„დავუშვათ, გადასახადის გაზრდაა საჭირო და მოიწვიეს რეფერენდუმი, ვინ დაეთანხმება გადასახადის გაზრდას?!“

„დავუშვათ, გადასახადის გაზრდაა საჭირო და მოიწვიეს რეფერენდუმი, ვინ დაეთანხმება გადასახადის გაზრდას?!“

შედგება თუ არა, კონსტიტუციასთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი, ძნელი სათქმელია, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ნიადაგი მზადაა. რამდენიმე ბიზნესგაერთიანებამ ერთობლივი წერილი გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროცესში ჯერ კიდევ განიხილება შესაძლებლობა, რომ გაუქმდეს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის თანახმადაც ახალი გადასახადის შემოღება ან გადასახადის განაკვეთის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ რეფერენდუმის გზით...

ჩვენ, წამყვანი ბიზნესგაერთიანებები, მივიჩნევთ, რომ კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებული ფორმით შენარჩუნება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის, სტაბილური ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შენარჩუნებისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესორგანიზაციები თვლიან, რომ ამ ჩანაწერის გაუქმება საგრძნობლად გააუარესებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით და შეამცირებს ინვესტიციების შემოდინებას, რაც ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას.

ბიზნესორგანიზაციებისგან განსხვავებით, ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს ზოგიერთი ექსპერტი, მაგალითად მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარესა და კონსტიტუციონალისტებთან ერთად განიხილებოდა აღნიშნული მუხლი, არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ მუხლს სააკაშვილის გადმონაშთად მიიჩნევდა.

თავის დროზე ეს ინიციატივა წარმოადგინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვაკო ნაცვლიშვილმა, რომელმაც განაცხადა: „კონსტიტუციის 94-ე მუხლის ავტორებს სჯერათ, რომ დაბალი გადასახები საქართველოს ყველაზე დიდი მონაპოვარია - ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია“. ნაცვლიშვილი ასევე აცხადებდა, რომ 94-ე მუხლი ზღუდავს მომავალი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადაუხვიოს ეკონომიკური განვითარების იმ ხედვიდან, რომელიც სააკაშვილის გუნდს ჰქონდა.

„ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ დაბალი გადასახადები ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად, - ამბობდა სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლისას. სხვა სიტყვებით, სააკაშვილმა გადაწყვიტა, ემართა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ მართვის უფლებამოსილება მიანიჭა, არამედ მაშინაც, როდესაც ამომრჩეველი ასეთ უფლებამოსილებაზე უარს ეტყოდა“, - აცხადებდა ნაცვლიშვილი.

ძნელი სათქმელია, რამდენად ძლიერი არგუმენტია კონსტიტუციის აღნიშნული მუხლის გასაუქმებლად, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საგადასახადო რეგულირების ადგილი კონსტიტუციაში კი არა, საგადასახადო კოდექსშია და ინვესტორი თუ ქვეყნით დაინტერესდა, პირველ რიგში საგადასახადო კანონმდებლობას ეცნობა.

შესაძლოა, საკამათო იყოს, გადასახადები კონსტიტუციით უნდა რეგულირდებოდეს თუ არა, მაგრამ ეკონომიკური თეორიის მიხედვით, რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უფრო უკეთესი გარემოა ბიზნესის განვითარებისთვის. ხოლო რაც უფრო წარმატებულია ბიზნესი, მით უფრო მეტია საბიუჯეტო შემოსავლები - მსგავსი იდეალური გარემო საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა და დღევანდელმა მთავრობამაც ფისკალური პოლიტიკა აქციზის გადასახადის ზრდაზე ააგო. ეს კი არ იძლევა იმის გარანტიას, რომ სამომავლოდ სხვა გადასახადებიც არ გაიზრდება.

შესაბამისი პრეცედენტიც გვაქვს სახეზე - „საქართველოს ორგანული კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ მთავრობას საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების (გარდა აქციზისა) ზრდას და ახალი გადასახადის შემოღებას უკრძალავს, თუ ამას რეფერენდუმის გზით არ გააკეთებს. შესაბამისად, რადგან ეს კანონი გამონაკლისს უშვებს აქციზზე, მთავრობამ გამონაკლისით ისარგებლა.

ექსპერტ ალექსანდრე თვალჭრელიძის შეფასებით, ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს და კონსტიტუციაში საგადასახადო სისტემა საერთოდ არ უნდა იყოს ასახული.

„ეს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში არ არის. საგადახადო რეჟიმი იცვლება ხშირად და იცვლება ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. იცვლება აშშ-ში, საფრანგეთში, ხან ზრდიან დღგ-ს და ხან - ამცირებენ. გადასახადები საერთოდ არ არის კონსტიტუციური მოწყობის საგანი. ვფიქრობ, ეს არის სრულიად არასწორი, ფილოსოფიური გაგება კონსტიტუციისა“- აცხადებს თვალჭრელიძე.

მისივე განმარტებით, ინვესტორი კონსტიტუციას კი არა, პირველ რიგში, იმ ქვეყნის საგადასახადო კოდექსს წაიკითხავს სადაც ინვესტირებას აპირებს.

„არ მეჩვენება, რომ ეს ჩანაწერი რაიმე რეალური გარანტია იყოს“, - მიიჩნევს თვალჭრელიძე.

ახალი ეკონომიკური სკოლის წარმომადგენელი, პაატა შეშელიძე თვლის, რომ აუცილებელი არ არის, ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში ერთი და იგივე ეწეროს.

„ბევრი ქვეყანა ოცნებობს, რომ ასეთი ჩანაწერი გააკეთებინოს თავის მთავრობას. საქართველოში ამას მივაღწიეთ - მთავრობამ თვითონვე შეზღუდა საკუთარი თავი და ახლა საზოგადოება ამბობს, რომ არა, მთავრობას უსაზღვრო უფლებები უნდა ჰქონდესო?! დაფიქრდით, რას აკეთებთ, მაინც და მაინც ბერამ უნდა გადაგიწყვიტოთ ყველაფერი, როგორც ამ ორი დღის წინ მოხდა?! - ვერ ხვდებით, რომ დაგახიათ თავზე კონსტიტუცია“?! - აცხადებს შეშელიძე.

ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის, რამაზ აბესაძის შეფასებით, მეცნიერული თვალსაზრისით არ შეიძლება, გადასახადები იყოს ასე „დაბმული“.

„ეკონომიკურ აღმავლობასთან ერთად გადასახადი შეიძლება იზრდებოდეს ან - მცირდებოდეს - ამითი ხდება ეკონომიკაში არსებული სიტუაციის რეგულირება. გადასახადები, სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს გაყინული.

დავუშვათ, გადასახადის გაზრდაა საჭირო ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის და მოიწვიეს რეფერენდუმი, ვინ დაეთანხმება გადასახადის გაზრდას?! - ვერ გეტყვით, მთავრობა რითი ხელმძღვანელობს და დატოვება სურს თუ არა, მაგრამ არ მგონია, ეს საკონსტიტუციო თემა იყოს, ყოველ შემთხვევაში სხვა ქვეყნების კონსტიტუციები საგადასახადო საკითხებს არ მოიცავს“, - აცხადებს აბესაძე.

არც ისე დიდი ხანია, რაც მთავრობამ აქციზის გადასახადი რამდენჯერმე გაზარდა. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაკი კონსტიტუციით დაცული გადასახადების ზრდა სათანადო პროცედურების გარეშე შეუძლებელი იყო, მთელი საბიუჯეტო ტვირთი აქციზის გადასახადზე გადავიდა, რამაც გარკვეული პროდუქციის გაძვირება გამოიწვია და სოციალურ ფონზეც შესაბამისად აისახა.

ძნელი სათქმელია, ეს მაგალითი რამდენად გამოდგება განზოგადებისთვის, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო კომისიაში გამართული დებატებისას აცხადებდა, რომ საქართველოს კონსტიტუციაში იმგვარი ცვლილებების შეტანაა დაგეგმილი, რომლებიც სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპების რეალიზებისთვის სათანადო გარანტიებს შექმნის.

„გარკვეულწილად, ტვირთი აქციზის გადასახადზე გადავიდა, მაგრამ იქაც მუდმივი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ ზარდო და ზარდო ეს გადასახადი - არ არის ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი. შესაძლოა ეს აისახოს იმპორტის მოცულობაზე და ა.შ. ამიტომ, რეგულირების თვალსაზრისით, გადასახადები თავისუფალი უნდა იყოს და იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ეკონომიკაში შეიქმნება, მთავრობამ უნდა მართოს - მას ეს ბერკეტი უნდა გააჩნდეს“, - მიიჩნევს რამაზ აბესაძე.

პაატა შეშელიძე განმარტავს, რომ კონსტიტუციის ეს მუხლი მთავრობას ლავირების საშუალებას აძლევს.

„ნახეთ, რა წერია: გადასახადები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ რეფერენდუმის გზით... მისი ინიცირება შეუძლია მთავრობას... თუ მთავრობა თვლის, რომ მას სჭირდება ხარჯების გაწევა და ეს ხარჯები შეიძლება ამოღებული იყოს გადასახადებით, მას შეუძლია, დროებით გაზარდოს ეს გადასახადები - სამი წლით... სამი წლის შემდეგ მას მოუწევს რეფერენდუმზე გატანა და ხალხის დარწმუნება, სწორი იყო მისი გადაწყვეტილება თუ - არა. მითხარით, რას მოგვცემს ამ მუხლის ამოღება“? - აცხადებს პაატა შეშელიძე.

ექსპერტ, ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, შეიძლება ითქვას, ეს ფორმალური ჩანაწერია, რადგან მმართველ პარტიას თუ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მოინდომა გადასახადების გაზრდა, ის ამას მაინც გააკეთებს.

„მეორე მხრივ, ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად რბილია მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, როგორია მისი საბიუჯეტო, ფისკალური და საგადასახადო პოლიტიკა. თუ ჩვენ არ ვენდობით ხელისუფლებას, მაშინ ეს სხვა საკითხია. თუმცა, ზოგჯერ საგადასახადო ცვლილებები ბიზნესისთვის პროგრესულიც შეიძლება იყოს. ვნახეთ, რომ აქციზის გადასახადი მაინც გაიზარდა. მაშინ საკითხი ასე უნდა დაისვას - ჩვენ ვლაპარაკობთ მთლიანად საგადასახადო პოლიტიკაზე თუ მხოლოდ დამატებული ღირებულების ან მოგების გადასახადზე, მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი ის არის, რომ მთავრობა თუ მოინდომებს, შეკრებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ნებისმიერ ცვლილებას მიაღწევს“, - აცხადებს ჯგერენაია.

ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის ძირითადი კანონიდან ამ მნიშვნელოვანი გარანტიის გაქრობა გააჩენს არასტაბილურობის განცდას და გადასახადების ზრდის მოლოდინს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის, მოქალაქეების და ბიზნესსექტორისათვის თანაბრად დამაზიანებელი იქნება.

განცხადებას უერთდებიან ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საქართველოს ბანკების ასოციაცია, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა - საქართველო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

პაატა შეშელიძე თვლის, ეს მუხლი ძალიან ბევრ რამეს ცვლის, რადგან ექვსი გადასახადიდან მხოლოდ ერთის გაზრდა შეუძლიათ და ვხედავთ, რომ მასაც ზრდიან და ზრდიან.

„ეს არ გეუბნებათ არაფერს, შემდეგში რა იქნება? წარმოიდგინეთ ექვსივე გადასახადის შეცვლის უფლება რომ ჰქონდეთ, რა მოხდება! დიდი მიღწევაა, კონსტიტუციაში ასეთი მუხლის არსებობა - ხალხს ეკითხები, ის მზად არის თუ არა, რომ ფული გადაიხადოს! სამწუხაროდ, მხარი არ დაუჭირეს, თორემ კიდევ უნდა ასახულიყო ბევრი დებულება, რაც ეკონომიკური თავისუფლების კანონშია. ახლაც არ ეკითხებიან ხალხს არაფერს და მერე კიდევ უფრო არ ჰკითხავენ - ეს არის პრობლემა“,- აცხადებს პაატა შეშელიძე.

მისივე განმარტებით, ეს არის მუხლი, რომელიც ადამიანებს, ყველა ჩვენგანს იცავს, იმისაგან, რომ პრემიებითა და ხელფასებით ისედაც გაზულუქებულმა ჩინოვნიკებმა ყველაფერი არ წაგვართვან.

პაატა შეშელიძე თვლის, რომ ბიზნესგაერთიანებებს დააგვიანდათ გაპროტესტება და პირველივე დღიდანვე უნდა განეცხადებინათ ამის შესახებ.

„დარწმუნებული ვარ, ეს უფრო შეთანხმების ნაწილია და არა რეალური პროცესი, ალბათ, იმაზე შეთანხმდებიან, რომ კონსტიტუციიდან ამოიღონ და კანონში დატოვონ, მერე უფრო ადვილი გადასალახავი რომ იყოს თუ რამე დასჭირდათ და დასჭირდებათ აუცილებლად - ასეთ თამაშს ჰგავს. ისევე, როგორც ონლაინსესხებზე ხმა არ ამოიღეს და ბოლოს გააკოტრეს ნახევარი კომპანიები“, - აცხადებს შეშელიძე.