ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია - კონსტიტუცია 115 ხმით მიღებულია

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია - კონსტიტუცია 115 ხმით მიღებულია

მმართველმა პარტიამ ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვილებებს, ნახევრად ცარიელ დარბაზში პირველ მოსმენით უყარა კენჭი. პარლამენტმა 115 ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილების პროექტი მიიღო. კენჭისყრაზე ასევე 115 ხმით მხარი დაუჭირეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონის ახალ რედაქციას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ერთსულოვნებისთვის და ისტორიული დოკუმენტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტი კი, ამავე უმრავლესობას მოუწოდებს, რომ ნუ იძალადებენ პოლიტიკურ პროცესზე პულტებით.

„იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი ეროვნული თანხმობის დოკუმენტი, მე ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით 6 თვის წინ. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. ეს არ არის თანხმობის ერთიანი დოკუმენტი. მას ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია, რაც აპრიორი ნიშნავს იმას, რომ დკუმენტი არ არის თანხმობის, ერთიანი სულისკვეთების გამოხატვის დოკუმენტი.

მინდა გავახსენო ქართულ საზოგადოებას, რომ 95 წელს, როცა პირველად დაიწერა კონსტიტუცია, პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. მას შემდეგ კონსტიტუციაში ყველა შეტანილი ცვლილება იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი. სამწუხაროდ, იგივე გრძელდება ახლა.

მოვუწოდებ დეპუტატებს, იმ ხალხს, ვინც უნდა გადაწყვიტოს კონსტიტუციის მიღება-არმიღების ბედი, თქვენ ხელში გაქვთ პულტები, შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ. ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება. მიმდინარე კვირას, რიგგარეშე სხდომის ფორმატში გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ სრული შემადგენლობით დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონსტიტუცია, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა, „ქართულ ოცნებაზეა“ მორგებული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას ბოიკოტს უცხადებს „პატრიოტთა ალიანსი“ და ბიძინა ივანიშვილს პროცესში ჩართვას სთხოვს.

„ქართული ოცნება“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას, რომ ქვეყანა გადავიდოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. დღეს კი, უცებ გამოგვიცხადეს, რომ ისევ ტოვებენ ძალაში შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემას, დაწევენ ბარიერს 3%-მდე, რომ მოთაფლონ სხვა პარტიები, გააჩუმონ, ასე ვთქვათ, კანფეტი მისცენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანფეტს არ აიღებს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ყველა პრინციპულად მოითხოვს მთავარი დაპირების შესრულებას, გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ანალოგიური პოზიცია აქვთ „ევროპულ საქართველოში“, როგორც პარტიაში აცხადებენ, უმრავლესობა არღვევს იმ დაპირებას, რომლითაც მოსულები არიან უკვე მეორე ოთხწლეულია.

„ეს იყო პროპორციული სისტემისკენ წასვლა. ეს არის საკითხი, რომელზეც თავად თანხმდებოდნენ. ასევე მათ შემოაქვთ ცუდი სისტემა ბონუსების, რომელიც აბსოლუტურად არასამართლიანია და არადემოკრატიული. ასევე ისინი აუქმებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც არის ადამიანებისთვის ხმის უფლების წართმევა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

კონსტიტუციის არალეგიტიმურობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში შედის, არის ძალადობა ქართულ საზოგადოებაზე. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური ძალის ლიდერი, რომელიც მართავს ქვეყანას და რომელსაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს პარლამენტში, უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ისეთ ფუნდამენტურ საკითხში, როგორიც არის კონსტიტუციის ცვლილება.

„პრემიერის დამოკიდებულება კონსტიტუციური პროცესის მიმართ, აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ რეალურად „ქართული ოცნება“ არ არის არანაირი პოლიტიკური პარტია და ქვეყანა არ იმართება რაიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ, არამედ იმართება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომლის დანიშნული მენეჯერი არის გიორგი კვირიკაშვილი“, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

არასაპარლამენტო ოპოზიცია შესაძლო რევოლუციურ სცენარზე საუბრობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შეფასებით, ეს კონსტიტუცია შექმნის პრობლემას, რადგან ჩვენ დავდგებით მორიგი საკონსტიტუციო ქარტეხილის წინაშე, რადგან კონსტიტუცია ზუსტად ისევე იქნება მიღებული, როგორც 2010 წელს, მიხეილ სააკაშვილის დროს, როდესაც ასევე არ შედგა კონსენსუსი. უმრავლესობა მაშინ არ ეძებდა კონსენსუსს, ისევე როგორც დღეს „ქართული ოცნება“ არ ეძებს და შემდეგ ეს კონსტიტუცია გახდა მრავალი სპეკულაციის, პრობლემის და დღეს უკვე ამ ტიპის გადასინჯვის საგანი.

„ის, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციას მმართველი გუნდის გარდა, არც ერთი პოლიტიკური ძალის და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერა არ ექნება, ლეგიტიმაციისთვის ეს არ აჩენეს კითხვის ნიშნებს. ამ ადამიანებმა მიიღეს უმრავლესობა საპარლამენტო არჩევნებში. ლეგიტიმაციის პრობლემები არ ექნება, მაგრამ აუცილებლად ექნება სხვა, უფრო დიდი, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

უმრავლესობაში თვლიან, რომ ოპოზიციის ბოიკოტი, რომელიც მათ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გამოუცხადეს, კარგი არ არის. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ბოიკოტი ეს არის ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგი, რითაც ისინი ცდილობენ პროგრესს და პროცესების მიმდინარეობას ჩრდილი მიაყენონ.

ვიცე-სპიკერის განმარტებით, უმრავლესობას რადგან აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს სამართლებრივი უფლება იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, კონსტიტუციის შემუშავების პროცესში ბევრი რამ იყო დათმობილი.

„ნამდვილად არ არის კარგი, როდესაც სხვა პარტიები ამ განხილვებში არ იღებენ მონაწილეობას. კონსტიტუციის შემუშავების პროცესი მძიმე იყო. ბევრი კომპრომისი გახდა საჭირო, როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბევრი რამ იყო დათმობილი პარტიებთან მიმართებაშიც. სამწუხაროა, რომ ბოლოს მაინც მივიღეთ ის სიტუაცია, როდესაც სხდომათა დარბაზში არიან მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები.

როგორც ჩანს, ოპოზიციის მიზანი სწორედ ეს იყო. რაც შეეხება პროცესს, ის არის ლეგიტიმური. უმრავლესობას რადგან აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს სამართლებრივი უფლება იმისთვის, რომ მიიღის გადაწყვეტილება. სამართლებრივ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, უმჯობესია, რომ მეტი პოლიტიკური აქტივი იყოს ჩართული პროცესში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ოპოზიციის შემდეგ, საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მმართველი პარტიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მათ შორის, ვენეციის კომისიას მიაწვდიან.

საიას თავმჯდომარის შეფასებით, ხელისუფლებას სურს, მხოლოდ ერთი პარტიის ნება-სურვილს დაარქვას კონსტიტუცია.

„როგორც ჩანს, კიდევ ერთი არჩევნები ჩატარდება იმ უსამართლო საარჩევნო სისტემით, რომელიც გვაქვს. ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთეთ ყველაფერი, როგორც კომისიის ფარგლებში, ასევე მის გარეთაც, რომ ყველა ნაბიჯი გადადგმულიყო ამ მიმართულებით. ამ პირობებში ხელისუფლების ქმედება არის დაუსაბუთებელი და არადემოკრატიული. ფაქტობრივად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ არ აინტერესებს არც საზოგადოების და არც ვენეციის კომისიის დასკვნა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში აქტიურად იყო ჩართული და მათი შენიშვნების დიდი ნაწილიც გათვალისწინებულია.

„უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსტიტუცია ხალხს დაუბრუნოს. არ ვიცი სიტყვა „აბსურდი“ რამდენად არის ის სიტყვა, რომელიც არასამთავრობო სექტორმა თავის დასკვნებში უნდა გამოიყენოს ან ჩვენ რამდენად უნდა ვუპასუხოთ ამ კითხვას. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ბოლომდე იყვნენ ჩართული და მათი შემოთავაზებების დიდი ნაწილი არის ასახული კონსტიტუციის პროექტში“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.