მთავრობა კახა კალაძეს უკვე ოფიციალურად ემშვიდობება - „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში ეწეოდა და წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „შუახევიჰესის“ მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, კახა კალაძეს ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთვის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებული ვართ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ბოლო დრომდე ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის შესაძლოა, თბილისის მერი გახდეს.
„გუნდში არ ყოფილა ამაზე მსჯელობა, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს არჩევნებამდე გასაკეთებელი და როცა ამის დრო დადგება, რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იქნება კანდიდატი, რომელიც იქნება შერჩეული“, - აცხადებდა კალაძე.
გაზაფხულიდან მოყოლებული, მმართველი გუნდის მომავალი პოლიტიკური გეგმების შესახებ მრავალი ვერსია ვრცელდებოდა და ერთ-ერთი - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატად კალაძის წარდგენა იყო. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელსაც გუნდის მხარდაჭერაც აქვს და არც დამოუკიდებლობა აკლია, ბრძოლაში ებმება. სავარაუდოდ, უკვე, არჩევნების შედეგის პროგნოზირებაც შეიძლება და მისი ეფექტური მმართველობის მოწმენიც შეიძლება, გავხდეთ.
ცხადია, რომ სახელისუფლებო გუნდში მართლაც უნდა იხილებოდეს უფრო ეფექტური მართვის მოდელი, რადგან მმართველი ძალის რეიტინგი სულ უფრო დიდ რეგრესს განიცდის.
გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ახლა მიდის საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვა და თუ თბილისის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას აუდიტის სამსახურის უფროსად გადაყვანა სკანდალურ სახეს მიიღებს, სავარაუდოდ, სხვაგან დაასაქმებენ. ბოლოს და ბოლოს, უნივერსიტეტში დაბრუნდება, თუმცა კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ გააჩნია, როგორი წარმატებით დასრულდება მისი ბოლო აკორდი - პეკინის გამზირის რეაბილიტაცია.
არანაკლებ საინტერესოა, ვინ იქნება ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატი 2018 წელს - მარგველაშვილი რომ არა - ყველასთვის ნათელია, რადგან ექსპერტული წრეები დამოუკიდებელ მოთამაშედ გამოსვლის შემთხვევაშიც, მარგველაშვილს სერიოზულ მარცხს უწინასწარმეტყველებენ.
სახელისუფლებო თუ არასახელისუფლებო წრეებში მომავალ პრეზიდენტად ჯერჯერობით მხოლოდ ერთ კანდიდატს, ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს მოიაზრებენ, თუმცა სავარაუდოდ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მოისურვებს ივანიშვილი სახელისუფლებო სადავეები რამდენიმე ძლიერმა დაჯგუფებამ გადაინაწილოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა უკვე დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადება და ლიდერებთან ირიბი მოლაპარაკებები...
ეს ის ცვლილებებია, რაც გარდაუვალია მოახლოებული არჩევნების გამო, თუმცა კულუარებში სავარაუდოდ, მთავრობის უფრო მეტად გაეფექტურების გეგმაზეც მიდის მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში, შიგადაშიგ, მსგავსი ინფორმაცია „ჟონავს“.
საუბრობენ ქუმსიშვილის პოზიციის შესაძლო გაძლიერებაზე, პრემიერის სავარაუდო გადანაცვლებაზეც, თუმცა საკითხი ჯერჯერობით ასე დგას - რამდენად გაუძლებს მოქმედი პრემიერი ცალკე - შიდა სახელისუფლებო ინტრიგებს და რამდენად გახდება საჭირო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკურ-პოლიტიკური თუ სოციალური ფონის გამო ვინმეს შეაწმინდონ ხელი.