პრეზიდენტის უარის მიუხედავად, დღეს ჩატარდება ბიუროს სხდომა და ბიუროს გადაწყვეტილებით რიგგარეშე სხდომა დაინიშნება. პარლამენტის რეგლამენტის 127-ე მუხლის გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომას არ ნიშნავს, პარლამენტს აქვს შესაძლებობა მომდევნო 48 საათის განმავლობაში შეიკრიბოს. ამავე მუხლის მიხედვით პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში. პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე თხოვნა ორშაბათს, დაახლოებით 10:00 საათისთვის გაეგზავნა. რეგლამენტით გათვალისწინებული 48-საათიანი ვადა ოთხშაბათს 10:00 საათზე იწურება. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდგომ პარლამენტს აქვს შეკრების უფლება.
პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარი თქვა. საგანგობო ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი უარის მიუხედავად, პარლამენტს აქვს უფლებამოსილება რიგგარეშე სხდომა მაინც გამართოს.
„გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო პროცესისათვის და რეფორმისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. რეალურად, ეს ცვლილება თვისებრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმისა, რომელიც განხილულ იქნა ქართული საზოგადოების მიერ და რომელიც განიხილა ვენეციის კომისიამ.
ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან „ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით.
ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას. ანუ, რის თაობაზეც ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც იქმნებოდა საკონსტიტუციო კომისია. ვსაუბრობდით იმ სულისკვეთებაზე, რომ ყველაფერი მიმართულია რეალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ და საბოლოოდ მივედით ამ ვერსიამდე. არსებულ ვითარებაში შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მმართველი გუნდი თვლის, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზღვარს გადავიდა. უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მაინც ჩატარდება, თუმცა მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ხელს არ უწყობს კონსტიტუციური ცვლილებების მიღების პოზიტიური პროცესის დასრულებას.
„ძალიან სამწუხაროა, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ამ ძალიან პოზიტიურ პროცესს, რასაც კონსტიტუციის მიღება ჰქვია, ხელი შეეწყოს, პრეზიდენტის მხრიდან ხდება, გარკვეულწილად, პროცესისთვის ხელის შეშლა. დღევანდელი ფაქტი არის ამის დამადასტურებელი, როდესაც რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნაზე პრეზიდენტის მხრიდან უარი იყო ნათქვამი. თუმცა ეს პროცესს არანაირად არ შეუშლის ხელს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, თუ როგორ ხდება ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება. რიგგარეშე სხდომა მაინც ჩატარდება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განცხადების წარდგენიდან 48 საათში. ეს ვადა ხვალ გადის და შესაბამისად, ხვალ პარლამენტი იქნება უფლებამოსილი, კანონის სრული დაცვით ჩაატაროს რიგგარეშე სხდომა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერ დისკუსიაზე უარი განაცხადა, შესაბამისად, იგი ფიქრობს, რომ კონსტიტუციის ახალ პროექტზე დისკუსიის პარლამენტში დაწყება, ამ ეტაპზე გამართლებული არ არის.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მათ სრული უპატივცემულობა აქვთ საზოგადოების, მოქალაქეების, პოლიტიკური სპექტრის მიმართ. აქედან გამომდინარე, დისკუსიის დაწყება პარლამენტში ახალ კონსტიტუციაზე, როდესაც ასეთი დამოკიდებულება არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, მე არ მგონია, რომ ამ ეტაპზე იყოს გამართლებული“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სესიაზე დასწრების თაობაზე უარის თქმით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს, მიუღებელია. ფაქტობრივად, ის კონსტიტუცია უკვე არ არის, რისი განხილვაც მოხდა. 8 წლის შემდეგ აპირებენ რაღაც ცუდი კონსტიტუციის მიღებას და 4 წლის შემდეგ კიდევ აბსოლუტურად განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობენ, რომელიც მსჯელობის საგანი არც კი ყოფილა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განხილულიყო, უარის თქმა, გაუგებარი და მიუღებელია ექსპერტ რამაზ საყვარელიძისთვის, რომლის განცხადებით, არსებული ვითარება პირველ რიგში ვნებს ქვეყანას. შესაბამისად, ექსპერტი მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ დაპირისპირების რეჟიმიდან კონსტრუქციულ რეჟიმში გადადვიდეს.
„ბოლო ხანებში უფრო ხშირად დაპირისპირების ინიციატორი არის პრეზიდენტი, რაც სიმართლე გითხრათ, დიდად გასაგები არ არის ჩემთვის. არც მისი ხასიათიდან, პატრიოტიზმიდან და სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე. ჩემთვის გაუგებარია რატომ მიჰყავს პროცესები ამ კონდენციამდე მისი მონაწილეობით. მას, როგორც წესი, უნდა უნდოდეს პოლიტიკური კარიერის გაგრძელება, ხოლო პოლიტიკური კარიერის გაგრძელებისთვის მოსახლეობის მეხსიერებაში დარჩეს იმ პრეზიდენტად, რომელიც ან ვეტოს ადებს, ან არას იძახის, ან სიტუციაციის გართულებაზე მიდის, ვიდრე გამარტივებაზე, მისაღები არ უნდა იყოს.
სირთულის მოყვარული პრეზიდენტი ამ ტიპის სახელმწიფოსთვის, სადაც პრეზიდენტს რეალური ძალა-უფლება არ აქვს, საკმაოდ ცუდია. ამიტომ, ქვეყნისთვის და ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.