პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს შორის დაპირსპირების ახალი ეტაპი იწყება. ამჯერად მიზეზი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსი გახდა. გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.
შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შეიტანს. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. „მოსმენების კანონთან“ მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს - ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „სასამართლოს მეგობრის“ სტატუსი პრეზიდენტის ინსტიტუტთან შეუთავსებელია. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი გადაცდომები პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხშირად ახასიათებს. რაც შეეხება ე.წ. მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიმართვას საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, კობახიძე ამბობს, რომ მოსმენების კანონზე პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია.
პრეზიდენტის ამ ინიციატივას წინ უსწრებდა პრეზიდენტისთვის პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო რეფორმაზე პირდაპირ ეთერში ემსჯელათ, თუმცა ეს შეთავაზება შეთავაზებდვე დარჩა, რადგან გიორგი მარგველაშვილი არ აპირებს „კომკავშირულ ტონალობაში გაკეთებული გამოწვევები“ მიიღოს. ირაკლი კობახიძე სამწუხაროს უწოდებს პრეზიდენტის უარს თავდაპირველ შეთავაზებაზე და პირდაპირი ეთერის ფორმატში მსჯელობაზე მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის უარი ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციები მყარია. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი - კომისიასთან და საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა.
„მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე დებატები არ შეგვითავაზებია. ჩვენ შევთავაზეთ ერთად დავმსხდარიყავით საზოგადოების წინაშე ღია ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე და ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ჯეჯელავას მოეწონა ინიციატივა - პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა ღია ეთერით მომხდარიყო. როგორც განათლების მინისტრმა ჟურნალისტებს უთხრა, შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას თავად მხარეები მიიღებენ.
„პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივა, რომ ქართველ ხალხს ღია ეთერში ენახა შეხვედრა, სადაც ნათელი გახდებოდა პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ძალისხმევა კონსესუსის მიღწევისთვის, მომეწონა. კარგი იქნებოდა ინიციატივას პირველადი სახე ჰქონდეს“, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი, ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის კონსენსუსისკენ გადადგას ნაბიჯები, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ისმენენ კომკავშირულ ტონალობაში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„ჩვენ შევთავაზეთ, ამ შეხვედრაში მონაწილეობდეს ყველა ის მხარე, ვინც დაინტერესებულია პროცესით, მედიის ძალიან დიდი ჩართულობით მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგას კონსენსუსისკენ, რაც ბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხა, ამაში დახმარებას სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტი. საბავშვო ბაღის პოზიცია და პინგ-პონგის თამაში, რომ თითქოს ვინმე რაიმეს გაურბის, კრიტიკას ვერ უძლებს.
ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ გუნდშიც ვერ მოახერხეს კონსენსუსის შექმნა, ახლა აპირებენ თავიანთ თანაგუნდელებთან დალაპარაკებას და ძალიან საეჭვოა ჰქონდეთ რესურსი, რომ კონსტიტუცია ეფუძნებოდეს კონსენსუსს, რასაც ყველა თეორია გვასწავლის და რაც ვენეციის კომისიამ გვითხრა. მეათეხარისხოვან კინკლაობაზე და პერსონალურ დაპირისპირებაზე საუბრის გადატანა არასერიოზულია და არ ემსახურება კონსტიტუციისა და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ მიუხედავად შეფარვით გაკეთებული განცხადებისა, პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას, რაც მისი განცხადებით, საზოგადოების კიდევ უფრო დეტალურად საქმის კურსში ჩაყენებას ემსახურება.
„კი ბატონო, შევხვდეთ, მაგრამ ღია ეთერში კი არა, ჩემთან სასახლეში, მე და პარლამენტის თავმჯდომარე კი არა, ბევრი ხალხი ერთად და ხალხის საქმის კურსში ჩაყენების ნაცვლად, ისევ ერთი კარგი შოუ მოვაწყოთო - ასე უპასუხა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
ირაკლი კობახიძის შეთავაზების გამო შიში და ამ ფორმატისთვის თავის არიდება პრეზიდენტის მხრიდან ნამდვილად არ გამკვირვებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ პრაქტიკულად თქვა, რომ პრეზიდენტის არგუმენტები თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და ა. შ. ჰაერშიც კი არ იძებნებოდა და გაურკვეველია საიდან გაჩნდა მის ლოგიკაში. შესაბამისად, ფაქტია, რომ პრეზიდენტმა თავი აარიდა პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას“, -აცხადებს მამუკა მდინარაძე.
თავის მხრივ, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს ურჩევს, საკონსტიტუციო ცვლილებების პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზებას ტელეშოუს ნუ დაარქმევს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი განხილვები მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიაში.
„საინტერესო იდეაა ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა, რომ საზოგადოებას წარმოუდგინონ მან და პრეზიდენტმა თავისი ხედვები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის ალტერნატივა არ არის ის, რომ წავიდეთ პარლამენტში და ამ ფორმატში ვიმსჯელოთ. ინფორმაციას საჭიროებს საზოგადოება. ტელეშოუს პრეზიდენტი ასე ადვილად ნუ დაარქმევს, რადგან ასეთი „ტელეშოუ“ მიღებულია ყველა განვითარებულ დემოკრატიაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.