ვენეციის კომისია აქცენტებს აკეთებს შენიშვნებსა და პრობლემურ ნაწილებზე. თუ თემა ნეგატიურად არ არის შეფასებული, ე.ი. შენიშვნები არ არსებობს. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის ზოგად განწყობას, შეიძლება ითქვას, იგი პოზიტიურია. კომისიის შეფასებით, ეს ცვლილებები სრულყოფილს ხდის საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისკენ, რომელიც წარმოადგენს პოზიტიურ წინ გადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ.
კომისია ხაზს უსვამს, რომ 2010 წელს მათ გასცეს რეკომენდაცია, გაძლიერებულიყო პარლამენტის ფუნქცია და დახვეწილიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. კომისია ამბობს, რომ შემოთავაზებული რეფორმა პასუხობს ამ რეკომენდაციას და ვენეციის კომისიას შეუძლია მხოლოდ მიესალმოს საკონსტიტუციო ცვილილებების ამ პროცესს.
გარდა ამისა, ვენეციის კომისია მიესალმება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირ წესზე გადასვლას 2023 წლიდან, ამბობს, რომ არჩევის ეს წესი შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტთან და შეესებამება პრეზიდენტის, როგორც არბიტრის როლს; ვენეციის კომისიას არანაირი შენიშვნები არ აქვს პრეზიდენტის უფლებამოსილებების ცვლილებასთან დაკავშირებით, პირიქით, ფიქრობს, რომ ცვლილებები პასუხობს მათ წინა რეკომენდაციებს.
არადა, სწორედ ამ ნაწილზე, ყველაზე მეტი კრიტიკა და აგრესია მოდიოდა არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ ოპოზიციის მხრიდან. ვენეციის კომისიამ კი დაამტკიცა, რომ სრულიად აბსურდული იყო ეს ბრალდებები.
ვენეციის კომისიას სრულებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე არანაირი შენიშვნები უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით და ესეც მორიგი მტკიცებულებაა, რომ მთელი ის ისტერია, რაც მოდიოდა პრეზიდენტის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, საფუძველს მოკლებული იყო. ასევე, ვენეციის კომისია მიესალმება პარლამენტის როლის გაძლიერებას უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დახვეწის კუთხით, ეს შენიშვნა მათ 2010 წლიდან მოყოლებული ჰქონდათ.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ცალსახად მიესალმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ფიქრობს, რომ 5%-იანი ბარიერი ლეგიტიმურია; ბლოკების აკრძალვა ლეგიტიმურია; ბონუსი ლეგიტიმურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბონუსი ულიმიტო არ იყოს, ამიტომ ზედა ზღვარის დაწესებას გვირჩევენ. ასევე ალტერნატიული გზა იქნებოდა, ბონუსის სრულიად პროპორციულად გადანაწილება ყველა პარტიაზე, რომელმაც 5%-იანი ბარიერი გადალახა, ან ბონუსის ულიმიტოდ დატოვება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო ბარიერი დაიწევა 2-3%-მდე, რასაც მთავრობა ეთანხმება და იზიარებს.
რაც შეეხება ქორწინების საკითხს, ამ ნაწილში ვენეციის კომისია არ ითხოვს ჩანაწერის ამოღებას, მხოლოდ და მხოლოდ ამბობს, რომ ქორწინების შეზღუდვა არ უნდა იქნას ინტერპრეტირებული, როგორც სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა, რაც არ საჭიროებს რაიმე ცვლილებას იმ ჩანაწერში, რომელიც დღეს კონსტიტუციის პროექტშია მოცემული.
გარდა ამისა, კომისია გვირჩევს შემოვიღოთ ორპალატიანი პარლამენტი, რაც რეალობის გათვალისწინებით, ბევრ ექსპერტს გაუგებრად მიაჩნია. ამასთანავე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით, კომისია ფიქრობს, რომ უნდა გაიზარდოს პარლამენტის როლი და შესაბამისად პარლამენტს თავად უნდა შეეძლოს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების შეტანა.
კომისიას ასევე, არასწორად მიაჩნია ბლანკეტური აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის ფლობასთან დაკავშირებით. ასევე, ითხოვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას; ითხოვენ პარლამენტის როლის გამორიცხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიდან. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ კვალიფიციური უმრავლესობა უნდა იყოს საჭირო საკონსტიტუტიო სასამართლოს მოსამართლის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის დროს; კომისია ასევე, გვირჩევს სახალხო დამცველის საქმიანობის ოთხწლიანი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნაში აისახა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ამ დასკვნის შინაარსის თაობაზე და ვიცოდით, თუ რა აისახებოდა ამ დასკვნაში. ამ დასკვნაში აისახა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით თვეების განმავლობაში. კერძოდ, ის რომ არსებული დოკუმენტი, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არის სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას.
ეს არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმატება, რომელმაც ძალიან დიდი წარმატებით დააგვირგვინა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ლევან ბოძაშვილი განმარტავს, რომ ვენეციის კომისიის არც ერთ მანამდე არსებულ დასკვნაში ასეთი დადებითი შეფასება საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ჰქონია. ლევან ბოძაშვილის განცხადებით, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი პროექტი პოზიტიურად განაგრძობს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის პროცესს.
„დასკვნის მიხედვით, პრაქტიკულად გაზიარებულია ყველა ის შეთავაზება, რაც კომისიას ჰქონდა. თუმცა ბევრ საკითხზე, მათ შორის პარლამენტის არჩევის წესსა და სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ თემებზე, ვენეციის კომისიას აქვს შემოთავაზებები. როგორც წესი, ვენეციის კომისია ასეთი შემოთავაზებების ფორმატს არ იყენებს ხოლმე თავის დასკვნებში, არამედ ცალსახად აფასებს წარმოდგენილ ვარიანტს. საერთო ჯამში კომისია წარმართულ პროცესს დადებითად აფასებს. დასკვნა ასევე ხელისუფლების გადასაწყვეტად მიიჩნევს უშიშროების საბჭოს არსებობის საკითხს, ანუ ეთანხმება წარმოდგენილ ვარიანტს“, - აცხადებს ლევან ბოძაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისია ოქტომბრის პლენარულ სხდომაზე მიიღებს დამატებით დასკვნას, რომლითაც ამ დასკვნით მოცემული რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მოსალოდნელი იყო ვენეციის კომისიის მხრიდან პოზიტიური შეფასება, რადგან ვენეციის კომისია ძირითადად ხელმძღვანელობს ლოგიკით - არის თუ არა პრეცედენტი და რა შედეგი მოჰყვა ამა თუ იმ პრეცედენტს. მისივე თქმით, ამ ლოგიკით თუ შევხედავთ, ბევრი ის მოთხოვნა, რასაც ოპოზიცია აყენებდა, ნიადაგგამოცლილი იყო.
„თუ დააკვირდებით ვენეციის კომისიის შენიშვნებსაც და სურვილებსაც, შეიძლება ცალსახა იყოს ესა თუ ის ნორმა. მაგალითად, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაა, იყოს მხოლოდ პროპორციული არჩევნები და არ იყოს შერეული. ანალოგიურად, თუ საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს ის უფლებამოსილება რაც არის, ასეთ შემთხვევაში არც უშიშროების საბჭოს არსებობა არის გამართლებული“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია და მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ხელმძღვანელებოდა პოლიტიკური კინკლაობის მოტივით და როგორც პროცესმა აჩვენა, ვენეციის კომისიას არ ჰქონდა სურვილი კინკლაობა დაეწყო ხელისუფლებასთან და ამოვიდა იმ პრინციპიდან, არის თუ არა პრეცედენტები.
„აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად, ყველა წარმოდგენილ წინადადებას მხარი დაუჭირა, რადგან ეს ნორმები ახალ რედაქციაში პრეცედენტებიდან გამომდინარე იქნა შეტანილი და არა ის, რომ მიდის თუ არა ხელისუფლება დიქტატურისკენ. სერიოზული მსჯელობის საგანი ეს არ უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი.
არ შეიძლება სერიოზიულად განიხილებოდეს, რატომ არის დიქტატურა უფუნქციო პრეზიდენტის საჯარო არჩევნები, საჯაროდ თუ აირჩიეს აღარ არის დიქტატურა? თუ ლოკალური ჯგუფებისგან აირჩა, მაშინ არის დიქტატურა? არასერიოზული საუბარია, მაგრამ თავისთავად, ძალიან სამწუხაროა ვენეციის კომისიის ეს დასკვნა. სამწუხაროა იმ მხრივ, რომ ეს დასკვნა ნიშნავს, ოპოზიცია იმდენად კვალიფიცირებული არ არის, რომ შენიშვნები იყოს კვალიფიცირებული და ყურადსაღები. არაკვალიფიციური ოპოზიციის არსებობის დოკუმენტია ვენეციის კომისიის დასკვნა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში ზუსტად და ადეკვატურად არის გადაწყვეტილი როგორი უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების საკითხი, რაც მისივე თქმით, დადებითად არის შეფასებული ვენეციის კომისიის დასკვნაში და ხაზგასმულია, რომ კომისიას სრულებით არანაირი შენიშვნა არ გააჩნია თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე არანაირი შენიშვნები არ აქვს უშიშროების ეროვნული საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ზუსტად ადეკვატურად არის გადაწყვეტილი, როგორც უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკაში უსაფრთხოების სისტემა. პრეზიდენტთან ვერ იქნება უშიშროების საბჭო, ვერ იქნება პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, იმიტომ, რომ მას არ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლება. სადაც არის აღმასრულებელი ხელისუფლება, იქ უნდა იყოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაც და სავსებით სწორია. სხვა შემთხვეაა, როდესაც საგანგებო მდგომარეობაა. ამ დროს პრეზიდენტს საგანგებო ფუნქციები აქვს და აქედან გამომდინარე იღებს რაღაცა უფლებასილებებს, ეს საკითხი ზუსტად და ადეკვატურად არის გაწერილი“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება შენიშვნებს, ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე სერიოზული შენიშვნა არის ორპალატიანი პარლამენტი. მისი თქმით, ამ ნაწილზე ჯერ კიდევ შეიძლება ფიქრი. როგორც ზარდიაშვილი ამბობს, ვენეციის კომისიას აქვს შთაბეჭდილება, რომ ერთპარტიულ სისტემის დასაბალანსებად არის შემოთავაზებული მეორე პალატა.
„ეს ერთი მხრივ კარგია, დააბალანსებს ერთ პალატას, მაგრამ მეორე მხრივ არის პრობლემა, სენატები და ეს ორპალატიანი პარლამენტები დამახასიათებელია არა ელიტარული ტერიტორიული მოწყობისთვის, არამედ უფრო ფედერაციებისთვის, ან რეგიონული სახელმწიფოებისთვის და მაშინ ტერიტორიული მოწყობის ცვლილებები დაგვჭირდება.
მართალია, ვენეციის კომისიას არ უთქვას, რომ გინდათ თუ არა, ან რეგიონულ მოწყობაზე გადადით, ან ფედერაციაზე, მაგრამ შეფარულად ეგ იგულისხმება, კონტექსტი ეგ არის. საერთო ჯამში, ვენეციის კომისიის შეფასებები არის საკმაოდ ხარისხიანი დოკუმენტი. მიიჩნევა, რომ საქართველოს კონსტიტუცია უახლოვდება საერთო ევროპულ სტანდარტებს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.