გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი, ღიად ტოვებს ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, ასეთ შემთხვევაში ზაალ უდუმაშვილი მათი კანდიდატიც იქნები. „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის თქმით, 25-წლიან ჟურნალისტურ კარიერას იმიტომ დაემშვიდობა, რომ ჩათვალა „ამ ქვეყანაში ცვლილებების დრო დადგა“. ამბობს, რომ აქვს შესაძლებობა, გარკვეული წვლილი შეიტანო ბრძოლაში, რასაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება ჰქვია.
მაშ ასე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მეტეხის ტაძრის ეზოში თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. პარტიამ ასევე წარადგინა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი - ნიკა მელია.
მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო პროგრამა დამუშავების პროცესშია დ მასში ყველა ის პრობლემა იქნება ასახული, რაც თბილისს აწუხებს.
„თბილისელები დღეს ვართ ძალიან გაბრაზებული, რადგან დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი მიტოვებული, როგორც დღეს. არასდროს ასე უგულებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი თბილისელების უფლება, როგორც დღეს, იმიტომ რომ არასდროს ამდენი პრობლემა და მოუგვარებელი გამოწვევა არ დაგროვილა და არ დარჩენილა უპასუხოდ, როგორც დღეს.
დღეს მეც, როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული და ამიტომაც ჩემი წარმდგენი, პირველ რიგში, თქვენ - გაბრაზებული თბილისელები ხართ. მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა გავხდე ჩვენი ქალაქის მერი იმიტომ, რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
მეორობის კანდიდატი ამბობს, რომ თბილისს დღეს ჰაერივით სჭირდება ცვლილებები. ამბობს, რომ შეძლებს დაამარაცხოს კორუფცია და ნეპოტიზმი ქალაქის მმართველობაში.
„არც ერთი მექრთამე და ნათესავი აღარ გადაწყვეტს ჩვენს ბედს. დასრულდება ჩინოვნიკების გამდიდრება თბილისელების ხარჯზე. კორუმპირებული მოსამართლეები და პროკურორები აღარ დაჯილდოვდებიან ქალაქის მიწებით. ასევე არ დავუშვებ პარტიული ნიშნით ადამიანების დასაქმებას და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას. ყველა დაწინაურდება მხოლოდ კომპეტენციის ნიშნით. მე შევძლებ საცობების ქალაქი მარტივი გადაადგილების და სწრაფი კომუნიკაციის ქალაქად ვაქციო“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ გადამწყვეტ ბრძოლას, თანაც დედაქალაქში, სათავეში უნდა ჩაუდგეს გამაერთიანებელი ლიდერი. ნიკა მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შერჩეული კანდიდატი აღნიშნული ნიშნით საუკეთესოა.
როგორც მელიამ აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს როდის დატოვებს დეპუტატის მანდატს, არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ, რაც მთავარია, მან გადაწყვეტილება მიიღო.
„მომდევნო წლებში ცხელი ხაზი გავა თბილისის საკრებულოზე და მიმაჩნია, რომ ჩემი ენერგია და მოტივაცია ჯობია მომდევნო წლებში დავუკავშირო თბილსს და თბილისელებს. ეს არ ნიშნავს, რომ მე მოვწყდები ეროვნულ დონეზე პრობლემურ საკითხებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში კვლავ იარსებებს, რადგან პარლამენტში მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი იქნება. პარტიის წევრები კი, ბასიშვილის პარლამენტის მანდატით აღჭურვის საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. შეგახსენებთ, რომ ბადრი ბასიშვილი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს ჯერ დეპუტატი გახდა და შემდეგ უკვე ბიზნესმენიც, თავკაცობდა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას, ე.წ. ზონდერ ჯგუფებს. მას ებარა შიდა ქართლის ჯგუფი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით.
სწორედ ბასიშვილის 40 კაციანი ზონდერბრიგადა მონაწილეობდა 2012 წელს გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების -კახი კალაძის, სოზარ სუბარის, გიორგი ვოლსკის და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ თავდასხმაში.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ბასიშვილის გაცოცხლებას პარტიისთვის წამგებიან ნაბიჯად აფასებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე.
„პარლამენტში ამ ფიგურის შეყვანა, შეიძლება იმითაც იყოს განპირობებული, რომ თვითონ ეს ფიგურა საჭიროებდეს საპარლამენტო იმუნიტეტს. არ არის გამორიცხული, რომ ამ საჭირობის მოტივით უშვებენ მის შესვლას პარლამენტში და არა იმიტომ, რომ პარტიული მიზნისთვის რაიმე ფინალური ნაბიჯი იყოს. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში წამგებიანია პარტიისთვის ამ ბიოგრაფიის ადამიანის პარლამენტში შეყვანა. რომელიც ამას ვერ გაითვალისწინებს, შეიძლება ითქვას, რომ მართლაც გასულია რაციონალური ახსნისგან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
უმრავლეოსობაში დარწმუნებული არიან, რომ კახა კალაძე უალატერნატივო კანდიდატი იქნება. „ქართული ოცნების“ წევრების შეფასებით, ნიკა მელიას სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრება, ვინაიდან საკრებულოში მოხვედრის შანსიც არ აქვს. უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ვინ იქნება მოწინააღმდეგე, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელოვნელობა არ აქვს, რადგან მისი თქმით, მმართველი გუნდის კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს და თბილისს კიდევ ერთი ძალიან კარგი მერი ეყოლება.
„კონკრეტული კანდიდატები დასახელდებიან და სამართლიან ბრძოლაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს. რაც შეეხება მელიას, რომ გითხრათ, მისი არყოფნით პარლამენტი ფუნქციინირებას შეწყვეტს, ეს ასე არ არის. მას ამ წამოწყებაში წარმატებას ვერ ვუსურვებ, რადგან წარმატებას ჩვენი პარტიის კანდიდატებს ვუსურვებ. საზოგადოება სწორ არჩევანს ამ შემთხვევაშიც გააკეთებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ისეთი იქნება, რომელიც საზოგადოების მაქსიმალურ მხარდაჭერას მოიპოვებს“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას დედაქალაქის ხელმძღვანელობაში.
„ქართველ ხალხს ძალიან კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობაც და ყველა სახე მათი ხელისუფლების. მგონია, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ ადამიანების დაბრუნებას დედაქალაქის მენეჯმენტში და ხელმძღვანელობაში“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე უალტერნატივოა. რაც შეეხება დასახელებას და წარდგენას, უახლოეს დღეებში გაიმართება პოლიტსაბჭო და აქ გადაწყდება კალაძის წარდგენის დრო. მერობის კანდიდატი კახა კალაძე ფიქრობს, რომ 3 თვის განმავლობაში ჩაატაროს საარჩევნო კამპანია, ეს იქნება ამომრჩევლის შეწუხება.
„ჩვენ შარშან ვნახეთ, თუ რამდენად რთული იყო 3-თვიანი საარჩევნო კამპანია. ერთი - ეს დამოკიდებულია ფინანსებზე. მეორე - 3 თვის განმავლობაში ჩაატარო საარჩევნო კამპანია, მე მგონია, რომ ეს არის ამომრჩევლის და მოსახლეობის შეწუხება. ავიღოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ არის იქ საარჩევნო კამპანიის დრო განსაზღვრული, არის ქვეყნები, სადაც 40-45 დღეა, ზოგან - ერთი თვე. ავიღოთ საუკეთესო ვარიანტი და იმის მიხედვით ვიმსჯელოთ. შეიძლება 2 თვე იყოს ოპტიმალური ვარიანტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზაალ უდუმაშვილმა კი საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მას სხვა პარტიების მხარდაჭერის იმედი აქვს და ამიტომ ღიად ტოვებს ველს სხვა პარტიებისთვისაც და თუ მათი არჩევანი იქნება, ასეთ შემთხვევაში ამბობს, რომ მათი კანდიდატიც იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, რომელ პარტიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებში მხარი მათაც ზაალ უდუმაშვილს დაუჭირონ.
for.ge-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არასაპარლამენტო ოპოზიციასთან. პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები, კერძოდ, დავითაია-ქარდავა-ხარატიშვილი-ბურჭულაძის პარტია მხარდაჭერას სწორედ უდუმაშვილს უცხადებს. ეს პარტიები განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაშიც კი, უდუმაშვილის შანსები არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ზოგადად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, შეიძლება - უფრო ნაკლებიც.
„ხშიდად ცდილობენ ხოლმე ასეთი პარტიების შემოკრებას გარშემო, რომ მერე თქვან, ამ კონკრეტულ კანდიდატს ამდენი პარტია უჭერს მხარს. გარედან მაყურებელი, ვინც რეალურ სიტუაციაში არ არის ჩახედული, იფიქრებს, რომ რაღაცა სერიოზული ხდება და ამ დროს ეს პარტიები პროცენტულად არაფერს ნიშნავს. საუბარია იმ პარტიებზე, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად იყვნენ მიჩნეული.
ცდილობენ მოსახლეობაში შექმნან ბევრი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის იმიჯი, რაც ადამიანებს უბიძგებს იმისკენ, რომ მის კანდიდატს დაუჭირონ მხარი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ხერხი გამოდგეს როგორც უდუმაშვილის, ასევე „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაშიც, რადგან მათ მძიმე იმიჯი აქვთ მოსახლეობაში.
პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა, შემოვიდა პოლიტიკაში და დაიწყო რიტორიკა, როგორც კი ამ რიტორიკაში დაეტყო „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობა, დაეცა მისი რეიტინგი. მაღალ რეტინგიან ნეიტრალურ ფიგურასაც ეწევა დაბლა რეიტინგი, თუ შეატყვეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა აქვს. მით უმეტეს უდიმაშვილს, რომელიც ხმების იმ ნაწილს მიიღებს, რაც დარჩა „ნაცმოძრაობას“ დაშლის შემდეგ. შეიძლება უფრო ნაკლებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.