ვის მოუწევს მატროსოვზე დაბინავება - ფარცხალაძეს თუ თორდიას?

ვის მოუწევს მატროსოვზე დაბინავება - ფარცხალაძეს თუ თორდიას?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნიდან ზუსტად ერთ დღეში, ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერიის მიერ, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემის კანონიერების შესწავლის პროცესში, საქართველოს პროკურატურას ექპერტთა საერთაშორისო ჯგუფი დაეხმარება.

ირაკლი შოთაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ მიიღო. პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფის წევრები სისხლის სამართლის საქმის მასალებს გაეცნობიან და მოამზადებენ დასკვნას, სადაც მოცემული იქნება საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციები და რეკომენდაციები პროკურატურისთვის.

მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი წარმოადგენენ.

ლაშა თორდიას განცხადების საფუძველზე, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა 2016 წელს, თბილისის მერიის მიერ მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხის კანონიერებას და მასში იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში, გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, ასევე, მერიის „ქონების მართვის სააგენტოდან“, არქიტექტურის სამსახურიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან და სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.

საქმეზე გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია, ასევე საქმეზე ჩატარებულია სხვადასხვა სახის არაერთი საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, თუმცა მიღებული გადაწყვეტილებებისა და შედეგების შესახებ პროკურატურა დუმილის უფლებით სარგებლობს.

ის, რაც ირაკლი შოთაძის უწყებამ ვერ, ან არ გამოძია, ახლა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი შეისწვალის და სწორედ მათ ვერდიქტზე იქნება დამოკიდებული, ვის მოუწევს მატროსოვზე დაბინავება - დავით ნარმანიას, ოთარ ფარცხალაძეს თუ თავად ლაშა თორდიას.

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მთვარია, ყველა საკითხს ნათელი მოეფინოს. მისი თქმით, პარლამენტის ვალდებულებაა გამოძიების პროცესზე ზედამხედველობა განახორციელოს და ასეც გაკეთდება.

„ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა საქმეს მოეფინოს ნათელი, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და პოზიცია. დანარჩენი ინსტრუმენტები არის იმ უწყების ხელში, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პროკურატურის მიერ გამოძიებაში ისეთი საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, ვინც ხელფასს პროკურატურისაგან იღებს, სწორად არ მიაჩნია ლაშა თორდიას, რომლის განცხადებით, არანაირი ნდობა ამ გამოძიების მიმართ არ აქვს.

„რატომ გახდა საჭირო ე.წ. საერთაშორისო ექსპრეტების ჩართვა, არ ვიცი. მე მახსოვს, რომ ამ ექსპერტებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა იყო. ასევე მარტივი შეკითხვაა, თუ ვისგან ფინანსდებიან ეს ექსპერტები. თუკი ხელფასს იღებენ პროკურატურისგან, მაშინ არიან თუ არა მთავარი პროკურატურის პროკურორები?

მე საკითხი თავიდანვე სხვანაიარდ დავსვი, სულ რომ არ ყოფილიყო დარღვევები დასკვნაზე, უნდა მომხდარიყო თუ არა თავდასხმა მთავარ აუდიტორზე? თუ სახელმწიფო აუდიტმა დაიწყო საქმის შესწავლა, ვინმე თავს უნდა დაესხას? საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, მით უმეტეს, ისეთების, ვინც ხელფასს პროკურატურისაგან იღებს, სწორად არ მიმაჩნია. არანაირი ნდობა არ მაქვს“, - აცხადებს ლაშა თორდია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ პირები, რომლებსაც პროკურატურა ექსპერტებს უწოდებს, უბრალოდ, დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მისი განცხადებით, უცხოელი პროკურორების ჩართულობით ვერანაირად ვერ ამაღლდება გამოძიებისადმი ნდობა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ შს სამინისტრომ ბრიფინგზე წარმოაჩინა სიტუაცია, რომლითაც ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დამნაშავედ გამოიყვანეს თორდია. ამ ვერსიას გვთავაზობს პროკურატურა, რომ ჩაფარცხოს ეს საქმე. პროკურატურის მიერ დაქირავებული უცხოელი თანამშრომლების ჩართულობა, ვერანაირად ვერ შეცვლის იმ სურათს, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, არსებობს დაპირისპირება დიმიტრი ქუმსიშვილის ჯგუფსა და ოთარ ფარცხალაძის კლანს შორის და სწორედ ამას უკავშირება ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილის გადაყვანა პროკურატურაში. კახიძე დარწმუნებულია, რომ ფარცხალაძის არაფორმალური მმართველობა პროკურატურაში გრძელდება. შესაბამისად, ეს გადანაცვლება უკეთესობისკენ არ ცვლის სიტუაციას.

„არსებობს დაპირისპირება დიმიტრი ქუმსიშვილის ჯგუფსა და ოთარ ფარცხალაძის კლანს შორის. სწორედ ამას უკავშირება ფინანსური პოლიციიდან გიორგი ბადაშვილის გადაყვანა პროკურატურაში. ჩვენ ვიცით, რომ ფარცხალაძე კვლავ დაუსჯელია და მისი კლანური მმართველობა პროკურატურაში კვლავ ძლიერია და სინამდვილეში მართლმსაჯულების სისტემისთვის არაფერს ცვლის აღნიშნული გადანაცვლება“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

მიმდინარე საკადრო ცვლილებებს, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კადრების გადამალვის მცდელობად აფასებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, შესაძლოა, ვისაუბროთ გადამალვაზე, ან თუნდაც მეგობრობის ფორმატით რაიმე სახის ურთიერთ მხარდაჭერაზე.

„ცხადია, ეს ნაბიჯი ცალ-ცალკე ამ ორ ადამიანს არ მოუვიდა თავში. ეს არის გარკვეული შეთქმულების განხორციელების საწყისი, მაგრამ საზოგადოებისთვის ასეთ გადანაცვლებას არანაირი გზავნილი არ გააჩნია, რადგან ძირითადი, რაც ეხება ბატონ ფარცხალაძეს, ჯერ კიდევ ბურუსით არის მოცული. სურს თუ არა ხელისუფლებას, ეს ბურუსი გაფანტოს, ამაზე დადებით პასუხს ჯერ ვერავინ იტყვის“, - განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.