„საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 115 ხმით პირველი მოსმენით მიიღო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად ქვეყანამ მიიღო კონსტიტუცია, სადაც ძალიან ბევრი ხარვეზი და კონსტიტუციური ლოგიკით დაუშვებელი ნორმები იყო შეტანილი.
როგორც პრემიერი ამბობს, სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარლამენტო მოდელზე გადასვლა იყო მმართველი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი და ამიტომ შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, სადაც ნებისმიერ წევრს ჰქონდა საკუთარი არგუმენტების წარმოდგენის შესაძლებლობა და თითოეულ მათგანს შეეძლო მიეღო მონაწილეობა კონსტიტუციური ცვლილებების ფორმირების პროცესში.
„სხვადასხვა ნორმის კონსტიტუციაში შეტანის საკითხი კი ხმათა უმრავლესობით წყდებოდა. ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩატარდა უპრეცედენტო მასშტაბის საყოველთაო განხილვები და ცვლილებების შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
შემუშავებული ცვლილებები ექსპერტიზისთვის გადაგზავნილი იქნა ვენეციის კომისიაში, სადაც ცვლილებები დემოკრატიისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად იქნა შეფასებული. საბოლოოდ, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის.
„პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას. მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები. აღნიშნული ცვლილებებით რეგულირდება შემდეგი საკითხები: მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე - შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით; იზრდება ადამიანის, საზოგადოების დაცულობის ხარისხი და კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში ფიქსირდება ქვეყნის საგარეო არჩევანი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დაგეგმილი ცვლილების ფარგლებში იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები. შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა.
„იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი, მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები. კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი. საბოლოო ჯამში კი, ამ ეტაპისთვის შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე.
აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა არგუმენტებს მოკლებული უწოდა ოპოზიცის მცდელობას, მოახდინოს საზოგადოების კონსოლიდირება საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. საქართველოს პრემიერი მოუწოდებს საზოგადოებას, კარგად გაიაზრონ იმ მიღწევების ფასი, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები გულისხმობს.
„დღეს ვხედავთ პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის არასამთავრობო სექტორის ნაწილის, რათა დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული. უფრო მეტიც, უსამართლო, ჩემი აზრით. ამიტომ მე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო მათ, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, რამხელა მუშაობის შედეგია ყველაფერი ეს და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების კუთხით და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღებულია. კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში დღეს გაიმართება. მმართველი გუნდი პროექტის ორი მოსმენით მიღებას მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, საბოლოოდ დამტკიცებას კი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს სტაბილურობას განვითარებისთვის, თუმცა ასე არ ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი.
„ეს არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ტონი არ მოსწონს უმრავლესობას. ვიცე-სპიკერის განცხადებით, დასანანია, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური ბრძოლის ასეთ გზას დაადგა. გია ვოლსკი ამბობს, რომ პრეზიდენტი არც დღევანდელი და არც მომავალი კონსტიტუციით ამ ფორმატში და ამ ფარგლებში არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებებს. ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკურ ველზე დარჩენას ფიქრობდეს და ეს განცხადებებიც სწორედ ამას უკავშირდებოდეს.
„მგონია, რომ პრეზიდენტი ძალიან ცუდად უწევს ექსპლუატაციას ხალხის ვითომცდა პოზიციას. თუკი ხალხის ინტერესებზეა საუბარი, სწორედ მან უნდა გაითვალისწინოს ამის აუცილებლობა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი ფიქრობს პოლიტიკურ ველზე დარჩენას და შეიძლება 2018 წელს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მაგრამ, როცა იმყოფები იმ პოზიციაზე, როცა გავლენა შეგიძლია მოახდინო ჩვენს სანუკვარ მიზანზე, რასაც სტაბილურობა წარმოადგენს, ათჯერ მაინც უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტის პირველი მოსმენით მიღებას, ვიცე-სპიკერის განცხადებით, სახელმწიფო მმართველობა უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული და იქნება სტაბილურობა, რადგან ასეთი კონსტიტუცია უზრუნველყოფს სტაბილურობას განვითარებისთვის.
„ჩვენ არ ველოდებით, რომ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. ისევე როგორც არ ველოდებით იმას, რომ კონსტიტუციური მთავრობა შეიძლება შეიქმნას იმ პირობებში, რა პირობებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. გამორიცხულია იმის გაკეთება, რასაც ისინი ითხოვენ. წინასწარ ყველასთვის ნათელი იყო, რომ კენჭისყრის წინ ბოიკოტი იქნებოდა.
ველოდებით იმას, რომ სახელმწიფო მმართველობა უფრო მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული და იქნება სტაბილურობა. ასეთი კონსტიტუცია უზრუნველყოფს სტაბილურობას განვითარებისთვის.
ეს არ არის ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია. აქ არის რამდენიმე პარტია, რომელიც უმრავლესობაში ისევე გაერთიანდა, როგორც კოალიცია პატარ-პატარა პარტიებისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ არის შეკრებილი. თუკი ღრმად გავაანალიზებთ, არც ერთ პარტიას უმრავლესობაში არც ნაკლები ისტორია გააჩნია თავისი პოლიტიკური ცხოვრების და არც ნაკლები ინტელექტუალური შენაძენია ჩვენთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
115 ხმით პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტის მიღებას, საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა „ევროპულმა საქართველომ“. გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა, პრაქტიკულად, ახალი კონსტიტუცია. მისი თქმით, კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იქნა მიღებული, არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს. ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია.
„შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაგართვეს და გადაგივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საკუთარი პარლამენტის არჩევის უფლება. ეს კონსტიტუცია არ ემყარება საზოგადოებრივ კონსენსუსს.
ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა დღეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია. ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულები, თითოეული მოქალაქე მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
„ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური“ - ასეთია „ნაციონალური მოძრაობის“ შეფასება. ნიკა მელიას განცხადებით, არც ერთი პოლიტიკური პარტია ქვეყანაში რეგისტრირებული, არ ეთანხმება „ქართულ ოცნებას“ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„არ არსებობს არც ერთი სამოქალაქო ჯგუფი, ვინც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას.“ მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია ასე კადნიერად იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც, ბუნებრივია, არის ანტიდემოკრატიული, ანტიკონსტიტუციური“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი კი, ამბობს, რომ 115 ხმით ცვლილებების დამტკიცება იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იმაზე მძიმე ვითარებაა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ერთმა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებები თვითონ შექმნა, თვითონ განიხილა პირველი მოსმენით და ამ კანონს მხარს თვითონვე უჭერს.
„ეს ერთპარტიული დიქტატურაა. ერთპარტიული დიქტატი ყოველთვის ცუდია - მე ვარ მართალი და შეუმცდარი სახელმწიფო მართვაში - ეს აზროვნება დამღუპველია. ჩრდილოეთ კორეაში სხვა რამე კი არ ხდება. ეს უმძიმესი პროცესია „ქართული ოცნებისთვის“ და უმძიმესი შედეგებით დასრულდება“, - ამბობს ირმა ინაშვილი.