საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. რამდენიმესაათიანი მსჯელობისა და განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი 3%-მდე შემცირდება.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე იმსჯელეს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და კონსენსუსი შედგა იმ გუნდში, რომელსაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა.
„რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, საუბარი იმაზე გვქონდა, რომ შესაძლებელია დავწიოთ ერთჯერადად საარჩევნო ბარიერი შერეული სისტემის პირობებში. ამასთან დაკავშირებით საბოლოო პოზიცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება. მიმაჩნია, რომ 3%-იანი ბარიერი ოპტიმალური იქნება. საბოლოო ჯამში ამაზე პოზიცია პარლამენტში ჩამოყალიბდება და კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება შევა. საუბარია 2020 წლის არჩევნებზე, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ მოიძებნა კომპრომისი და 2018-2020 წლისთვის შენარჩუნდება როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო არჩევნების არსებული სისტემა იმ დამატებით, რომ პარტიებისთვის არსებული საარჩევნო ბარიერი 3%-ზე დავა.
„მრავალთვიანი დებატები და განხილვები დასრულდა ერთიანი კომპრომისით, რაც გამოიხატება იმაში, რომ მომდევნო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დარჩება იგივე სისტემით, ანუ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის გზით, ხოლო პარლამენტის საარჩევნო სისტემით, რაც დღეს არის. ანუ საარჩევნო სისტემები, როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნებში შენარჩუნდება 2018-2020 წლებში. უფრო მეტიც. 2020 წლისთვის პრემიერის ინიციატივით, პარტიებისთვის არსებული 5%-იანი ბარიერი შემცირდება 3%-მდე, რაც სუსტ ან ახალბედა პარტიებს საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სახით თავისი წარმომადგენლები ჰყავდეთ.
2020 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავა“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
გარდა ამისა, უცვლელი დარჩება 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. თუმცა როდის გადავა ქვეყანა მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ამ თემაზე კონსულტაციები გრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, მმართველი გუნდი შეთანხმდა როგორც პრეზიდენტის არჩევის წესზე, ისე საპარლამენტო არჩევნების მოდელზე.
„ჩვენ შევთანხმდით როგორც პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, ასევე საპარლამენტო არჩევნების მოდელზე. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, პოზიციაა - რათა საკითხზე კითხვის ნიშნები მოიხსნას, 2018 წლის არჩევნები დღეს არსებული სისტემით ჩატარდება - პირდაპირი წესით. საპარლამენტო არჩევნებზე გუნდში პოზიციაა, რომ არსებული სისტემა უფრო დემოკრატიული სისტემით შეიცვლება და ეს 2024 წელს მოხდება.
ასევე გუნდში არის პოზიცია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოხდეს საარჩევნო ბარიერის დაწევა 3 პროცენტამდე. თავიდან ბოლომდე ყველაფერზე ვიმსჯელეთ, კიდევ გვექნება შეხვედრები სესიის დაწყებამდე და კენჭისყრამდე და გამოვალთ ერთიანი შეთანხმებული პოზიციით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძე.
ტრადიციულად, საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციისა და საარჩევნო სისტემის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მიზეზად მმართველ გუნდში არსებულ შიდა დაპირისპირებას ასახელებს.
„როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ახლა მიმდინარეობს გარკვეული შიდა დაპირისპირებები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამოვიდეთ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებიდან. მათი უფლებაა, პირდაპირ აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი, რასაც საქართველოს მოსახლეობის 90% ემხრობა“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველო“. სერგი კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარებით.
„ამას ვთავაზობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ახლა ტოვებენ ამავე სისტემას და ცვლიან 2024 წლისთვის. საერთოდ არარელევანტურია დღევანდელ დისკუსიაში 7 და 8 წლის შემდეგ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. ამით აჩვენეს, რომ მათ არ აინტერესებთ არავის აზრი“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა მაჟორიტარული სისტემის დატოვების პარალელურად, პარტიებისთვის არაფერს ცვლის. არასაპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება საარჩევნო ბლოკების გაუქმებას გეგმავს, ბარიერის დაწევა შეღავათი არ არის. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ამბობს, რომ 3%-იანი ბარიერის დაწესება არ არის შეღავათი მაჟორიტარულ სისტემასთან მიმართებაში.
„ავიღოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. 3%-იანი ბარიერის შემთხვევაში, რამდენიმე პარტია 6-6 კაცით შევიდოდა პარლამენტში, პროპორციული სისტემით მანდატები ხელისუფლაბასა და ყველა სხვა ოპოზიციას შორის თანაბრად განაწილდებოდა. სურათი კიდევ უფრო მძიმე იქნება 2020 წლისათვის, როდესაც დაგეგმილია საარჩევნო ბლოკების გაუქმება იმიტომ, რომ 3% ბოლო არჩევნებში ოთხმა პარტიამ აიღო და მხოლოდ 2 იყო საარჩევნო ბლოკი“, - აცხადებს კახა კუკავა.
„ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა პარლამენტში მრავალპარტიულობას გაზრდის, თუმცა შერეული სისტემა ხელისუფლებას მაჟორიტარების წყალობით დაუმსახურებელ უმრავლესობას უნარჩუნებს.
„ეს სისტემა ერთმნიშვნელოვნად მმართველ გუნდს უნარჩუნებს უპირატესობას, უბრალოდ 3%-იანი ბარიერი მეტად მრავალფეროვანს ხდის პარლამენტს. შევლენ პარტიები, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათ ფრაქციებიც არ ექნებათ. არ ეყოლებათ ასევე წარმომადგენლები ცესკო-ში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ შედეგიდან ამოსულიყო - ჯერ შედეგი დაედო და შემდეგ უკან ევლო, რა უნდა გავაკეთო კანონშიო“, - ამბობს მამუკა კაციტაძე.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მომდევნო საპარლამენტო არჩვენები ისევ შერეული სისტემით ჩატარდება, ნეგატიურად აფასებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე, რომლის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვას ფასი და წონა არ გააჩნია, ვინაიდან ის აბსოლუტურად ემორჩილება არაფორმალურ მმართველს.
„საკონსტიტუციო კომისიის შექმნის პირველსავე დღეს და პირველსავე სამუშაო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადავდივართ მთლიანად პროპორციულ სისტემაზე და ეს მოხდებოდა ამ კონსტიტუციური ცვლილებების მიღებისთანავე, ანუ 2020 წლის არჩევნები ჩატარდებოდა პროპორციული სისტემით.
შემდეგ იყო საუბარი, რომ მომხდარიყო არჩევნები პროპორციული სისტემით, მაგრამ საკითხი, რომ ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო, საერთოდ არ განიხილებოდა. იგივე ინფორმაცია ჰქონდა მიწოდებული ვენეციის კომისიას, რომელიც ყველა თავის მოსაზრების გამოხატვისას ხაზს უსვამდა, რომ პროგრესული და ძალიან კარგია, რომ საქართველო მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადადის.
ამ დროს, თურმე, ბიძინა ივანიშვილის გუნებაში სხვა რამ არის. მან უთხრა მაჟორიტარ დეპუტატებს, რომ ახლა დროა, რომ თქვენ ხმა ამოიღოთო. მათ ხმა ამოიღეს და თითქოს ხატავენ სურათს, რომ მაჟორიტართა პოზიციის გამო პოზიცია შეიცვალა. ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო და სამარცხვინო განცხადება მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.