პარლამენტი მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოხდება ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომლის მიზანიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია იქნება.
აკაკი ზოიძის განმარტებით, ცვლილებაში კომპლექსურად იქნება ასახული როგორც ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ზრუნვისა და მკურნალობის პოლიტიკა, ასევე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციასთან დაკავშირებით პოლიტიკის გამკაცრება და უკომპრომისო ბრძოლა. მისივე თქმით, პროექტში ყურადღება გამახვილდება პრევენციაზეც.
მთავრობის დაპირება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ აქტუალური რეპერების სკანდალური საქმის შემდეგ გახდა, რასაც პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციის შესაძლო ფაქტზე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება მოჰყვა.
ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამბობს, რომ პროკურატურა გაერკვა საქმის ვითარებაში და როგორც ჩანს, აღმოაჩინეს ახალი გარემოებები.მინისტრის თქმით, კანონის დარღვევა ნებისმიერის მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი და ყველა თანაზომიერი სასჯელით უნდა დაისაჯოს. ჯეჯელავას განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობა არ შეწყვეტილა.
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენდა ერთ-ერთ საარჩევნო დაპირებას. ამაზე მუშაობა არ შეწყვეტილა. პრემიერის განცხადებამ ხელი შეუწყო იმას, რომ დღის წესრიგში ეს დამდგარიყო უფრო მალე ვიდრე დაგეგმილი იყო“, - განმარტავს ალექსანდრე ჯეჯელავა.
იუსტიციის მინისტრის შეფასებით, „ბირჟა მაფიის“ სკანდალურ კლიპში საგანგაშო არაფერი იყო, რადგან მუსიკალურ კლიპში პოლიცია გაშარჟებულია და ეს გამოხატვის თავისუფლებაა.თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ამის სურვილი ახალაგზრდა თაობას არ გაუჩნდეს.
„პოლიცია, ჯარი, არის ის ინსტიტუტები, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის პირველი ნიშანია. ამიტომ, თუ მომავალში ცოტა მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ამ საკითხს, კარგი იქნება, თუ ვერ მოვეკიდებით, არც ეს არის პრობლემა, რადგან ყველას გვაქვს გამოხატვის თავისუფლება“, - აცხადებს თეა წულუკიანი.
როგორც ჩანს, საქართველოში ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა კვლავაც მოქმედებს და ამასვე ადასტურებს სოზარ სუბარის განცხადება რეპერების საქმეზე. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. მისი თქმით, როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს მათ იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ცხადია, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი.
„შეიძლება დავუშვათ, მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი, დაშვების დონეზე, მით უმეტეს ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურამ საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, აღძრა მეორე საქმე ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს შემდეგს - არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. სიტყვა „ჩაუდეს“ არაიურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც. არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მინისტრის განცხადებით, საქმეში რამდენიმე რთულად დასაჯერებელი გარემოებაა და მას იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.
„იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე. ამ ბიჭებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭები ამ კლიპის გადაღებიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ნარკოტიკით ჯიბეში დადიოდნენ.
მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ბიჭებს ვიღაცამ ჩაუდო, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინც ჩაუდო, იმას ვიღაცამ უბრძანა და ვიღაცის თავში ეს მოიხარშა, ანუ ძალიან უცნაური რამეებია, რაც სცილდება ნორმალური აზროვნების სფეროს, ყველა მიმართულებით. ერთს ვიტყვი, რომ მჯერა გამოძიების, რომელიც მივა ბოლომდე“, - აღნიშნა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ საუბრისას სოზარ სუბარმა.
საქართველოში რომ ნარკოტიკების ჩადების მავნე პრაქტიკა კვლავაც მოქმედებს, ამაზე ღიად საუბრობენ ადვოკატები. გელა ნიკოლაიშვილი ერთ-ერთია, რომელიც იმ პირთა უფლებებს იცავს, რომელთაც, მისივე თქმით, ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება. მისი თქმით, ამ მავნე პრაქტიკის წინააღმდეგ საუკეთესო პრევენციაა, კანონში ცვლილების შეტენა, კერძოდ, საპატრულო პოლიციის მსგავსად, კრიმინალური პოლიციაც აღიჭურვოს სამკერდო კამერით.
„კრიმინალური პოლიცია და ოპერატიული მუშაკები, რომლებიც ასეთი ბრალდებით აპატიმრებენ ადამიანებს, უნდა აღჭურვონ სამკერდე კამერით, რაც მოხსნის პრობლემას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ეჭვი ყოველთვის იქნება. იმდენად დახვეწილი აქვთ ეს პრაქტიკა პოლიციელებს, რომ ზუსტად იმ ადგილას ხდება ნარკოტიკული ნოვთიერების ჩადება, სადაც ვიდეოკამერა არ წვდება.
სინამდვილეში, პირიქით უნდა ხდებოდეს, თუ, რა თქმა უნდა, არ არღვევ კანონს. ცდილობენ დაკავებისთვის აირჩიონ ისეთი ადგილი, სადაც არის როგორც ვიდეოკამერა, ასევე ხალხმრავლობაც. მხოლოდ ორი ან სამი პოლიციელი ამტკიცებს, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა ნარკოტიკი და უკვე სასამართლოზე შეუძლებელი ხდება საწინააღმდეგოს დამტკიცება“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
რაც შეეხება დაკავების მოტივს, ადვოკატი ამბობს, რომ მსხვერპლის შერჩევის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს.
„არის შემთხვევა, როდესაც ცნობილია, რომ ამ პიროვნებამ მოიხმარა ნარკოტიკი, ან სხვა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ვერ უმტკიცებენ, ამიტომ მარტივია ჩადება. არის ისეთი შემთხვევა, როდესაც, მათი გაგებით, პირი არ უნდა იყოს გარეთ, იმიტომ, რომ შეიძლება ნარკოტიკთან არ აქვს კავშირში, მაგრამ ზოგადად კრიმინოგენურ ვითრებას აუარესებს, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.
არის პირადი მოტივებიც, ან რაღაცა ქონებასთან დაკავშირებული. რეპერებთან დაკავშირებით სულ სხვა მომენტი იყო. მოტივები არის სრულიად სხვადსხვა, მაგრამ მთავარი მოტივია, რომ მიიჩნევენ თითქოს ამ პირის გარეთ ყოფნა საშიშია საზოგადოებისთვის, მაგრამ რამე კონკრეტული დანაშაულის დამტკიცება ძნელია, მაგრამ ძალიან მარტივია, ჩაუდე და ამოუღე, ან არც ჩაუდო და პირდაპირ გაუფორმე, რომ ჰქონდა და გაუშვი 5, 6, 7 და 12 წელი ციხეში“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას გელა ნიკოლაიშვილი.
ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ადვოკატ ირმა ჭკადუას აფიქრებინებს, რომ არსებობს რაღაცა ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც ასე ორკესტრირებულად მოქმედებენ ქვეყნის წინააღმდეგ. ადვოკატი ცალსახად აცხადებს, რომ ამ ყველაფრის უკან იკვეთება საბოტაჟის ნიშნები.
„შესაბამისად, მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან ვხედავ საბოტაჟის ნიშნებს, რაზეც 2012 წლიდან ვსაუბობ. ვერასოდეს ვერ დავიჯერებ, რომ ბატონი მღებრიშვილი და ბატონი შოთაძე სხედან და გეგემავენ, ვის როგორ ჩაუდონ ნარკოტიკი, მაგრამ ფაქტია, რომ საკადრო პოლიტიკაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები და უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში რეალური გამოძიება არ არსებობდა და არ არსებობს დღესაც, პოლიცილებმა არ იციან მუშაობა, არ იციან გამოძიება საქმის. იციან მხოლოდ და მხოლოდ მოსმენა.
ეს ოპერატიული ინფორმაცია საერთოდ სასაცილოა. დაახლოებით ასეთია ოპერატიული ინფორმაცია - ფალიაშვილის 72-თან დგას ირმა ჭკადუა და მას თან უნდა ჰქონდეს ნარკოტი, ერთი საათის შემდეგ მოდის პოლიცია, რომელსაც მე იქ ველოდები, ეს არის ოპერატიული ინფორმაცია.
ზუსტად ასე იყო თათარიშვილის შემთხვევაში, ინფორმაცია მიიღეს თბილისში, ეს ბიჭი ბათუმიდან მოდიოდა, მაგრამ ოპერატიულ ინფორმაციაში წერია, რომ თამარ მეფის N100-თან დგას თათარიშვილი და მას უნდა ჰქონდეს ნარკოტიკი, საათნახევრის შემდეგ მიდის მასთან პოლიცია, რომელსაც იქ ელოდება. სამარცხვინოა ის, რაც ხდება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პოლიციის სისტემაში დარჩენილი არიან კადრები, რომლებიც მიზანმიმართულად ასრულებენ ისეთი ადამიანების შეკვეთებს, რომელთა მიზანია სახელმწიფომ მიიღოს სერიოზული დარტყმა და ჩაყენებული იყოს თავდაცვის რეჟიმში.
„ზუსტად ვიცი, ამ ორკესტრირებულ საბოტაჟში და შეთქმულებაშიმონაწილეობას ღებულობენ სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები. სასამართლოში არსებობს ორი თუ სამი დაჯგუფება, რომელიც ჩართულია საბოტაჟში.
რა სურათი გვაქვს დღეს საქართველოში? - თუ ნარკოტიკების ჩადებაზეა საუბარი, უდებენ დიდ ოდნობას იმისათვის, რომ სასამართლომ დააპატიმროს. სასამართლომ ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს თუნდაც შუალედური გადაწყვეტილება და თანაბარ პირობებში მისცეს დაცვის უფლება, როგორც დაცვას, ბარლდებულს და ბრალდებას, წინასწარი ძიება ჩატარდეს ობიექტურად და შემდგომმა სასამართლომ გადაწყვიტოს ეს ადამიანები არიან თუ არა დამანშავე, ამას არ აკეთებს სასამართლო, ყველას აკავებს, რის შედგადაც მივიღეთ ის მღელვარება, რაც მოხდა“, - ამბობს ჭკადუა.
მისივე თქმით, ის მოსამართლეები, რომლებიც არ არიან თამამი გადაწყვეტილების მიღებაში, უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან.
„უმკაცრესად უნდა დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც ჩაუდეს ნარკოტიკი, ასევე, ის მოსამართლე, რომელმაც რეპერებს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. უნდა რცხვენოდეს, ვერ უნდა მივიდეს სამსახურში. მე, მის ადგილას მანტიას გავიხდიდი, მაგრამ მოსამართლეები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში მხოლოდ ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ, როგორ შეიძლება იმათ დღეს რამესი, ან ვინმესი რცხვენოდეთ?
სასამართლო და მოსამართლეები თავისუფლები არიან, მაგრამ ისინი შინაგანად ვერ განთავისუფლდნენ, ისეთივე მონებად დარჩნენ, როგორებიც იყვნენ. მუდმივად ელოდებიან, რომ ვიღაცამ დაუძახოს და მისცეს მითითება. მიმაჩნია, რომ მოსამართლეები, რომლებიც არ არიან თამამი გადაწყვეტილების მიღებაში, უნდა წავიდნენ სასამართლო სისტემიდან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირმა ჭკადუამ.