„სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ შევდივართ ღრმა კრიზისში და შემდეგ ვეძებთ გამოსავალს“

„სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ შევდივართ ღრმა კრიზისში და შემდეგ ვეძებთ გამოსავალს“

დავით უსუფაშვილი, რომელიც ახალი პოლიტიკური მოძრაობით დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას, ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუ „ოცნების“ გავლენიანმა ლიდერებმა სასწრაფოდ არ გაიაზრეს, საით მიექანება პოლიტიკური პროცესები, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე მივიღებთ ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას.

უსუფაშვილის შეფასებით, ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებაში „ლომის წილს“ სწორედ არსებული საარჩევნო სისტემა დაიდებს, ისევე, როგორც ეს 2012 წელს მოხდა.

„ამ სისტემას პირველ და მეორე არჩევნებზე ერთპარტიული მმართველობის ექსტაზში შეყავს ხელისუფლება და მესამე არჩევნებზე ასე ძალაუფლებით მთვრალებს ანარცხებს მიწაზე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გამოჩნდება თუ არა პოლიტიკური ძალა, რომელსაც ძალაუფლებით მთვრალი ხელისუფლების მიწაზე დანარცხება შეუძლია, ამ ეტაპზე ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა არანაკლებ რთულად პროგნოზირებადი სიტუაცია იყო მაშინაც, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ პოლიტიკურ განცხადებას გაავრცელებდა.

„რაც კარგია - ვუვლით, რაც ცუდია - ვცვლით, რაც გვაკლია - ვქმნით“ - ეს უსუფაშვილის ახალი პოლიტიკური მოძრაობის ლოზუნგია და პრინციპში, ეს არის ის, რაც დღევანდელ საქართველოს სჭირდება. რამდენად არის ნიადაგი მომზადებული იმისათვის, რომ ასეთი ტიპის მოძრაობამ რეიტინგი აკრიფოს საზოგადოებაში და რამდენად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება, რა არის დღევანდელი და საერთოდ, ქართული ოპოზიციის მთავარი პრობლემა, ამ თემაზე ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

ვახტანგ ძაბირაძე: საზოგადოება ამ ტიპის პოლიტიკურ მოძრაობას მიიღებს ყოველთვის, მაგრამ ახლა ცოტა სხვა რაკურსია - დამისახელეთ ამ 25 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელიც ამბობდა, რომ არა, ყველაფერს ვცვლით - ყველა აცხადებს, რომ რაც კარგია დატოვებს, ცუდს - შეცვლის და ახალს დაამატებს - ეს გასაგებია.

მათ უნდა დაგვიკონკრეტონ რა არის კარგი და რას დატოვებენ, რა - ცუდი, რას შეცვლიან და რა უნდა შექმნან. ეს ყველაფერი რომ გაიწერება, მერე უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, ვეთანხმებით თუ არა. თუ მთელი საზოგადოება დაეთანხმება, მაშინ ყველაფერი გაკეთდება.

კიდევ ერთია საჭირო - გარანტია, რომ ეს ნამდვილად გაკეთდება - იმიტომ, რომ ყველა გვპირდებოდა, მაგრამ ძალაუფლების მიღების შემდეგ ივიწყებდა, რას პირდებოდა ამომრჩეველს. თუმცა, ძალიან მინდა, წარმატებული მოძრაობა იყოს.

რესპუბლიკელები მუდამ გამოირჩეოდნენ იმით, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს კარგად იციან, რა ილაპარაკონ. თუმცა ეს იყო პარტია, რომელსაც რეიტინგის პრობლემა ყოველთვის ჰქონდა - ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს სურათი უკვე ნანახი გვაქვს - რა არის დღეს საჭირო იმისათვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვოს პოლიტიკურმა ძალამ? ნდობის მაღალ დეფიციტს რით დააბალანსებს?

- ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების მისაღწევად სჭირდება თამამი იდეების შეთავაზება ამომრჩევლისთვის, ასევე გათვალისწინება იმისა, განვითარების რა ეტაპზეა ჩვენი საზოგადოება. უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა და აქედან გამომდინარე გაკეთდეს შეთავაზებები. ღირებულებები არ უნდა შეიცვალოს და არც შეიცვლება, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოება დღეს განიცდის იდეების სიმწირეს. თუ იქნება იდეები სწორად შეთავაზებული, ესეც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ჩვენი საზოგადოების პრობლემა ის არის, რომ პროდსავლურ პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობოებს შორის, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე აკეთებენ აქცენტს, თითქმის შეუძლებელია ზღვარის გავლება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს პოლიტიკური განცხადებების კეთებისას. არადა, რეალურ ცხოვრებაში პოლიტიკური ძალა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია განსხვავდება.

გასაგებია, რომ ეს არ არის უფსკრულივით სხვაობა, მაგრამ ეს ნახევარტონები დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უნდა იყოს ძალიან მკვეთრი და მკაფიო, თორემ თუ ასე იქნება გადღაბნილი და ერთმანეთში არეული პოლიტიკური პარტიის განცხადებები, ასეთი პოლიტიკური ძალა დღევანდელ საქართველოში რეიტინგს ვერ მოიპოვებს. მხოლოდ საქართველოში კი არა, დასავლეთშიც ვერ იქნება რეიტინგული. ჩვენ გვიჭირს ზღვრის გავლება, მაგრამ პოლიტიკა სხვა საქმიანობის სფეროა. მას უნდა ესმოდეს დღვანდელ დღეს რისი მიღწევაა შესაძლებელი და ამაზე უნდა იყოს თამაში.

არასამთავრობოები ასეთი შეფასებებისას თავისუფლები არიან და ამიტომაცაა, რომ სამოქალაქო სექტორი ვითარდება და წინ მიდის. პოლიტიკური პარტია ვერ იქნება ავანგარდში - ეს სამოქალაქო სექტორის ამოცანაა და როდესაც პარტია ორივე ფუნქციას კისრულობს, ის ვერ გახდება პოპულარული.

რაც შეეხება პოლიტიკურ ამოცანებს, დღეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ამოცანა უნდა იყოს მესამე პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება და .. წინა არჩევნების დროს ბევრს ვსაუბრობდით ახალი პოლიტიკური ცენტრის საჭიროებაზე და თითქოს კანდიდატებიც ჩანდნენ, მაგრამ არჩევნების შედეგებმა სულ სხვა რეალობა გვიჩვენა - ახლა მაინც თუ არის შესაძლებელი, თუნდაც ამ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ ეს ნიშა დაიკავოს?

- დღეს არის მოთხოვნილება ახალ ძალაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ოპოზიციური ველი განულებულია და ახლა იწყება ფორმირება. მინდა ვუსურვო ახალ ძალას, რომ ბარიერის გადალახვაზე კი არ იმუშავოს, არამედ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვიდეს, მაგრამ იმისათვის, რომ მათ სიძლიერეში დავრწმუნდეთ, დროა საჭირო.

ვინც ამ მოძრაობაშია და ვისაც ვიცნობ, ის ხალხია, ვინც საზოგადოების სიმპათიას იმსახურებს, მაგრამ როგორ შეძლებს ეს გუნდი იმ ამოცანების გადაჭრას, რაც პოლიტიკური ძალისთვისაა საჭირო, ამას უნდა შევხედოთ.

პოლიტიკური ძალის წარმატებისთვის ადამიანური რესურსების გარდა, საჭიროა ფინანსური რესურსებიც, შესაძლებელია დღევანდელ პირობებში ახალი პოლიტიკური ძალისთვის ამ კომპონენტების მოპოვება?

- პოლიტიკურ ვითარებასაც აქვს მნიშვნელობა - გაიხსენეთ, საქართველოში რა ვითარებაში იცვლებოდა ხელისუფლებები...

ასეთი მწვავე სიტუაცია რომ არ არის, ამიტომ გეკითხებით...

- ყოველთვის ფული არ წყვეტს საკითხს. სამწუხაროდ, მივეჩვიეთ, რომ შევდივართ ღრმა კრიზისში და შემდეგ უკვე ვეძებთ გამოსავალს. ახლა ასეთი სურათი არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი იქით მიდის, რომ ამგვარი სიტუაცია შეიქმნას. თუ ისევ კრიზისული სიტუაცია მივიღეთ, ალბათ, მერე, უკვე სხვა ფაქტორები იმუშავებს, ვიდრე ფული. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, ეს არ უნდა იყოს პირდაპირ დამოკიდებული ფულზე, მაგრამ ვნახოთ, რა იქნება.

საქართველოში არის ოპოზიციური პარტიები, თანაც საკმაოდ ბევრი, მაგრამ თუ არა რაღაც პოლიტიკური გარიგება, იშვიათად, რომ ბარიერი გადალახონ. პრობლემა რაშია?

- 2016 წლის არჩევნები იყო კატასტროფა და მოულოდნელობა ყველასთვის და თავად ოპოზიციისთვისაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია გაქრა - მიმდინარეობს მისი ფორმირება და ახლა სწორედ ამ პროცესის მოწმენი ვართ. რა სახეს მიიღებს საბოლოოდ, მოგვიანებით გამოჩნდება. ველოდები, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდება, როგორია ოპოზიციური ფლანგი და რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის, რომ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს.

რაკი ახალი მოძრაობის ლიდერად ვიხილეთ უსუფაშვილი, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამოწურა თავისი ფუნქცია?

- რამდენადაც ვხედავ, ისინი მშვენიერ საარჩევნო კამპანიას ეწევიან „თავისუფალ დემოკრატებთან“ ერთად. არ ველოდები ასტრონომიულ შედეგებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, ორიოდე წლის შემდეგ ძველი და ახალი პოლიტიკური ძალები ერთ პოლიტიკურ ძალად ვიხილოთ - ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში.