„ქვეყნისთვის ცუდია, როცა პრეზიდენტი ოპოზიციის ქარს გაჰყვება“

„ქვეყნისთვის ცუდია, როცა პრეზიდენტი ოპოზიციის ქარს გაჰყვება“

„ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი და ა.შ.“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ბრალდებას, რომელმაც მმართველი პარტია საკონსტიტუციო კომისიის წევრების და ვენეციის კომისიის მოტყუებაში დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადება არის შეურაცხმყოფელი.

„ჩვენ არ გვაინტერესებს იმ ადამიანების გამონათქვამები, რომელთა მიზანია დესტრუქცია, ეს არის მარგველაშვილი, აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეები, რომელსაც ეწოდება გუნდი. ესენი არიან მოხელეები. როგორ შეიძლება მე მოხელეების კომენტარებთან დაკავშირებით გავაკეთო კომენტარი? პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებებზე კომენტარს გააკეთებს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მმართველს გუნდს სკანდალურ ბრალდებას უყენებს. გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ მოატყუა საკონსტიტუციო კომისიის წევრები, ვენეციის კომისია და ქართული საზოგადოება. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც მიიღო ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ, არ არის ის დოკუმენტი, რომელზეც მუშაობდა თუნდაც ეს საკონსტიტუციო კომისია.

„ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა და არც ის დოკუმენტია, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო შეთავაზებული. კიდევ ერთხელ მოტყუვდნენ საკონსტიტუციო კომისიის წევრები, მოატყუეს ვენეციის კომისიაც და ქართული საზოგადოებაც. „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, პარლამენტის სხდომა რომ ერქვა, მიიღეს სრულიად სხვა დოკუმენტი და გვთავაზობენ ვიზეიმოთ გარიგება ოცნების გუნდის შიგნით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს ურჩევს, ნუ გაცდება კანონით მისთვის დადგენილი უფლებამოსილებების ფარგლებს.

„მათ რომ თავიდანვე მონაწილეობა მიეღოთ ამ პროცესში, ეს იქნებოდა გაცილებით უკეთესი, პოზიტიური და შედეგისკენ ორიენტირებული, ნაცვლად იმ დესტრუქცივიზმისა, რაც ფაქტობრივად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აწარმოა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მთელი დროის განმავლობაში.

მთელი კონსტიტუციური ცვლილებები, რაც მოიწონა კომისიამ, რაც საერთო სახალხო განხილვის შედეგად იქნა საზოგადოების მიერ მოწონებული, ასევე იქნა ვენეციის კომისიის მიერ ერთმნიშვნელოვნად მოწონებული. ეს ყველაფერი მეტყველებს მხლოდ ერთ რამეზე, რომ ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

აბაშიშვილის სკანდალური ბრალდების შემდეგ, მმართველი გუნდი კონსენსუსის უცოდინარობაში დაადანაშაულა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ კონსენსუსს ახორციელებს თავის თავთან დიალოგით.

„ისტორიულად ბევრად უფრო რთულ პერიოდშიც შემდგარა კონსენსუსი და იმისთვის, რომ ამჯერადაც შედგეს, უნდა დაიწყოს დიალოგი. კონსენსუსის და მოლაპარაკების რესურსი არსებობს ყოველთვის. სიმართლე რომ გითხრათ, დღეს საქართველოში გართულებულია კონსენსუსის ძებნა.

გუშინ შევახსენე საზოგადოებას, რომ 1995 წელს, როცა 23 პარტია იყო პარლამენტში და ძალიან ადრე იყო ქართული დემოკრატიისთვის, მაშინაც კი მოხერხდა კონსენსუსი იმიტომ, რომ იყვნენ პოლოტიკური ლიდერები, რომლებიც ამაში ხედავდნენ გამოსავალს. მე ვერ ვხედავ ვერანაირ სირთულეს ამასთან დაკავშირებით. მთავარია იყოს განწყობა, რომ გადავდგათ ნაბიჯი თანხმობისკენ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის შეთავაზებას - დიალოგის დაწყების საკითხზე, უმრავლესობა არ განიხილავს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ პრეზიდენტი გამოდის სუბიექტური თავისი პოლიტიკური მიზნებიდან, რაც საზიანოც კი შეიძლება იყოს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის. როცა პრეზიდენტი, რომელსაც ეროვნული კონსოლიდაცია ევალება, რადიკალური ოპონენტის პოზიციას ირჩევს.

ვიცე-სპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი სახელმწიფოში. გია ვოლსკი ამბობს, რომ ბევრი შენიშვნა და წინადადება არის გათვალისწინებული, თუმცა დარჩენილია საკითხები, სადაც მხარეებს პრინციპული პოზიცია აქვთ.

„არის საკითხები, რომელთა დაკავშირებითაც პოზიციების შეჯერება თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერ მოხდებოდა, თუნდაც მიწის კანონთან დაკავშირებით, ქორწინების თემასთან და არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით. წახვიდე იმაზე, რასაც მოგვიწოდებენ თუ გინდა პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთად, ან თუნდაც მცირე პარტიები - მათ გარშემო სატელიტები, ნიშნავს, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ დავაყენოთ სახელმწიფო უსაფრთხოება, ანუ ვერ შევქმნათ მთავრობა“, - აცხადებს გია ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი ცდილობს უმრავლესობასთან და პარლამენტთან დაპირისპირებით შეიძინოს აქტუალობა.

„პრეზიდენტი მოგვიწოდებს კონსენსუსისკენ, სინამდვილეში კი თვითონ პირველი იყო ვინც საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვასა და თანამშრომლობაზე უარი თქვა. ფაქტია, რომ მას კონსტიტუციის ახალ პროექტზე დასაბუთებული არგუმენტები არ წარმოუდგენია და რაზეც კითხვის ნიშნები დასვა საჯაროდ - ვენეციის კომისიამ ამომწურავად გასცა პასუხი. ქვეყნისთვის ცუდია, როცა პრეზიდენტი ოპოზიციის ქარს გაჰყვება“,- განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება მიუღებელია დეპუტატ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომლის განცხადებით აბაშიშვილის განცხადება არანაირ კანონიერებაში არ ჯდება და გონივრულ კრიტიკას გადაცდა.

„როცა პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტს პატივს აღარ სცემს, კონსტიტუციას უგულებელყოფს ე.ი. არ დაიცავს და ვერ იქნება მისი გარანტორი, თავის მთავარ ვალდებულებაზე უარს ამბობს. რაღა უნდა ითქვას - ნათელზე ნათელია, რომ პრეზიდენტი შეუდგა პოლიტიკურ ბრძოლას, ამოირჩია მოკავშირეები და მიდის ღია კრიზისისკენ. ან იმედი აქვს გადააყენებენ, ან თვითონ აპირებს გადადგომას და ამით არჩევნების გამოწვევას და კონსტიტუციის გაყინვას ცდილობს.

რაც უნდა იყოს, ეს ნიშნავს დაძაბულობის გამოწვევას, რის მეშვეობით, ნებსით თუ უნებლიეთ გარდაიქმნება „ოცნების“ მოყვანილი პრეზიდენტიდან ნაცგაერთიანების კანდიდატად. აქ ქვეყნის ინტერესები არ ჩანს არსად. პრეზიდენტი შეიძლება ასეთ ვაბანკზე მიდიოდეს თუ ქვეყნის სუვერენობა, დამოუკიდებლობა ან მთავარი ღირებულებები საფრთხის ქვეშ დგება. ამ მძიმე არტილერიის გამოყენება პირადი პოლიტიკური ამბიციებისთვის და ანგარიშსწორებისთვის, ამორალურიცაა და მიუღებელიც“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.