ზვიად ნიშნიანიძე: ამერიკის კონსტიტუცია სამმა ადამიანმა დაწერა, შემდეგ, 18 კაცს მხოლოდ წაუკითხეს

ზვიად ნიშნიანიძე: ამერიკის კონსტიტუცია სამმა ადამიანმა დაწერა, შემდეგ, 18 კაცს მხოლოდ წაუკითხეს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლავ არსებული - შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების გარდამავალ დებულებებში აისახა.ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერა, რომ საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით ოთხი წლის ვადით პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრისაგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს მაინც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ძირითად ნაწილში ასახულია საპარლამენტო არჩევნების სრული პროპორციული სისტემით ჩატარება, რომელიც 2024 წლისთვის ამოქმედდება. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები 2018 წლის არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შედის ძალაში.

თუკი ძირითადი ცვლილებები მომავალი არჩევნებისთვის არ შევა ძალაში, საერთოდ, რატომ წამოიწყო ხელისუფლებამ საკონსტიტუციო პროცესი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც ხელისუფლებას უსვამენ ოპონებტები და რომელზეც, სიმართლე რომ ითქვას, საზოგადოებამაც ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. მიმდინარე პროცესზე იურისტი,ზვიად ნიშნიანიძე გვესაუბრება.

მოგეხსენებათ, კონსტიტუციის პირველი მოსმენით მიღებას ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციამ. გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები იმაზეც ალაპარაკდნენ, დაუდგება თუ არა ამ ხელისუფლებას კონსტიტუციის ლეგიტიმურობის პრობლემა, - შეიძლება რომ ამ მიმართულებით კითხვები მართლაც გაჩნდეს თუ ეს სიტუაცია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის არის ხელსაყრელი?

- ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ოპოზიცია განაწყენდა, დატოვა სხდომა და ამას არანაირი კავშირი არ აქვს კანონის მიღების ლეგიტიმაციასთან.

კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი, მის მიღებას სჭირდება შესაბამისი პროცედურები. ეს პროცედურები შედგა - ყველა იღებდა მასში მონაწილეობას და რატომღაც არასამთავრობოებმა ბოლო დღეს დატოვეს იმ მოტივით, რომ თითქოს მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინეს.

შემდეგ დაიწყო მეორე ეტაპი, საყოველთაო განხილვა - ავად თუ კარგად, ეს განხილვაც ჩატარდა. შემდეგი ეტაპი იყო ვენეციის კომისიისთვის დოკუმენტის გადაგზავნა - კომისიამ დაწერა პოზიტიური დასკვნა, თუმცა იყო რამდენიმე რეკომენდაციაც.შემდეგ უკვე შევიდა პარლამენტში პირველი მოსმენით განსახილველად. ანუ ყველა პროცედურა დაცულია და მმართველ ძალასაც აქვს მისი განხილვის და დამტკიცების ლეგიტიმაცია, ვინაიდან ის ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას.

ამერიკის კონსტიტუცია სამმა ადამიანმა დაწერა. შემდეგ, 18 კაცს მხოლოდ წაუკითხეს - სულ 21 ადამიანს ჰკითხეს და 200 წელია ეს კონსტიტუცია მოქმედებს.

საინტერესოა ერთი მომენტი - საპარლამენტო ოპოზიციის პროტესტი ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდანაც საკმაოდ მწვავე განცხადებები ისმის, იმის მიუხედავად რომ ბარიერის დაწევით მათაც ეძლევათ ის შანსი, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია, არ ჰქონიათ. ამასაც აქვს თავისი ახსნა?

- საქართველოს პრობლემა ის არის, რომ 200-ზე მეტი თითოკაციანი პარტიაა რეგისტრირებული და თითზე ჩამოსათვლელი პარტიების გახსენებაა მხოლოდ შესაძლებელი. იმ პარტიებს, რომლებსაც არაფრის შანსი არ აქვთ, ერთი მიზანი ამოძრავებთ, როგორმე მიიღონ დაწეული ბარიერი, მოხვდნენ პარლამენტში და დაფინანსება მიიღონ ისევ ჩვენს ხარჯზე. რას არ ეტყვიან ხალხს რომ ეს სამი პროცენტი მოიპოვონ - ათასგვარ ავანტურაზე წავლენ.

5% ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში სერიოზული პარტიები მოხვდებიან. აქედან გამომდინარე, უკანგადადგმული ნაბიჯი მგონია ბარიერის დაწევა, რადგან პარტიები, რომლებიც შეიძლება მოხვდნენ პარლამენტში პოლიტიკურ პროცესზე ზეგავლენას ვერ მოახდენენ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბევრ ხალხს ვერ შეიყვანენ. ერთადერთი, ბიუჯეტიდან ფულს მიიღებენ.

შემდეგი არჩევნები არ ტარდება მთლიანად პროპორციული სისტემით, თუმცა მთელი საკონსტიტუციო პროცესის მიმდინარეობისას აქცენტი სწორედ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იყო გადატანილი. უმრავლესობის შიგნით არსებულ დინებებზე რომ არ ვისაუბროთ, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას რომელი სისტემა წაადგებოდა უფრო მეტად?

- ამერიკაში პროპორციული სისტემა იმიტომ არ მოქმედებს, რომ ქვეყანაში არის ორი ძირითადი პარტია, რომელთა იდეოლოგიაში ფუნდამენტური სხვაობა არ არის. ამდენად, პიროვნებებს უჭერენ მხარს.

ჩვენთან რომ იყოს იდეოლოგიურად იმდენად განსხვავებული პარტიები, როგორი სხვაობაცაა მაგალითად, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის, პროპორციული სისტემა გაამართლებდა, მაგრამ ასეთი პარტიები არ გვაქვს.

საქართველოში არ არსებობს კლასიკური პოლიტიკური პარტიები, რომელიც პიროვნებებს კი არა,რაიმე პლატფორმას დაეყრდნობა. რესპუბლიკელები მეგონა ასეთი, მაგრამ ოღონდ კი პარლამენტში მომხვდარიყვნენ,  ივანიშვილს დაუქნიეს თავი და საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრეები გახდნენ.

აქედან გამომდინარე, თუ არ არის პარტია, რომელსაც აქვს პოლიტიკური პლატფორმა, მაშინ პროპორციული არჩევნები აზრს კარგავს და უკეთესია მაჟორიტარული სისტემა, როგორც მაგალითად, ბრიტანეთშია.

ამიტომ ჯობდა, ან ისე დაეტოვებინათ როგორც იყო, ან საერთოდ, მაჟორიტარულ სისტემაზე გადავსულიყავით.

ჩემი აზრით, რევოლუციური იქნებოდა არჩევითობა ყველა სფეროში - პროკურატურაში, სასამართლოში.

ანუ თვლით, რომ არსებითი ცვლილებები მაინც ვერ მივიღეთ?

- ასე ნამდვილად არ არის. მაგალითისთვის განვიხილოთ ერთი კანონი - დავუშვათ, შეიძინეთ ნარკოტიკი და მიდიხართ სახლში, რომ მოიხმაროთ. თუ პოლიციამ გაგაჩერათ და თქვენს ავტომანქანაში ნარკოტიკი აღმოაჩინა, მიიღებთ სასჯელს ნარკოტიკის შეძენა-შენახვაზე და გადაზიდვაზე - 7-დან - 14- წლამდე. თუ დავუშვათ, მოასწარით სახლში მისვლა, ნარკოტიკის მოხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხვდით პოლიციის ხელში, სასჯელი მხოლოდ 500 ლარია. ეს ხომ სერიოზული ხარვეზია კანონში? ანუ თუ დანაშაულის ჩადენას ვერ მოასწრებთ, პატიმრობას მოგისჯიან, თუ მოასწარით და დანაშაულის ჩადენა დაასრულეთ - ჯარიმას გადაიხდით. მსგავსი შეუსაბამობები საკმაოდ იყო კონსტიტუციაში და ეს ხარვეზები დაიხვეწა - ამიტომ მუშაობდნენ კონსტიტუციონალისტები. მივიღეთ ტექნიკურად დახვეწილი კანონი და ეს ძალიან კარგია.

პრემიერი არის ხელისუფლების პირველი პირი - ასე წერია კონსტიტუციაში, მაგრამ მას ირჩევს პარლამენტი - ანუ მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაცია აქვს. პრეზიდენტს, რომელსაც აბსოლუტურად არ აქვს ფუნქციები, ირჩევს ხალხი - ლეგიტიმაცია არის ბევრად მაღალი - ხომ არის დიდი ლაფსუსი?

ამ საკონსტიტუციო პროცესის დაწყების მიზანი მისი დახვეწის გარდა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლაც იყო - მომხდარიყო ხალხის და ხელისუფლების შეთანხმება გარკვეულ წესებზე, რომ ხალხი კი აძლევს მას ძალაუფლებას, მაგრამ ხელისუფლება იმოქმედებს ამ წესების დაცვით.

თუმცა, თინა ხიდაშელი იმასაც აცხადებს რომ თუ სხვა პოლიტიკური ძალა მოვიდა ხელისუფლების სათავეში საკონსტიტუციო პროცესი ისევ თავიდან დასაწყები ექნება...

- ჯერ მოვიდეს რომელიმე პოლიტიკური ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობით, დაჯდეს და იმდენი ცვალოს, ვიდრე არ მობეზრდება. იტალიაში ყოველ წელს შედის კონსტიტუციაში ცვლილებები და რითია იტალიის კონსტიტუცია ცუდი? რაც უფრო მეტად დაიხვეწება ვფიქრობ, უკეთესი იქნება.

რატომ ვერ ძლიერდებიან პარტიები საქართველოში? ვითომ კონსტიტუციის ნაკლია ეს?

- იდეის გარშემო არ ერთიანდებიან და იმიტომ. რა უნდოდათ ივანიშვილთან ერთად,„ფორუმს“,„რესპუბლიკელებს“ და ალასანიას პარტიას? - ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის ირგვლივ ერთიანდებიან და ამიტომაც ვერ ძლერდებიან.

რა უნდოდათ ერთად ბურჯანაძეს, სააკაშვილსა და ჟვანიას, მერე ერთმანეთი რომ დახოცეს? ისინიც ხელისუფლებაში მოსვლის სურვილმა გააერთიანა და გააძლიერა. ასეთი პარტიებია საქართველოში და პრობლემაც აქედან მოდის.

საფრანგეთში სოციალისტი პოლიტიკურად რომ გაურიგდეს მემნარჯვენეს, ჩათვალეთ, რომ ეს მისი პოლიტიკური სიკვდილია. ჩვენთან კი ასეთი გარიგება არაფერს ნიშნავს.

საკონსტიტუციო პროცესს დავუბრუნდეთ - პრინციპში, შეიძლებოდა, უფრო კონსტრუქციული ოპონირება გნებავთ, ოპოზიციის, გნებავთ, პრეზიდენტის ან არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგრამ მთლიანობაში ამ ყველაფერმა ერთი დიდი გაუგებრობის სახე მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ საქმიან გარემოში ბევრად უფრო მეტი დათმობა მიეღოთ მმართველი ძალისგან, სკანდალები არ ცხრებოდა. ამასაც აქვს ალბათ, თავისი ახსნა...

- არგუმენტებს ემოციები სჭარბობს, ხოლო ემოცია ემყარება იმას, რომ ყველას თავისი მიზანი აქვს.არასამთავრობოებმა უნდა აჩვენონ, რისთვის იღებენ ფულს; რა ამოძრავებს მაგალითად, მარგველაშვილს - გასაგებია.

თუმცა მას არ უთქვამს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებას აგრძელებს...

- არც ის უთქვამს, რომ არ აგრძელებს, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ “ოცნების” მიმართ ხალხის უკმაყოფილების ფონზე მოახერხებდა ოპოზიციური ფლანგის გაერთიანებას...