საქართველოს პარლამენტში, პირველი მოსმენით, საქართველოს კონსტიტუციაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს, რომელიც საბოლოოდ, ოპოზიციის ბოიკოტით დასრულდა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შემუშავებული დოკუმენტით, საპარლამენტო მმართველობის სისტემა ყალიბდება - მმართველობა ეფუძნება ოთხ ძირითად პრინციპს: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო პრინციპი შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა როგორც ცნობილია, მმართველ გუნდში არსებული შეუთანხმებლობის გამო, გადაწყდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, მომავალი 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. თუმცა, ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.
კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებული პროექტის რიგი მუხლები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე ჩასწორდა: პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში, ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესში ე.წ. ჭერი წესდება; პარლამენტის მიერ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სახალხო დამცველის არჩევა შესაძლოა ხმათა 3/5-ით მოხდეს; განიხილება პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის დროს, პირველ ტურში, კვალიფიციური უმრავლესობითა და ღია კენჭისყრით არჩევის საკითხი.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს, კობახიძის განმარტებით იგი არსებობდა საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაში და ფორმალურად, ნახევრად საპრეზიდენტო სისტემაში, სადაც უშიშროების საბჭო იყო აბსოლუტურად სხვა ორგანო. დღეს ეს უშიშროების საბჭო ნულოვანი ეფექტურობის მატარებელი ორგანოა და შესაბამისად, ამ ორგანოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
რაც შეეხება უშიშროების საბჭოს საკითხის მოწესრიგებას საკანონმდებლო დონეზე, კობახიძის თქმით, სხვადასხვა ვარიანტი არსებობს.
„სხვადასხვა ვარიანტი შემოგვთავაზეს, მათ შორის ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა. ერთ-ერთი ვარიანტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ანუ პრემიერის ქვეშ უშიშროების საბჭოს შექმნა, რასაც არ სჭირდება კონსტიტუციის დონეზე მოწესრიგება“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრეზიდენტს, ისევე, როგორც ოპოზიციას, კონსტიტუციასთან კვლავაც შენიშვნები აქვთ. მათი აზრით, „ეს კონსტიტუცია არ იძლევა ერთიან ხედვას თუ რა ტიპის სახელმწიფო მმართველობას, სახელმწიფო სისტემას ვქმნით. კონსტიტუცია გრძელვადიან შეთანხმებას გულისხმობს სახელმწიფო მოწყობის საკითხებსა და მმართველობის საკითხებზე. სანაცვლოდ ჩვენ მოკლევადიან და მოკლე-მოკლე ნაბიჯებით სიარულს ვხედავთ კონსტიტუციაში, რაც გაუმართლებელია“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ერთი კვირის წინ იყო სხვა კონსტიტუცია, დღეს კი უმრავლესობამ საზოგადოებას მეორე კონსტიტუცია შემოაპარა.
„კონსტიტუციაში არ წერია, რომ პრეზიდენტს შეიძლება ერთი წლით გაუხანგრძლივდეს არსებობა, თუმცა ამასაც აპირებენ. გვაქვს აბსურდულ ვითარებასთან საქმე. საერთოდ გაუგებარია რას აპირებენ. იყო ერთი კონსტიტუცია ერთი კვირის წინ, შემოგვაპარეს მეორე. ზუსტად ხანუმას კომედიაა, პატარძალს რომ შეგიცვლიან ქორწილის ღამეს. კონსტიტუცია შეგვიცვალეს ხალხო!“ ,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა ვადებზე გაამახვილა ყურადრება: „თქვენ არ დაგისახელებიათ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ვადა. ჩვენ აქ არ განვიხილავთ სამეცნიერო ნაშრომს, რაღაც თეორიულ საკითხებზე არ ვმსჯელობთ, რომ ვადა არ იყოს მნიშვნელოვანი. ეს არ არის დედამიწის მიზიდულობის ძალა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება მოქმედებდეს. ვარიანტი, რომელიც გაჟღერდა ამ დღეებში, არის ის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2024 წელს ამოქმედდება. ხომ არ გგონიათ, რომ ამ თვეების განმავლობაში, როდესაც დადიოდით და საუბრობდით ამ კონსტიტუციაზე, უბრალოდ ატყუებდით მოსახლეობას?“, - განაცხადა რატიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი პროპორციული საარჩევნო სისტემის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გადავადებას ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფით ხსნის.
„არ არის აუცილებელი, რომ 2020 წელს არჩევნებში „ქართულომა ოცნებამ“ გაიმარჯვოს. პარტიას, რომელიც პირველ ადგილზე გავა, აქვს რეალური შანსი მაჟორიტარებიც უფრო მეტი ჰყავდეს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მოსაზრებას, რომ ეს არის უსამართლობა. თემა, რასაც ჰქვია, რომ 2020 წელს არჩევნები ჩავატაროთ შერეული წესით და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადავიდეთ, ეს უკავშირდება არა რომელიმე პარტიის და კერძო პირის ინტერესს, არამედ ქვეყნის ინტერესს, ჰყავდეს სტაბილური მთავრობა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება სადავო „ბონუსს“, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ზღვარი წესდება, იმისთვის, რომ არ იყოს ძალიან დიდი გადახრა პარტიის მიერ არჩევნებში მიღებულ ხმებსა და მიღებულ მანდატებს შორის.
„პირველი, ეს არის აბოსულუტური ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბონუსის“ ხარჯზე პარტია 89 მანდატზე მეტს ვერ მიიღებს. მეორე, ეს არის ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დამატებითი მანდატების რაოდენობამ ძირითადი მანდატების 35%-ს არ უნდა გადააჭარბოს. მაგალითად, თუკი პარტია ძირითადი მანდატების სახით 40%-ს იღებს, ის „ბონუსის“ ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს. მესამე, ეს არის აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი პარტიას „ბონუსის“ ხარჯზე მანდატების რაოდენობა აბსოლუტურ უმრავლესობამდე - 76-მდე არ ევსება, ამ შემთხვევაში, ბონუსი აზრს კარგავს და ის არ განაწილდება“, - განაცხადა კობახიძემ.
„მთავარი პრობლემა, რაც ამ კონსტიტუციაშია, არის ძალიან დიდი რაოდენობა ერთჯერადი გამონაკლისი მექანიზმების, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტი“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო პროექტი საზოგადოებას რამდენიმე ნიშნით დაამახსოვრდება.
„ჩვენ გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ პრეზიდენტი აირჩევა არაპირდაპირ, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე აირჩევა პირდაპირი წესით. გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ გადავდივართ ახალ საარჩევნო სისტემაზე, მაგრამ შემდეგ არჩევნებზე საარჩევნო სისტემა რჩება ისეთი, როგორიც დღეს არის. გვაქვს ერთჯერადი გამონაკლისი, რომ ბარიერი რჩება ხუთი პროცენტი, მაგრამ ერთჯერადად იქნება სამი პროცენტი. გამონაკლისია ისიც, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ ხუთი წლით, მაგრამ ერთჯერადად ავირჩევთ ექვსი წლით. ასეთი გამონაკლისები მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკურად უხარისხო დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მანმე გაახმოვანა „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება - ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას ერთი პარტიის ხმებით, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია.
„ჩვენ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, შეკითხვები, წინააღმდეგობა. ამის იქით გვრჩება მხოლოდ მეორე მეთოდი საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის - შემდგომ განხილვაში მონაწილეობის აღარ მიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს“,- აღნიშნა ბაქრაძემ.
თუმცა უმრავლესობა თვლის რომ ოპოზიციამ ეს გადაწყვეტილება არგუმენტების არარსებობის გამო მიიღო: „როდესაც აღარ გაქვს არგუმენტები, ამასთან, გარდა საკონსტიტუციო კომისიისა, ხალხი და ვენეციის კომისია გეუბნება, რომ შენი ლოგიკა ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა, ერთადერთი გზა პროცესის დისკრედიტაციისთვის არის ბოიკოტი.
„თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება - ეს არის ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების მოკლე აღწერა. გარდა ამისა, როდესაც აცხადებ, რომ არ ენდობი მმართველ გუნდს და მას მარტო ტოვებ დარბაზში კონსტიტუციის განხილვისას, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუები და იცი, რომ მართლაც საუკეთესო კონსტიტუცია იწერება, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის მომავალი“, -განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევის იდეა არ მოსწონს, რადგან ჰგონიათ, რომ თავი აქვთ ქუდში და არ უნდათ, სხვა პარტიებსაც ეხუროთ თავზე ქუდი.
თალაკვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აუცილებლად გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხოლო „ბონუსის“ სისტემასთან დაკავშირებით თეორიული რისკებიც მოიხსნება.
მისივე განმარტებით, საქართველო აუცილებლად გადავა უფრო დემოკრატიულ საარჩევნო სისტემაზე და ეს რა თქმა უნდა, აისახება შემდგომ არჩევნებზე, ბარიერის დაწევით.
„საპარლამენტო ოპოზიციას არ სურს შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში სხვა პარტიებთან კონკურენტულ რეჟიმში აღმოჩნდნენ. სწორედ ამიტომ ამ ინიციატივას დადებითად არ გამოეხმაურნენ. მაგრამ არა მგონია, რომ სხვა პარტიები, რომლებიც დღეს პარლამენტს გარეთ არიან, იგივეს ფიქრობენ 3%-იან ბარიერზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.