„სააკაშვილმაც მოირგო კონსტიტუცია და დაამყარა დიქტატურა, მაგრამ ვერ უშველა ძალაუფლების შენარჩუნებაში“

„სააკაშვილმაც მოირგო კონსტიტუცია და დაამყარა დიქტატურა, მაგრამ ვერ უშველა ძალაუფლების შენარჩუნებაში“

ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, 2010 წელს სააკაშვილმა მოირგო კონსტიტუცია, ქვეყანაში დაამყარა დიქტატურა, მაგრამ ვერ უშველა ძალაუფლების შენარჩუნებაში. კონსტუტუციონალისტის განმრტებით, კონსტიტუცია შეიძლება გამოდგეს ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად, მაგრამ კონსტიტუცია არ გამოდგება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებაში შევდივართ.

for.ge ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

ქართული ოცნებაკონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას და ამბობს, რომ ისტორიულად ბევრად უფრო რთულ პირობებშიც შემდგარა კონსენსუსი. პრეზიდენტი დიალოგის დაწყებას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, დაგვიანებული ხომ არ არის დიალოგის დაწყების სურვილი პრეზიდენტის მხრიდან?

ვახტანგ ძაბირაძე: ხელისუფლებას რომ სდომოდა დიალოგი, დაიწყებდა. ახლა რატომ წავლენ ამ დიალოგზე, ეს არ მესმის. პირველი მოსმენით მიიღეს საკონსტიტუციო ცვლილება, რაც კონსენსუსის შედეგი ნამდვილად არ ყოფილა. მიიღეს ის პოლიტიკური დანაკარგიც, რაც მოჰყვა მათ ამ გადაწყვეტილებას, ახლა დიალოგზე რომ წავიდნენ, რა ხეირი მათ, თორემ კი ბატონო.

ახალ ფაზაში გადავიდა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა. სკანდალურ ბრალდებას უყენებს მმართველ გუნდს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. ამბობს, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და არც ის დოკუმენტია, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო შეთავაზებული. რამდენად მძიმე ბრალდებასთან გვაქვს საქმე?

- რთული საკითხია. მართლაც გაურკვეველია საბოლოო ჯამში რა დოკუმენტის განხილვა დაიწყო პარლამენტმა. საკონსტიტუციო კომისიის დასრულების შემდეგ შეიქმნა დოკუმენტი, რომლის განხილვაც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ არ ვიცით, შევიდა თუ არა რამე შესწორება. შემდეგ ეს დოკუმენტი გადაეგზავნა ვენეციის კომისიას, თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ რა გამოხმაურებაც მოჰყვა და რაც გაჟღერდა, რომ პრეზიდენტის ვადის გახანგრძლივება მოხდება 6 წლამდეო, ეს ფაქტიურად ახალი მომენტია.

გარდა ამისა, როდესაც ვენეციის კომისიას გადაეგზავნა დოკუმენტი, იქ იყო ლაპარაკი ბონუს სისტემაზე, რომელიც ვენეციის კომისიას მაინც და მაინც არ მოეწონა, მაგრამ არ იყო ლაპარაკი იმაზე, ეს სისტემა 2024 წლის შემდეგ ამოქმედდებოდა.

პარლამენტი, რომელიც იწყებს განხილვას, არ შეუძლია შესწორების შეტანა?

- რა თქმა უნდა, პარალმანეტს შეუძლია შესწორებების შეტანა, მაგრამ აქ ლაპარია ვენეციის კომისიასთან არსებულ დასკვნასა და ვენეციის კომისიის დასკვნაზე, რომელიც მიიღო. თუნდაც ის, რომ 2020 წლამდე რჩება იგივე საარჩევნო სისტემა, ეს ვარიანტი ვენეციის კომისიას არ განუხილავს. ამიტომ, ჩემი აზრით არასწორია ლაპარაკი იმაზე, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონა ეს შეთავაზებული ვარიანტი.

პრეზიდენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და პარლამენტის დაპირისპირებას, რომელიც უკვე ბრალდების სახეს იძენს, რამდენად რთული განვითარება შეიძლება  მოჰყვეს? საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, გვაქვს სამწუხარო მაგალითები როგორი დასასრული აქვს ასეთ პროცესებს...

- ცხადია, დღეს და ხვალ ამას არანაირი შედეგი არ ექნება, არც სახელმწიფო სტრუქტურები შეწყვეტენ საქმიანობას და არც პროტესტის ტალღა აგორდება. საზოგადოება არ არის მზად იმისათვის, რომ დაიწყოს პროტესტი, მაგრამ ყველაფერი ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ცუდი პროცესი დაიწყო. დაიწყო პროცესი, როდესაც ერთ მხარეს აღმოჩნდა მთავრობა, მეორე მხარეს მთელი ოპოზიციური სპექტრი, მიუხედავად თავისი მიუღებლობისა, პლუს არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, მედია და ა.შ. ანუ, დაიწყო ის პროცესი, რომელსაც საბოლოო ჯამში იმ დაპირისპირებამდე მივყავართ, რაც არაერთგზის გვინახავს. აი, ეს არის ცუდი.

სამწუხაროდ, პროცესი დაიწყო, ამ პროცესის შეჩერება და შემობრუნება გარკვეულწილად შეიძლება, მაგრამ თუ ამ მიმართულებით გაგრძელდა, მივიღებთ იმას, რომ ერთ მხარეს აღმოჩნდება ხელისუფლება და დანარჩენ მხარეს მთელი საზოგადოება. მოსახლეობაში გულაცრუება ისედაც არის. ეს ყველაფერი ილექება და ნელ-ნელა გადავა საპროტესტო მოძრაობაში. პრობლემაც ეს არის და სხვა არაფერი.

ფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება შეიძლება გახდება საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის საფუძველი?

- სწორედ ამას ვამბობ. ჯერჯერობით საპროტესტო მუხტი მოსახლეობაში არ არის, მაგრამ პროცესი დაიწყო, როდესაც საპროტესტო მუხტი თანდათანობით ყალიბდება. სამწუხაროდ, ჩვენს უახლეს ისტორიას თუ გადახედავთ, ყოველთვის ასე იწყებოდა პროცესი. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება ყველა ოლქში მოიგებს ადგილობრივ არჩევნებს, მაგრამ იგივე მოხდა 1998, 2001 და 2010 წელსაც, ხვდებით რა პრობლემაა? - შემდეგ დაიწყო პროცესები.

გეთანხმებით, რომ დღეს არ არის საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი და არავინ არ გამოვა ქუჩაში იმისათვის, რომ კონსტიტუცია შეიცვალოს, გამოვა ოპოზიციის პარტიული აქტივი, რომელსაც ხელისუფლება დიდ ყურადღებას არ მიაქცევს, მაგრამ პროცესი მიდის საზოგადოებაში პროტესტის მუხტის შესაქმნელად. სწორედ ამის შეწყვეტა და შეჩერებაა დროულად საჭორო, თუ ჩვენ არ გვინდა ისევ ახალი საპროტესტო მოძრაობა და ახალი სამოქალაქო დაპირისპირება მოვიღოთ, ეს არის დღეს უმთავრესი.

ხელისუფლებას რა გზა აქვს იმისათვის, რომ საპროტესტო მუხტი არ გაიზარდოს, მით უმეტეს, რომ საკონსტიტუციო პროექტი პირველი მოსმენით მიღებულია?

- გასაგებია, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილება სამი მოსმენით უნდა იქნას მიღებული და მხოლოდ მაშინ შედის ძალაში. ჩემი აზრით, ხელისუფლება დაელოდება, შეხედავს პროცესების განვითარებას და ამის მიხედვით იმოქმედებს. მე მინდა, რომ ხელისუფლებამ სწორი ანალიზი გააკეთოს. თუ 1998 და 2001 წელი არ გვახსოვს, 2010 წელი მაინც ხომ უნდა გვახსოვდეს. თუ არ გვინდა, რომ იგივე პროცესები განმეორეს, მაშინ სერიოზულად უნდა იფიქროს ხელისუფლებამ. როგორც კი საპროტესტო მუხტი აგორდება, პირველი, რა საკითხიც დადგება დღის წესრიგში, ეს იქნება საარჩევნო კოდექსი და მასთან მიბმული მთელი პრობლემები.

მით უმეტეს, რომ ოპოზიცია ღიად საუბრობს შესაძლო რევოლუციურ სცენარზე...

- სწორედ მაგას ვამბობ, რომ შორს წასვლა არ არის საჭირო. საჭიროა დაჯდეს ნეიტრაული ადამიანთა ჯგუფი და დაალაგოს 2010 წლის თუნდაც ცესკო-ს მონაცემები და რა პროცესები წავიდა 2010 წლის შემდეგ. მანამდე იყო საპროტესტო აქციები, მაგრამ 2010 წლის შემდეგ ხელისუფლებამ რა ნაბიჯები გადადგა? - 2010 წელს 2011 წლის გაზაფხული და 26 მაისი მოჰყვა, შემდეგ უკვე ის საპროტესტო მუხტი. მცდარია შეხედულება, რომ ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩებოდა ხელისუფლებაში, არ არის ეს სწორი.

კი ბატონო, ივანიშვილის დამსახურება უაღრესად დიდია, ყოველგვარი ღია სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ ამ ფაქტორმა შეიძლება მცდარ ანალიზამდე მიიყვანოს ხელისუფლება. ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ ფული თუ არ გაქვთ, არაფერი არ იქნებაო, ესეც მცდარი მოსაზრებაა. როდესაც კულმინაციამდე მივა საზოგადოებრივი პროტესტი, იქ ფული არ არის საჭირო.

2010 წელსაც იგივეს ვამბობდი, მაშინაც ასეთი ვითარება იყო, მაგრამ მაშინ გამოჩნდა ივანიშვილი, რომელმაც შეძლო, ეს ფეთქებადი მოძრაობა სტაბილურ და პოზიციურ დაპირისპირებაში გადაეყვანა. ამდაგვარად მოახდინა ნაციონელების განდევნა ხელისუფლებიდან, მაგრამ დღეს თუ ასეთი ვერ გამოჩნდება, რომელიც მოახერხებს ოპოზიციის გაერთიანებას, მაშინ იქნება ერთი ღამე, ერთი აფეთქება, რომელიც დაანგრევს ქვეყანას. მაშინაც იყო ეს ხიფათი და დღესაც იგივე ვითარებაა. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მოსაგვარებელი.

ანუ, პოლიტიკურად არასტაბილურ ვითარებაში შევდივართ?

- რა თქმა უნდა, ამას გრძნობს ხელისუფლებაც. ერთია რას ლაპარაკობენ და მეორეა, როგორი განწყობაა, ეს ჩანს ეკრანზეც. მართალია ლაპარაკობენ, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თვითონ ის, რომ პრემიერიც იძულებული იყო გამოსულიყო, ეს ბევრ რამეს ამბობს. სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური რამ ხდება, კომპლექსურად არის გასააზრებელი.

2016 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა რამდენიმე ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი - საკმაოდ ხისტი გამოსვლა „აუდიტორია 115“-ის და შესვლა ტელევიზიაში, მანამდე იყო რუსთავი და ჭიათურა, ეს ახალგაზრდული ფრთა არ დაგავიწყდეთ, მეორე - ბათუმის მოვლენები, მესამე - ფარცხალაძე-თორდიას სკანდალური საქმე, მეოთხე - თეთრი ხმაურის საქმე და მეხუთე - აფგან მუხტარლის საქმე, ეს ხუთივე საქმე ხომ საპროტესტო მუხტია! დღეს ამ საქმეზე გამოვლენ, ხვალ სხვა საკითხზე, ამიტომ არის სახიფათო ვითარება.

2012-2016 წლამდე ვერ ჩამომითვლით 5 ასეთ რეზონანსულ საქმეს, ის რაც მოხდა ამ მოკლე პერიოდში, ეს გაგრძელდება. პროცესი ჩუმად, მაგრამ მიდის საზოგადოებივი პროტესტისკენ, ძალიან ცუდი პროცესი მიდის, ამას უნდა დანახვა და შეფასება. ხელისუფლება მოგებით მოიგებს არჩევნებს, მაგრამ შეიძლება ამ მოგებამ სხვანაირი დასკვნა გააკეთებინოს, რაც იქნება მცდარი. თუ ვერ გააკეთებენ სწორ ანალიზს, მივალთ იქამდე, სადამდეც არაერთხელ მივსულვართ.

სააკაშვილმა 2010 წელს მოირგო კონსტიტუცია, ქვეყანაში დაამყარა დიქტატურა, მაგრამ ვერ უშველა ძალაუფლების შენარჩუნებაში. კონსტიტუცია შეიძლება გამოდგეს ქვეყანაში სტაბილურობის მისაღწევად, მაგრამ კონსტიტუცია არ გამოდგება ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არ ვარგოდა 2010 წლის კონსტიტუცია, მაგრამ შევცვალეთ ხელისუფლება, ისევე როგორც 2003 წელს, რა პრობლემაა, კიდევ შევცვლით თუ პროტესტის მუხტი იქამდე მივიდა, სანამდეც იყო მისული 2003-2016 წლებში.