„თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“

„თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“

აზიური ფაროსანას გასანადგურებლად თხილის პლანტაციების შეწამვლა გრძელდება, მაგრამ ზუგდიდის რაიონში ფერმერები ჩივიან, რომ აღნიშნული ღონისძიებები დაგვიანებულია. გლეხების განმარტებით, თხილის მოსავლის 70%-მდე უკვე განადგურებულია, რადგან ხელისუფლებამ მისი შეწამვლა დააგვიანა.

სამეგრელოსა და თხილის კულტურას ხეშეფრთიანი პარაზიტი, შარშან შემოესია, რის შედეგადაც მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ისინი წელსაც ანალოგიური პრობლემის წიანშე აღმოჩნდნენ და ახლა ხელისუფლებას ადანაშაულებენ.

სოფელ ინგირის მაცხოვრებელი შაქრო ხურცილავა საუბრისას აცხადებს, რომ შეწამვლა დაახლოებით თვენახევრის წინ იყო საჭირო, თუმცა არც პრეპარატები იყო ხელმისაწვდომი და სამუშაოდ ცუდი ამინდიც იყო. 22 ივნისისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში თხილის მხოლოდ 2200 ჰა ფართობი იყო დამუშავებული, როცა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 14 213ჰა ფართობია დასამუშავებელი. ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები უამინდობის გამო 8 ივნისის ნაცვლად 17 ივნისს დაიწყო.

„შარშან მოსავლის 20% თუ იყო კარგი, წელს უფრო უარესი მდგომარეობაა. წელს ერთი ტონიდან 100 კილოზე მეტ გარჩეულ პროდუქტს ვერ მივიღებ. თხილის გული არის დამპალი. ნაყოფი რომ იზრდებოდა, მაშინ რომ შეეწამლათ, უკეთესი იქნებოდა ან ჩვენთვის რომ დაერიგებინათ ეს პრეპარატები, მე თავად შევწამლავდი და პრობლემა არ იქნებოდა“, - აღნიშნა შაქრო ხურცილავამ.

ანალოგიურ ვითარებაშია როლანდ ცაავაც: „შარშან და წელს თხილი დალპა. დასაქმება არ არის, სამუშაო ადგილები არ არის და ერთდაერთი შემოსავლის წყარო თხილია. სამეგრელოში ორი წელიწადია ხალხს ბანკის ვალი აქვთ და რითი გადაიხადონ არ იციან. მთავრობამ კი შემოიტანა შესაწამლი, მაგრამ უკვე გვიანია. თხილის ამბავი წელსაც დამთავრებულია“, - განუცხადა „ბიზნესკონტაქტს“ როლანდ ცაავამ.

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს დაგვიანებულად არ მიიჩნევს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მისი განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ქიმიური წამლობის კამპანიასაც ატარებს, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომელიც კომპლექსურად ხორციელდება ამ მავნებელების წინააღმდეგ. მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილობრივებთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, რადგან უახლოესი ერთი წლის განმავლობაში 100%-ით ეს პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, მინიმუმ რამდენიმე წელიწადი იქნება საჭირო.

„მხოლოდ ქიმიური ჩარევა საკმარისი არ არის და საჭიროა, თავად მოსახლეობამაც გამოიჩინოს საკმაოდ დიდი ყურადღება. მავნებელი ბრუნდება შემოდგომაზე თბილ ადგილებში, ეძებს სახლის სახურავებს. ამიტომ საჭიროა გარკვეული კუსტარული ხაფანგების მოწყობა. ეს არის დეტალები, რაზეც სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობასთან მუშაობს. ის მოსაზრებები უსაფუძვლოა, რომ ჩვენ რაიმე დავაგვიანეთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის ნოდარ კერესელიძის ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ აზიური ფაროსანა საქართველოში მანამდე არ დაფიქსირებულა, არ არსებობდა მასთან ბრძოლის პრაქტიკა და არც სამეცნიერო ნაშრომი, რის მიხედვითაც იმუშავებდნენ. შესაბამისად, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოიწვია სპეციალისტები. როგორც ნოდარ კერესელიძემ განმარტა, სწორედ მათი დახმარებით შემუშავდა და ხორციელდება თხილის მავნებელთან ბრძოლის პროგრამა.

„ეს არის პირველი წელი, როცა ამ მავნებელთან ბრძოლა ხორციელდება პროგრამულად და დაგეგმილად. ჩვენ ველოდებით, რომ იქნება ერთგვარი დაკვირვების წელი იმისა, რომ ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს ეს ღონისძიება. იმის თქმა, რომ ეს პროგრამა იქნება ასპროცენტიანი, ძნელია იმიტომ, რომ ჩვენ ახლა ვიწყებთ ამაზე დაკვირვებას. ალბათ, მეორე და მესამე წელი ბევრად ეფექტური იქნება“, - განაცხადა კერესელიძემ.

ექსპერტების ინფორმაციის თანახმად, მავნებლის საბოლოოდ განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელია და სახელმწიფოს მასთან ბრძოლა ყოველ წელს მოუწევს.