არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ფედერიკა მოგერინს, დონალდ ტუსკს, ჟან-კლოდ იუნკერს და ტომას მარკერტს ღია წერილით მიმართავენ. წერილში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ იღებს კონსტიტუციას, რომელიც დამტკიცებული და შეფასებულია მხოლოდ მათ მიერ და მასში არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციის ან უცხოელი ექსპერტების არც ერთი განსხვავებული მოსაზრება.
წერილში ხაზგასმულია, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა მთავარი დაპირება 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საიას თავმჯდომარის განცხადებით, ეს ნაბიჯი, რომელიც, ამ მრავალთვიანი პროცესის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, აზრს უკარგავს იმ სამუშაოს, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ და ვენეციის კომისიამ გასწიეს.
„არ შეიძლება მმართველ ძალას არ ესმოდეს, თუ კონსტიტუცია არ ეფუძნება ფართო კონსენსუსს, ის ვერ იქნება ძლიერი დოკუმენტი. საკონსტიტუციო ცვლილებები არ ითვალისწინებს ვენეციის კომისიის მოსაზრებას საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. საერთაშორისო საზოგადოებამ, რომლისთვისაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ქვეყანა განვითარდეს, ეს სიმართლე უნდა იცოდეს.
ბუნებრივია, ველოდებით რეაქციებს, რადგან ძალიან საშიშია ქვეყნისთვის და უპირველესად მმართველი გუნდისთვის, როდესაც ამ ტიპის გამიჯვნას აკეთებს საზოგადოებისგან. მმართველ გუნდს უნდა ესმოდეს, რომ სწორედ ასე იწყება ძალაუფლების ერთ ხელში კონსოლიდაცია, რომელსაც არავისთვის სიკეთე არ მოუტანია“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა 6 პოლიტიკური ჯგუფის და 115 დეპუტატს მხარდაჭერა მიიღო. მისი თქმით, თუ ვინმეს სურს, რომ ეს წარმოადგინოს ერთ პოლიტიკურ პარტიად და ეს არის საპარლამენტო ოპოზიციის მიზანი, ეს არის მისი არჩევანი.
„ეს 115 დეპუტატი არის ხალხის მიერ არჩეული. იმ 6 პარტიას აქვს თავისი იდეოლოგიური პლატფორმები და ჰყავთ თავისი სტაბილური მხარდამჭერები. პრეზიდენტი რატომ იყო პირველი ადამიანი ვინც გამოეთიშა ამ სამუშაო პროცესს, რატომ თქვა უარი სამუშაო პროცესში ჩართულობაზე?! ფაქტია, რომ პრეზიდენტიც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად იქცა დესტრუქციულ ლიდერად ამ პროცესის მიმართ. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ საკონსტიტუციო რეფორმას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარალელურად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია საკმაოდ პოზიტიურად არის განწყობილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.
„მათი მხრიდან სამუშაო ჩართულობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო და შესაბამისად, მათი რეკომენდაციების 80% გათვალისწინებულია განსახილველ დოკუმენტში. სამწუხაროდ, პოლიტიკური მოთამაშეები უფრო დესტრუქციულები იყვნენ ამ პროცესში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ისინი ბოლომდე იყვენენ პროცესში ჩართული და, რა თქმა უნდა, ვართ გახსნილი იმისთვის, რომ გაგრძელდეს საუბარი და თანამშრომლობა პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუ ოპოზიციის მხრიდან სურვილი იქნება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შორის კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ხოლო მოგვიანებთ, ოქტომბერში, ვენეციის კომისიის საბოლოო შეფასება გახდება ცნობილი. ქართველმა პარლამენტარებმა ვენეციის კომისიის მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაიარა ცვლილებების ორი მოსმენით განხილვამ პარლამენტში.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადოს. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, მარგველაშვილის მხრიდან ხდება საკითხების დრამატიზება.
„გავიგეთ, რომ აქვს გარკვეული პოლიტიკური პოზიცია და პლატფორმა. რას ნიშნავს მარგველაშვილის წინაააღმდეგ ხორციელდება ეს ცვლილებები? 2024 წელს რას ვერჩით მარგველაშვილს? მთავარსარდალი არ ეყოლება ქვეყანასო, ეს არის აბსურდი. ახლა რა, მთავარსარდალია და ჯარს მიუძღვება დროშით წინ?! პრეზიდენტი, განვითარებულ დემოკრატიებში არის ქვეყნის სიმბოლური პრეზიდენტი და მთავარსარდალი.
პრეზიდენტს უნდა ჰყავდეს მრჩეველთა საბჭო, პრეზიდენტი ჩართული უნდა იყოს ეროვნებათაშორის ურთიერთობებში, ფორუმებზე წარმოადგენდეს საქართველოს და კი ბატონო, ექნება სიმბოლური, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობის საკითხები. არ არის საჭირო ამის დრამატიზება მარგველაშვილის მიერ. რას მიედ-მოედება, აბსოლუტურად გაურკვეველია. თუმცა, თავისი ინტელექტუალური მონაცემებით გავლენას ახდენს ალბათ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ საქართველოს პირველი პირი „დაკარგული პრეზიდენტია“, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიკურ ნიშნებთან.
„პრეზიდენტს ძალიან გაურკვეველი ფუნქცია და როლი აქვს, რადგან მან ალტერნატივა შექმნა, პარალელური სივრცე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს პოლიტიკურ ნიშნებთან. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ მისი დრამა და ტრაგედია ისაა, რომ დაკარგული პრეზიდენტია.
2013 წლის შემდეგ, როდესაც მას ირჩევნდნენ, მმართველი გუნდი ფიქრობდა, რომ ერის კონსოლიდაციას შეძლებდა. პრაქტიკულად, მარგველაშვილმა თავი დაკარგა და გაურკვევლობაში ყოფნა არჩია“, - აღნიშნა ვალერიან გორგილაძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აწყობს ის, რომ ამ კონსტიტუციაში მისი უფლებამოსილებები რეალურად აისახება. შესაბამისად, ლალიაშვილისთვის პრეზიდენტის პოზიცია გასაგებია. რაც შეეხება ოპოზიციას, მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური სპექტრის, გაკოტრებული პოლიტიკოსების ძალიან მცირე ნაწილი, რომლებიც ცდილობენ როგორმე ეს საჭადრაკო პარტია აიყაროს, რადგან მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა დალაგდება.
„ვითარება ისეთია, რომ ახლანდელზე ცუდი განლაგება მათთვის მაინც არ იქნება. ერთკაციანი პარტიები, რომლებიც გადარჩენისთვის იბრძვიან... საოცარ რაღაცეებს ვხედავთ... ისეთი პოლიტიკური ძალები ერთიანდებიან, რომელთა ერთად ყოფნაც, წესით, შეუძლებელი უნდა იყოს იდეოლოგიურად.
აქ პარტიულ იდეოლოგიაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. მათში, როგორც ჩანს, თვითგადარჩენის ინსტიქტი ამუშავდა, ამიტომ ყველაფერი შეიძლება ვნახოთ, ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის ჩათვლით, რომლებიც ასევე დაინტერესებულები არიან“, - ამბობს ნიკა ლალიაშვილი.