არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დაინიშნება

არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დაინიშნება

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს 1 ივლისს წარადგენს. წარდგენამდე კი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებს. გიორგი მარგველაშვილი არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს აგვისტოს ბოლოს გამოსცემს. არჩევნების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება. თუმცა, უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა მიგვანიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. მისივე განმარტებით, არჩევნების დანიშვნის თაობაზე აქტს 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს გამოსცემს.

„ამის თაობაზე ვიმუშავეთ და მოვილაპარაკეთ მთავრობასთან, თუმცა აქტი ამ არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემა 60 დღით ადრე, აგვისტოს ბოლოს. ასეთი გადაწყვეტილება განპირობებულია თუნდაც შარშანდელი წლის გარკვეული გაუგებრობებიდან გამომდინარე იმიტომ, რომ არის გარკვეული საკანონმდებლო დეტალები, არის საბიუჯეტო დეტალები, რომელიც დაკავშირებულია ამ საკითხთან.

მაგრამ არის მთავარი - ეს არის პარტიებისთვის განჭვრეტადობა საარჩევნო გარემოსი და დღეს, 4 თვით ადრე მთავრობასთან ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, მათ ვაძლევ შემდეგ ინფორმაციას - 4 თვით ადრე მათ იციან მომავალი საარჩევნო კალენდარი, რაც გულისხმობს იმას, რომ დაინიშნება ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს, მაგრამ აქტი, რომლის მიხედვითაც ეს პროცესი იურიდიულად შევა ძალაში, გამოიცემა აგვისტოს ბოლოს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „საარჩევნო კოდექსში“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მოარგო. პარლამენტში, მეორე მოსმენით განხილვის პროცესშია საარჩევნო კანონმდებლობაში დადგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 60 დღეზე ადრე ვერ დაინიშნება.

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს, ადგილობრივი არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე მხოლოდ 60 დღით ადრეა შესაძლებელი და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები მისი დანიშვნის დღიდან, 60 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. ჯერ კიდევ მოქმედი კოდექსით კი, პრეზიდენტი საკრებულოს, მერისა და გამგებლების მორიგ არჩევნებს, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით, მათი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა ნიშნავს, რაც იმას გულისხმობს, რომ არჩევნების დანიშვნა არჩევნებამდე 60-დღეზე ადრეც არის შესაძლებელი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილსა და მთავრობის ადმინისტრაციას შორის თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა. თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, პრეზიდენტმა ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს დანიშნა.

„თარიღის შესახებ კონსულტაციები იყო მთავრობის ადმინისტრაციასთან, ამასობაში, როგორც ჩანს, გათვალისწინებული იყო ოპოზიციის აზრი იმის შესახებ, რომ მათ ერჩივნათ ოქტომბრის ბოლოს, პრეზიდენტი ასეც მოიქცა, როგორც ვხედავთ. მე ვფიქრობ, არანაირი აზრი არ აქვს არჩევნების თარიღს.

მოლოდინი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ არ უნდა იყოს, გამომდინარე წინა პრაქტიკიდან, გამომდინარე ჩვენი დამოკიდებულებიდან არჩევნების მიმართ, გამომდინარე იმ განვითარებიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ასეთი საფრთხეები არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგიდან, დაბრალებებიდან გამომდინარე ოპოზიციის მესიჯი, რომელიც ვფიქრობ, არ უნდა გავიმეოროთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ფიქრობს, რომ პრეზიდენტის განცხადებიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს შაბათ დღეს გაიმართება.

„არ მგონია, რომ რაიმე ცვლილება მოხდეს. მთავარია, დაცული იყოს კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა. ორთვიანი საარჩევნო ციკლი, ეს არის კანონით დადგენილი კონკრეტული ვადა. ეს ვადა იქნება დაცული. წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ხანგრძლივ წინასაარჩევნო კამპანიას გარკვეული სირთულეები ახლავს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციურმა ძალებმა საკუთარი მერობის კანდიდატი უკვე წარუდგინეს თბილისის მოსახლეობას და აქტიური საარჩევნო კამპანიაც დაიწყეს. თბილისელებს მერობის კანდიდატი პირველმა „ევროპულმა საქართველომ“ წარუდგინა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყეს.

პარტია მოსახლეობას აცნობს პროგრამულ პრიორიტეტებს, ამას გარდა მართავს თემატურ პრეზენტაციებს. შესაბამისად, როგორც პარტიის პრეს-სპიკერი ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, კარგია, რომ თვითმმართველობის არჩევნების თარიღი პრეზიდენტსა და პრემიერს ერთმანეთთან უკვე შეთანხმებული აქვთ.

„არჩევნების თარიღის დანიშვნამ უბრალოდ დამატებითი სიცხადე შემოიტანა ამ ყველაფერში. კარგია, რომ ამ ყველაფერს დამატებითი დაპირისპირება არ მოჰყვება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის“, - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.

თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც საკუთარი მერობის კანდიდატიც წარადგინა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შენარჩუნებას ნებისმიერი ძალით შეეცდება.

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ძალიან დიდი პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“, იმიტომ, რომ ისინი ხედავენ, რომ მათი ელექტორალური შანსები არის მნიშვნელოვნად შემცირებული, განწყობები არის რეალურად მათ საწინააღმდეგოდ ჩვენს საზოგადოებაში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ისინი ეცდებიან, რომ გამოიყენონ აბსოლუტურად ყველა რესურსი, იქნება ეს სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი თუ სხვა, რომ რამენაირად შეცვალონ ის სავარაუდო საარჩევნო შედეგი, რაც დადგება ოქტომბერში“, - განაცადა თინათინ ბოკუჩავამ.