძაბირაძე.
არსებული წესის შეცვლით, თითქოს ხელისუფლება ერთ წევრს თმობს ცესკოში, მაგრამ ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ საბოლოო ჯამში, უპირატესობა მაინც მის ხელშია. ექსპერტის თქმით, საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ნაკლები მნიშვნელობა აქვს დეტალებს, მთავარია - საით მიდის პროცესი - ცესკოს აკომპლექტებს ის, ვისაც ხმების უმრავლესობა აქვს.
„ხმები მათია და აკეთებენ, რაც უნდათ - ეს არის და მეტი - არაფერი“,- აცხადებს ძაბირაძე.
ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი საერთოდაც თვლის, რომ უმჯობესია, ცესკო პარტიული ნიშნით საერთოდ არ კომპლექტდებოდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ცესკოს დაკომპლექტება პარტიული კონსენსუსის საგანი უნდა იყოს და თავად პარტიები უნდა შეთანხმდნენ ამაზე.
„მომხრე ვიქნებოდი, რომ პროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს და არა - პარტიული ნიშნით. უმჯობესია, ნეიტრალურები იყვნენ ცესკოს წევრები და პარტიული კუთვნილება არ ჰქონდეთ მოტივაციად, ასე უფრო სწორი იქნებოდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება პარიტეტულობას, ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ცესკოს დაკომპლექტება საარჩევნო ხმების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული, პარიტეტულობაზე საერთოდ, ზედმეტია ლაპარაკი.
„ისე დალაგდება საბოლოოდ ცესკო, რომ მმართველ პარტიას ექნება დიდი უპირატესობა და ეს არ არის სწორი. „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და არ გაუჭირდება ამ კანონის გატანა, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, უმჯობესია პარტიები შეთანხმდნენ. კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის გამო ისედაც რა ამბავია ატეხილი და ამას თუ ცესკოს დაკომპლექტების ახალი წესი დაემატა, საქმე პოლიტიკურ თანხმობამდე კი არა, ძალიან სერიოზულ კონფლიქტამდე მივა - ეს არ არის კარგი“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ცვლილებების იმ პაკეტს აკრიტიკებდნენ, რომლის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ცესკოში 4 წარმომადგენელი ეყოლებოდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ ერთობლივი განცხადებას გაავრცელეს და ცვლილებათა პაკეტში არსებულ ხარვეზებზე საურობდნენ.
ორგანიზაციების განცხადებით, დადებით შეფასებას იმსახურებს ის რეგულაციები, რომლითაც მარტივდება საარჩევნო სუბიექტიების, სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციების საარჩევნო ადმინისტრაციებში რეგისტრაცია. აგრეთვე პოზიტიურად აფასებენ იმ რეგულაციებს, რომლებიც ემსახურება საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესებას. თუმცა, აღნიშნული ცვლილებების პარალალურად, ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ახალ წესს, აგრეთვე რეგულაციებს, რომლებიც გარკვეულ შეზღუდვებს ადგენს საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, შემოთავაზებული ცვლილებით მოხდება ცესკოს კიდევ უფრო მეტად პოლიტიზება, ვინაიდან მათი აზრით, ახალი წესი გამოიწვევს სხვა პარტიებთან შედარებით მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე.
„ეს ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. კანონპროექტი პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას“, - თვლიან არასამთავრობოები.