უშიშროების საბჭო, ჰიბრიდული საფრთხეები

უშიშროების საბჭო, ჰიბრიდული საფრთხეები

2018 წელს, პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვის წლით დაიკავებს. ერთჯერადად, 6-წლიანი ვადის შემოღება კონსტიტუციის ახალი რედაქციის გარდამავალ დებულებებში აისახება. როგორც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ითქვა, ვენეციის კომისია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას იმ პირობებში მიესალმება, როცა პარლამენტი სრულად პროპორციული სისტემით იქნება არჩეული.

ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არ ხდება და ის 2024 წლიდან შედის ძალაში, ხოლო პრეზიდენტის არჩევნები 2023 წლისათვის უნდა ჩატარდეს, გასათვალისწინებელია ვადის ერთი წლით გახანგრძლივება 2018 წელს არჩეული პრეზიდენტისთვის. მმართველი გუნდის შეფასებით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით ისეთ ვითარებაში უნდა ავირჩიოთ, როცა სრულად პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტი გვეყოლება.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიას არანაირი შენიშვნა არ გააჩნია როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით.

თუმცა ასე არ ფიქრობს ეროვნული საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოება არის ის სფერო, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ფართო ეროვნული კონსენსუსი. რაქვიაშვილის შეფასებით, საქართველოს გარშემო არსებული გამოწვევები არ შეცვლილა, ქვეყანა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას. მისივე თქმით, ეს არის სპეციფიური სფერო, რომელშიც აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული დარგის სპეცილაისტები, რომელთაც აქვთ, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდილება.

„ჩვენი რწმენა, რომ უსაფრთხოების სისტემა ზარალდება ამ ფორმით მიღებული კონსტიტუციური ცვლილებებით, არის ის საფუძველი, რაც გვამოძრავებს. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ მიმართულია იქითკენ, რომ არ დავუშვათ ეროვნული უსაფრთხოების ეროზია, როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უფრო აქტიურად ჩართულობით ამ პროცესში, ასევე პარლამენტარებთან და საქართველოს ხელისუფლებასთან საუბრით.

ეს პროცესი არ შეიძლება დასრულდეს ისე, რომ არ იყოს მხედველობაში მიღებული ის გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნაბიჯებს აუცილებელად მოყვება ადეკვატური რეაგირება საბოლოო ჯამში“, – აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.

უშიშრობის საბჭოს გაუქმებას, რომელსაც საქართველოს ახალი კონსტიტუცია ითვალისწინებს, მიუღებელია თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის. თინა ხიდაშელი უმრავლესობის მიერ შემოთავაზებულ ვერსიაში საფრთხეს ხედავს. ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთი კონსტიტუცია ვერ უძლებს ერთ ხელისუფლებაზე მეტს. მისივე თქმით, სამწუხაროდ, იგივე რეალობაში ვართ და ამ კონსტიტუციასაც არავითარი შანსი არ აქვს მიაღწიოს იქამდე, რა ვადასაც წერენ, რომ 2020-დან ან 2024-დან რაღაცები მოხდება.

„უშიშროების საბჭოს გაქრობა საერთოდ (მნიშვნელობა არ აქვს ვის ქვეშ იქნებოდა), არის ძალიან მძიმე ამბავი ქვეყნისთვის, რომელიც ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და მუდმივი განგრძობადი ომის პირობებში. ეს რაღაცა, სხვა შეიარაღებული ძალები, ჯერჯერობით, ამ წუთის მდგომარეობით ისევ წერია ტექსტში“, – აცხადებს თინა ხიდაშელმა.

ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებული ძალების შექმნა, შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, კობა ნარჩემაშვილის იდეა იყოს.

„დიდი ხანი ვიფიქრე, ვის შეიძლება ეს აზრი მოსვლოდა და ერთადერთი გამახსენდა კობა ნარჩემაშვილი, თუ „მხედრიონს“ არ ვიფიქრებთ, მაშინ შინაგანი ძალების აღდგენა უნდა იქნებ? არ ვიცი, ძალიან რთული შემთხვევაა. თავისთავად ასეთი აზრი რომ გაუჩნდა ხელისუფლებას - რაღაც ტიპის თოფიანი კაცები შეიძლება ქვეყანაში გააჩინოს, ეს უკვე ძალიან სახიფათოა“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ ფიქრობენ, რომ უსაფრთხოების საბჭო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს უშიშროების საბჭოს ფუნქციას. თამარ კეკენაძის განცხადებით, უშიშროების საბჭოს გაუქმებით, ხელისუფლება სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

„ამ მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებები იმდენად არაკომპეტენტურად არის გაკეთებული, რომ „ოცნება“ სერიოზულ დარტყმას აყენებს როგორც ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფას.

ჩვენ მივიღებთ რეალობას, როდესაც პრეზიდენტს ფორმალურად შეუნარჩუნდა მთავარსარდლის ფუნქცია, თუმცა რეალურად ექნება ნოტარიუსის ფუნქცია. ამ ცვლილებებით, უშიშროების საბჭოს გაუქმებით, პრეზიდენტი ისე აცხადებს საომარ/საგანგებო მდგომარეობას, რომ არანაირი შეხება არ აქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროსთან“, – აცხადებს თამარ კეკენაძე.

ოპოზიციის არგუმენტებს, რომ უშიშროების საბჭოს გაუქმება ჰიბრიდული ომის დროს ცუდი იქნება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის, არ იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის განცხადებით, უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციის ერთ–ერთი სიმახინჯე, რომელიც სწორდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთმა ექსპერტმა მაინც დაამტკიცოს, რომ დღეს რამეს აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო ჰიბრიდული ომის კუთხით. „ეს კითხვა დავსვით შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე და ვერც ერთი ე.წ. ექსპერტი ამას ვერ ამტკიცებს. დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული ფუნქციებს. ესეც არის ერთ-ერთ სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება.

რაც შეეხება ე.წ. თავდაცვის ექსპერტებს, ეს ადამაინები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და სამწუხაროდ, მათ ეწოდებათ თავდაცვის ექსპერტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საფრთხე, რაზეც თინა ხიდაშელი მიანიშნებდა არასერიოზულია. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ექსპერტების მხრიდან წამოსული კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან თითოეულ მუხლთან მიმართებით არსებული რისკები გათვალისწინებულია.

„ვცდილობ ხოლმე, რომ ყველა მუხლთან მიმართებაში ის გარკვეული რისკები გავითვალისწინო, რაც ზოგადად, არსებობს. ასეთი საფრთხე, რაზეც ქალბატონი თინა წინაზე მიანიშნებდა, რომ რაღაც მხედრიონის შექმნა იგეგმება, ეს, რა თქმა უნდა, არასერიოზულია. ასეთი, რაღაც თეორიული რისკები რეალურ მოცემულობასთან კავშირში ვერ არის“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი, რომლის შეფასებით, დღევანდელი უშიშროების საბჭო არის მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელი, ნოდარ ხარშილაძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების სფეროში მოღვაწე ექსპერტები აგრძელებენ ბრძოლას, რათა საქართველოს ჰქონდეს უფრო ჩამოყალიბებული, გამართული და ეფექტიანი უსაფრთხოების სისტემა.

პრეზიდენტის სასახლეში, უშიშროების საბჭოს მდივნის და თბილისის სტრატეგიული დისკუსიის ფარგლებში გაფორმებული კომუნიკეს ხელმომწერ ექსპერტებთან შეხვედრაზე ხარშილაძემ აღნიშნა, რომ ამ მიზნით გააგრძელებენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას.

„შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართოთ არა მარტო ვენეციის კომისიას და ნატო-ს, არამედ ყველას, ვინც მუშაობს საქართველოსთან მიმართებაში ამ საკითხზე. შემდეგ, ჩვენ ამ ხალხისგან მიღებული რეკომენდაციით მივმართავთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, რომ გაითვალისწინოს საზოგადოების ხედვა, განსაკუთრებით, რაც შეეხება უსაფრთხოების სექტორს, იმიტომ, რომ ამ სფეროში ვართ ჩვენ ექსპერტები. გვექნება იმის მცდელობა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეულად მოხდეს ახალი უსაფრთხოების სექტორის ჩამოყალიბება“, – განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.