პარლამენტში ერკიულ პუაროს სულს გამოიძახებენ

პარლამენტში ერკიულ პუაროს სულს გამოიძახებენ

ვენეციის კომისიამ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებული წინასწარი დასკვნა უკვე მოამზადა და საქართველოს ხელისუფლებასაც გამოუგზავნა. პროცედურულად უნდა მომხდარიყო საპარლამენტო კომიტეტებში მისი განხილვა, დამატებითი არგუმენტაციის მომზადება და მისი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნა, რის შემდეგაც უნდა მომხდარიყო ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის მომზადება და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა დოკუმენტის გასაჯაროება - საზოგადოებისთვის გაცნობა.

თუმცა, მოხდა ისე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრიაჩიხრაძის ბრიფინგის თემაც გახდა და მედიის მეშვეობითაც გავრცელდა, რასაც პოლიტიკურ წრეებში დიდი ხმაური მოჰყვა და იმის ნაცვლად, რომ წინასწარი დასკვნის დეტალები განეხილათ, პარლამენტსა და პრეზიდენტის გუნდს შორის მორიგი დაპირისპირება შედგა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, წინასწარი დასკვნის გავრცელებით, შეშფოთებულია ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო, რადგან ვენეციის კომისიის თხოვნა იყო, რომ წინასწარი დოკუმენტი არ გასაჯაროებულიყო.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული დასკვნა ჰქონდა მხოლოდ ორ სუბიექტს - პარლამენტის ხელმძღვანელობას და საქართველოს პრეზიდენტს. კობახიძის თქმით, „ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ინფორმაცია უმაღლეს დონეზე ჟონავს“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც წინასწარი დასკვნის განხილვა უნდა მომხდარიყო, განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა მიღებული არ ჰქონდა და, შესაბამისად, ნებისმიერი ინსინუაციები, რომელიც მიმდინარეობს, არასწორია.

„მერჩივნა, პირდაპირ მესაუბრა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შინაარსზე და არ მქონოდა სამწუხარო ვალდებულება, რომ მიმეთითებინა პარლამენტის თავმჯდომარისთვის, უსაფუძვლო ბრალდებაზე პრეზიდენტის მიმართ. პრეზიდენტს ეს დოკუმენტი მიღებული არ აქვს. ნებისმიერი ინსინუაცია, რაც ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემ, საფუძველს მოკლებულია. არ მინდა ვინმემ იგრძნოს თავი, როგორც აგატა კრისტის „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, სადაც ვიღაცა მოკვდა და ყველანი დავდივართ და ვეძებთ ვინ არის მკვლელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ და ყველას მოუწოდა, დოკუმენტის შინაარსზე გაემახვილებინათ ყურადღება და არა იმ დოკუმენტზე, რომელიც დარბაზში მყოფთა უმრავლესობას ნანახი არ აქვს, მათ შორის - არც მას.

“მაქვს მეილი, სადაც ტომას მარკერტი მიდასტურებს, როგორც კი დასკვნა პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა, ასევე გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს”, - განაცხადა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

„ჩვენ იმ პირობას ვასრულებდით, რა პირობაც ვენეციის კომისიისთვის გვქონდა მიცემული. ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მას დასკვნა არა აქვს მიღებული, თავს ვალდებულად ვთვლი გავაჟღერო ინფორმაცია რაც მაქვს, ვინაიდან მე ვარ ვენეციის კომისიასთან საკონტაქტო პირი“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მან ისიც აღნიშნა, რომ თავიდანვე თვითმიზნად იქცა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ბოიკოტირება და წინააღმდეგობის გაწევა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით,  ძალიან დამღლელია ყველაფერი ის, რაც საქართველოს პრეზიდეტის მხრიდან ხდება - არ წყდება ტყუილები, პარლამენტზე შეტევა, არ წყდება საბოტაჟი მისი მხრიდან.

„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პირით მოვისმინეთ. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ მას შესაბამისი დოკუმენტი ვენეციის კომისიისგან გაეგზავნა. გვაქვს ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც. გარდა ამისა, როცა ფიქრია ჩიხრაძემ თავისი პრესკონფერენცია დაიწყო, მისი პირველი სიტყვა იყო: „გავეცანით ვენეციის კომისიის პირველად დოკუმენტს“... მან პირადად დაადასტურა, რომ ჰქონდა მიღებული დოკუმენტი, გაეცნო მას და ამის საფუძველზე ჩაატარა ბრიფინგი. ჩვენ მოვისმინეთ ტყუილი. ამაში ქალბატონ ანას ვერ დავადანაშაულებ, რადგან როცა საუბრობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საუბრობს პრეზიდენტი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ისიც აღნიშნა, თუ რა უფლება აქვს პრეზიდენტს კონსენსუსზე საუბრობდეს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების გამართვის პროცესში არ ჩაერთო.

დასკვნის იმ ნაწილში, რაც გასაჯაროვდა, საუბარია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის როლის გაძლიერებაზე. კომისიის წევრები ხაზს უსვამენ მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობას, თუმცა  აღნიშნავენ, რომ 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, გადაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიწერა და საარჩევნო კოალიციების გაუქმება, უკან გადადგმული ნაბიჯია.

„საქართველო რჩება საკმარისად ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ისეთ პარლამენტთან ერთად, რომელიც დარჩება ერთპალატიანი პროგნოზირებადი მომავლისთვის. მას არ აქვს სასამართლო დამოუკიდებლობის დიდი ხნის ტრადიცია. ასეთ გარემოებაში არსებობს პარლამენტში უმრავლესობის დომინირების რისკი და მომავალში ყურადღება უნდა მიექცეს ძალაუფლების გადანაწილების გაძლიერების შესაძლებლობას, მაგალითად მეორე პალატის შემოღებით და პარლამენტში ოპოზიციის როლის გაძლიერებით“ - ნათქვამია წინასწარ დასკვნაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ახლანდელი პროპორციულ/მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა პროპორციული საარჩევნო სისტემით ეჭვს გარეშე არის წინ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტში პლურალიზმის გაზრდას, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი სამი მექანიზმით არის შეზღუდული: საკანონმდებლო არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი შენარჩუნებულია; 5 პროცენტს ქვემოთ გადაუნაწილებელი მანდატები გამარჯვებულ პარტიას მიეწერება და საარჩევნო კოალიციები (პარტიული ბლოკები) უქმდება.

„რადგან 5-პროცენტიანი ბარიერი სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და არ ექვემდებარება კრიტიკას, ეს სამი მექანიზმი ამცირებს პროპორციული სისტემის ეფექტს, უფრო პატარა პარტიებისა და პლურალიზმის საზიანოდ და დიდწილად იხრება საარჩევნო თანასწორობისა და წარმომადგენლობითობისპრინციპებიდან, ვიდრე ამართლებს სტაბილურობის უზრუნველყოფის საჭიროებას.

ამ ფონზე, ვენეციის კომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მიკუთვნების წარმოდგენილისგან განსხვავებული ვარიანტები იყოს გათვალისწინებული. როგორიცაა: პროპორციული გადანაწილება ყველა პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავს; ან გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობის უმაღლესი ზღვარის დაწესება, რაც გამარჯვებულ პარტიას უნდა მიეკუთვნოს; და/ან ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა და ამგვარად პროპორციული სისტემის დაწესება დარჩენილი მანდატების გადასანაწილებლადაც“- ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებითაც გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს - არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ პრეზიდენტად მუდმივად არჩეული იყო საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანიდადატი.კომისიის წინასწარი დასკვნით, საჭიროა პარლამენტში პლურალიზმის მეტად გარანტირება და შეკავებისა და წონასწორობის პრინციპები.

„პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება, როგორც ასეთი, თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა ამოქმედდება არა მომავალი წლის არჩევნებზე, არამედ 2023 წლიდან“, - ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

ქორწინებაზე საკონსტიტუციო ჩანაწერთან დაკავშირებით ვენეციის კომისია წერს, რომ ის არანაირ შემთხვევაში არ უნდა იძლეოდეს ერთნაირქესიანი პარტნიორობის აკრძალვის ინტერპრეტირებას. კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს სხვა ქვეყნები, ვალდებულია შესაბამისობაში მოდიოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებთან და მაშასადამე, უნდა უზრუნველყოს ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების სამართლებრივი აღიარება. (მაგალითად, როგორც, სამოქალაქო კავშირები ან ერთნაირსქესიანი ადამიანების რეგისტრირებული ურთიერთობები).

რას გაითვალისწინებენ და რას - არა, დასკვნის გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ ეტაპზე ბევრად აქტუალური თემაა, ვინ გასცა „საიდუმლო“.

იმაზე არავინ საუბრობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მისი ზოგადი ნაწილი იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების ცალსახად პოზიტიური შეფასებით, - აცხადებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე.

მისივე თქმით, სხვადასხვა პოლიტიკოსების შეფასებები ამ საკითხზე გაკვირვებას იწვევს.

„როგორც ჩანს, ჩვენს ოპოზიციას სხვა, მათი თანამოაზრეების მიერ შექმნილი დოკუმენტი აქვს წაკითხული, რადგან იმაზე არავინ საუბრობს, რომ ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა და მისი ზოგადი ნაწილი იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების ცალსახად პოზიტიური შეფასებით“.

მდინარაძის განმარტებით, დასკვნაში არც ერთი მკვეთრად ნეგატიური შენიშვნა არ არის გამოთქმული, ხოლო მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინება უპრობლემოდაა შესაძლებელი.

„მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათ უმრავლესობასთან დაკავშირებულ დაშვებას თავადვე ვაკეთებდით საყოველთაო-სახალხო განხილვებისას თუ სხვა საჯარო გამოსვლებში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, მთავარია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ვენეციის კომისიის ექსპერტების აზრით, ცვლილებები წარმოადგენს წინგადადგმულ, პოზიტიურ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისაკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისაკენ.