„რუსეთის გეგმაში შედის, იყიდოს საქართველო“

„რუსეთის გეგმაში შედის, იყიდოს საქართველო“

საქართველოს პარლამენტმა უცხო ქვეყნების მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მორატორიუმის გამოცხადებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ძალაში შესვლამდე, იმ მუხლების მოქმედება ჩერდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიულ პირის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადასვლის საკითხს ითვალისწინებს. მიწის გასხვისებაზე მორატორიუმი რამდენჯერმე შევიდა ძალაში და გაუქმდა. ბოლოს მორატორიუმი გასულ წელს მოიხსნა. ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ მორატორიუმი საკმარისი არ არის, რადგან საფრთხე გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სოსო ცისკარიშვილი: ნათქვამია, ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო, ამ სიტუაციაში ვართ. გაცილებით მეტ საფრთხეს ვხედავ რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ. რამენჯერმე მოვისმინე სატელვიზიო დისკუსიები რუსული ტელეარხებიდან, სხვადასხვა პოპულარული სახეების მონაწილეობით. როდესაც დისკუსიის დროს საქართველოს სახელი გაიჟღერებდა, საუბრობდნენ იმაზე, რომ არ არის აუცილებელი საქართველოსთან ომის დაწყება, „ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ საქართველო“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე რამდენჯერმე ვისაუბრე მედიაში, არანაირი რეაგირება არ მომხდარა ხელისუფლების მხრიდან და როდესაც საუბარია, რომ უცხოელებს უნდა მივყიდოთ ყველაფერი, მაგონდება, ახალი მთავრობა როგორი რიხით გვეუბნებოდა პირველივე სხდომაზე, როდესაც ის პარლამენტს წარუდგინეს, რომ ახლა აუცილებლად უნდა გავყიდოთ საქართველოს რკინიგზის 24% ლონდონის ბირჟაზე - საინტერესოა, ამას ტუნისი იყიდის თუ გვადელუპე - რასაკვირველია - მოსკოვი. ასევე საუბარი იყო, რომ გაზსადენი, რომელიც არის სიმბოლო ჩვენი გეოპოლიტიკური განსხვავებულობისა რეგიონში, უნდა გავყიდოთ შანხაის ბირჟაზე.

არ ვიცი, გეოგრაფიას გვასწავლიდა ეს მთავრობა, თუ მართლა ასეთი განწყობა ჰქონდა და აპირებდა შთამომავლობისთვის მოგვესპო ის სიკეთე რასაც დღეს ვფლობთ - ამაზეც რაიმე სერიოზული სჯა-ბაასი არ მომხდარა.

ნუთუ გაუჭირდება რუსეთს შეიძინოს იმ გაზსადების 25% რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთს აწვდის გაზს? სულ მალე ამ 25%-ს 95%-ად ვერ აქცევს? მით უმეტეს, როდესაც ჩვენს თვალწინ, ქართულ სახელმწიფოში ფასეულობათა ჩამონათვალის პირველ ადგილს უკვე ეკეკლუცება ერთი სიტყვა - ფული. არც პატრიოტიზმი, არც პროფესიონალიზმი - ფული, ფული, ფული! - კარგია, რომ ეს ასე არ მოხდა და ჩვენი სიმდიდრე არ გაიყიდა.

რაც შეეხება რკინიგზასა და გაზსადენს, ეს თემები ახალი არ არის, ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც იგეგმებოდა ამ ობიექტების გასხვისება, თუმცა შემდეგ შეჩერდა... თუმცა სხვა ქართული საწარმოები და მიწები უკვე გაყიდულია რუსულ კომპანიებზე და ეს უკვე შემდგარი ფაქტია...

- შევარდნაძისდრიონდელ და სააკაშვილისდროინდელ პრობლემებს ერთმანეთს ვერც შევადარებთ, რადგან შევარდნაძესა და ელცინს შორის დაპირისპირებაც იყო მილსადენთან დაკავშირებით, მაგრამ შევარდნაძემ მაინც მოახერხა პარტნიორი ქვეყნების დახმარებით ამ იდეის ხორცშესხმა.

რაც შეეხება სააკაშვილის პერიოდს, ეს ბენდუქიძის იდეა იყო, მაგრამ გამხმოვანებელი აღმოჩნდა პარლამენტის იმდროინდელი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ლაშა თორდია. ექსპერტებსაც კი გვარწმუნებდა, რომ გაზსადენის გასხვისება მისი იდეა იყო - ესეც გადავიარეთ, რადგან აშშ-მ შევარდნაძის მმართველობის მიწურულს გამოგვიყო გაზსადენის რეაბილიტაციის თანხები, თუმცა იყო პირობა, რომ 5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებას მისი პრივატიზაციის თემა არ უნდა წამოეწია. გავიდა თუ არა ეს 5 წელი, ეს საკითხი მაშინვე გააქტიურდა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ აშშ არ გაენაწყენებინათ, ვერც ერთმა კომპანიამ ვერ გაბედა მისი შეძენა.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ის მხოლოდ ინვესტიციებსა და შემოსავლებზეა ორიენტირებული და ცდილობს გაყიდოს ის სიმდიდრე, რომელიც არც ერთი ხელისუფლების არ არის. მაგრამ ვინც აპირებს ხალხის სიმდიდრე გაანიავოს, მას დიდი მომავალი არ ექნება.

რაც შეეხება მიწებს, კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებამდე დღის წესრიგში დადგა მორატორიუმის გამოცხადების თემა. რამდენად მოიხსნება მთავარი პრობლემა?

- უნდა ვაღიაროთ, რომ ქართულ მხარეს ან სურვილი არ აქვს, ან ცოდნა არ ჰყოფნის, რომ ინვესტორებთან შესაბამისი კონტრაქტები დადოს. ისინი ყოველთვის ხელს აწერენ მეორე მხარის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებას. „თელასის“ დროსაც გვიხაროდა, რომ ჩვენი პრობლემა აშშ-ს კომპანიამ აიღო თავზე. მათ კი ისე გაყიდეს, არც უკითხავთ საქართველოსთვის გამოსყიდვა ხომ არ სურდა. ახლა კი რუსული კომპანია ევროსასამართლოს მეშვეობით თანხებს მოითხოვს საქართველოსგან.

მაინც სისუსტე მგონია და არა მოღალატეობა - ისე ვყიდით რაღაცას, რომ ვინ რა პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იღებს საკუთარ თავზე, უცნობია საზოგადოებისთვისაც, რომელსაც აქვს უფლება თვალ-ყური ადევნოს, ვინ როგორ განკარგავს ამ ქონებას.

რაც შეეხება მორატორიუმს, იმ სიტუაციისთვის რაც გვაქვს, ეს სიტყვა შეუფერებელი მგონია, რადგან ეს დროებით შეჩერებას ნიშნავს. საფრთხე არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო, არამედ არასასოფლო-სამეურნეო მიწებსაც ეხება.

ჩვენი ძირითადი საფრთხე გახლავთ ჩვენი დაუძინებელი „მეგობარი“ და ისტორია გვასწავლის, რომ თუ საშუალება მიეცემა, შეუძლია, ერთი ხელის მოსმით შეისყიდოს ყველაფერი.

როდესაც საუბარია ინვესტიციაზე, ხელშეკრულებაში არ უნდა იყოს საუბარი იმაზე, რომ ინვესტორი ხდება მიწის მფლობელი. მას უნდა ჰქონდეს საშუალება იქირაოს მიწა 49 ან 79 წლით, მაგრამ მიწა იყოს საქართველოს საკუთრება. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძებნება გზები ამ მიწების გასხვისების. მაგალითად, ქართველი მანდილოსანი თუ იქორწინებს სხვა ეროვნების ადამიანზე და შეიძენს მიწას, უცხოელები მაინც მოახერხებენ მიწის ყიდვას.

თუ არა და, რუსები მუდამ მზად არიან იყიდონ ჩვენი მიწები, იმდენად „უყვართ“ საქართველო. საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რუსი ჩინოვნიკი ჩამოდიოდა სხვადასხვა ღონისძიებაზე და არასოდეს ერთი სიტყვა ქართულად არ დასცდენიათ.

უკანასკნელ ხანებში უკვე რამდენიმე მოქალაქე, რომელსაც ქართული ენა გაახსენდა, ხშირად ჩამოდის ხოლმე, მედიის ვიწრო წრის თანდასწრებით საუბრობენ, როგორ უყვართ საქართველო. ალბათ, კიდევ უფრო შეუყვარდებათ როდესაც რუსეთი თავის მზაკვრულ გეგმებს განახორციელებს.

საქართველოში მცხოვრები ზოგიერთი უცხოელი მიიჩნევს, რომ მორატორიუმის გამოცხადებით კიდევ უფრო გაიაფდება მიწა და უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება...

- მიწის ფასი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, თუკი ის სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება. მაგრამ თუ საწორზე გვინდა დავდოთ თემა საქართველოს მიწის გაიაფება თუ გარუსება, ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება არ უნდა გაგვიჭირდეს.

თუმცა ნაციონალები გვაშინებენ, რომ გაიაფებულ მიწას ივანიშვილი და კალაძე იყიდიან. ამ შემთხვევაში ნაციონალებს რა ამოძრავებს?

- მათ ამოძრავებთ სწორედ ის ფასეულობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ - მაგრამ არაუშავს უკვდავი არაფერია, გარდა ქართული სახელმწიფოსი და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.

ნებისმიერი ქართველი, როგორც არ უნდა იყოს თვალდაბნელებული სიმდიდრით, ვერ ავნებს თავის სახელმწიფოს, თუ მისი მოქალაქენი ჰიპნოზირებულები არ იქნებიან ფულით.

თქვენ ახსენეთ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან და საერთო ენას ეძებენ გარკვეულ წრეებთან - ხელისუფლებისთვის ეს ცნობილია, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთს მხოლოდ საქართველოს მიმართ არ აქვს ეს პოლიტიკა და სხვა ქვეყნებშიც მსგავსი სიტუაციაა... ჩვენთვის რამდენად დიდია საფრთხე?

- მერე რა, რომ ჩვენ ცუდად ვართ, სხვებიც ხომ ცუდად არიან - არ შეიძლება ამ პოლიტიკით სახელმწიფოს მართვა. თანდათან მკაფიო ხდება საჭიროება ქართული საზოგადოების კონსოლიდაციისა, რისი ნიშნებიც მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში გამოჩნდება ხოლმე. იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ეს მუხტი, თუნდაც დაფარული, ჩვენს ახალგაზრდობას გააჩნია.

რაც შეეხება საფრთხეს, ჩვენ კი არ უნდა ვსაუბრობდეთ საფრთხეებზე, ხელისუფლება თავად უნდა გვიყვებოდეს, რა რიტორიკაა რუსულ მედიაში და როგორ მზადყოფნაში არიან, მხოლოდ მიწა კი არა მთელი ქვეყანა შეისყიდონ. თუ ეს ნაწყვეტები ტელეგადაცემებისა არ დევს ჩვენი არაფორმალური თუ ფორმალური მმართველების მაგიდებზე მაშინ სუს-ი სამუდამოდ უნდა გაისუსოს.

ვხედავთ, რა სიტუაციაც არის, მაგრამ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, რომ ხელისუფლებისგან მიიღოს ის, რისთვისაც ხმა მისცა და აირჩია?

- მიწის კანონი უნდა მივიღოთ. რამდენიმე ვერსია არსებობს საკმაოდ კვალიფიცირებული სპეციალისტებისგან, რომლებთანაც დისკუსიისაც კი ერიდებათ სახელმწიფოს წარმომადგენლებს და ამ დარგის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესორები მხოლოდ სტატიების წერით შემოიფარგლებიან, რადგან უფრო ფართე საზოგადოებისთვის მათი ხმის მიწოდება არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში.