საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის, ასევე ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს, გადაწყვეტილების პარლამენტის მიერ დამტკიცება საჭირო არ იქნება - ამას საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გამოყენება ყოველდღიურ რეჟიმში ხდება და შეუძლებელია პრემიერმა ყოველდღიურად წარუდგინოს პარლამენტს მოთხოვნა სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
რაც შეეხება სტიქიური მოვლენებისა და ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოყენებას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, 2015 წლის თბილისის წყალდიდობის დროს მოხდა ჯერ სამხედრო ძალების ჩართვა სტიქიის მოვლენების ლიკვიდაციისთვის, რადგან ეს გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ამის შემდეგ მიიღო პარლამენტმა შესაბამისი გადაწყვეტილება, თუმცა ამით კონსტიტუციის მოთხოვნა დაირღვა.
გარდა ამისა, კონსტიტუციის პროექტიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი „სხვა შეიარაღებული ძალების“ შესახებ. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის, რომლის განცხადებით, მისი პოზიციაა კონსტიტუციაში, პირველ რიგში, დაფიქსირდეს თავდაცვის ძალებთან დაკავშირებული პოზიციები.
საკონსტიტუციო ცვლილებებით შესაბამისი მუხლი შემდეგნაირად ჩამოყალიბდება - ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს თავდაცვის და კანონით გათვალისწინებული ორგანოები.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების მონაკვეთის შემოთავაზებული სახით განხორციელება დაუშვებელია. როგორც რაქვიაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, შემოთავაზებული ცვლილებებით ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ირღვევა.
„ყველაფერი - უმაღლესი მთავარსარდლის საკითხი, უშიშროების საბჭოს საკითხი და მთლიანად ცვლილებები ერთიან ბმაშია და ამ ბმის ერთობლიობა გვაძლევს შესუსტებულ თავდაცვისუნარიანობას. შემოთავაზებული ცვლილებები არ ეყრდნობა არსებულ გამოწვევებს, არ ითვალისწინებს ოკუპაციას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ცვლილებების განხორციელებისგან პარლამენტი თავს შეიკავებს“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.
მისივე თქმით, უნდა მუშაობდეს თუ არა უშიშროების ეროვნული საბჭო თავდაცვისუნარიანობის საკითხებზე და საბჭოს მდივანს უნდა ჰქონდეს თუ არა ხედვა უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით, ამაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია.
„დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის უმაღლესი მთავარსარდალი, ხოლო უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებზე. ჩვენ პოზიციები სხვადასხვა ფორმით მიწოდებული გვაქვს როგორც საკონსტიტუციო კომისიისთვის, ისე ვენეციის კომისიისთვის და ჩვენი პარტნიორებისათვის.
ჩემი მიზანი იყო კიდევ ერთხელ გამეჟღერებინა პოზიცია, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ არსებული საკონსტიტუციო ცვლილებები მნიშვნელოვნად შეასუსტებს ქვეყნის თავდაცვიუნარიანობას და უარყოფითად აისახება მის მედეგობაზე, ისევე როგორც სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის განხორციელებაზე“, - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე დავით რაქვიაშვილმა.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს არ აქვს საქმე“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ უშიშროების საბჭოს მდივანს კომიტეტის სხდომაზე. ირაკლი კობახიძემ რაქვიაშვილს შენიშვნაც მისცა და განაცხადა, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, როგორც უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს.
„უშიშროების საბჭოს არ აქვს საქმე, გამომდინარე იმ პრობლემებიდან, რომელიც არსებობს. უსაქმურები კი არ არიან, სისტემურ პრობლემას ვგულისხმობ. თქვენ უნდა იცოდეთ, როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს.
ძალიან მძიმე და შემაშფოთებელია, როცა უშიშროების საბჭოს წევრებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეებმა არ იციან, როგორ უნდა ისაუბრონ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებები შემაშფოთებელია და ესეც მიუთითებს, რომ ამ ორგანოს სერიოზული გარდაქმნა სჭირდება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა, საკომიტეტო სხდომაზე კამათის თემა გახდა.
„რა ცვლილებაა დრამატული თავდაცვის სისტემაში, გარდა იმისა, რომ დღევანდელი, აბსულუტურად ბუნდოვანი სისტემა, მკაფიო სისტემით ჩანაცვლდება, სად არის აქ მორღვეული უშიშროების სისტემა?! რომელი დრამატული ცვლილება ხორციელდება თავდაცვის სისტემაში?! ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება დრამატული არ არის!
დღეს უშიშროების საბჭო ვერ უზრუნველყოფს ვერც ჰიბრიდული გამოწვევებისა და ვერც ანექსიის პრევენციას. მე თვითონ ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და ვიცი რას აკეთებს საბჭო და რა საკითხები განიხილება უშიშროების საბჭოს სხდომაზე. რა კავშირი აქვს უშიროების საბჭოს ჰიბრიდული გამოწვევების პრევენციასთან? საუბარი იყო იმის შესახებ, რომ 24-საათიან რეჟიმში უნდა იყოს მართული სიტუაცია, როცა საქმე ჰიბრიდულ საფრთხეებს ეხება. უშიშროების საბჭო 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს ამ საფრთხეების მართვას?
უშიშროების საბჭოს წევრი ვარ და კოორდინაცია ჩემსა და საბჭოს სხვა წევრებს შორის და აპარატსა და საბჭოს სამდივნოს შორის 6 თვეში ერთხელ ხორციელდება, გამომდინარე იმ დატვირთვიდან და ფუნქციიდან, რაც კონსტიტუციით უშიშროების საბჭოს გააჩნია. საბჭოსგან პერიოდულად ვიღებთ გარკვეულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, რომელიც არანაირ კავშირში არ არის არც ჰიბრიდულ საფრთხეებთან და არც ანექსიის პრევენციასთან“, - მიმართა ირაკლი კობახიძემ უშიშროების საბჭოს მდივანს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დავით რაქვიაშვილს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ტონი დაუწუნა.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ეჭვობს, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალმა ხარისხმა გარკვეული მოხელეები დააბნია.
„ბატონ რაქვიაშვილს შევახსენებდი თავის სტატუსს. ის გახლავთ უშიშროების საბჭოს მდივანი და ამ სტილში ესაუბრება ვის?! მოცემულ შემთხვევაში ამავე საბჭოს წევრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს იგივეა, ჩვენი ფრაქციის აპარატის უფროსმა მენტორული ტონით და კომუნიკეებით რომ დაიწყოს ჩემთან და ჩვენი ფრაქციის წევრებთან ლაპარაკი. ვეჭვობ, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალმა ხარისხმა გარკვეული მოხეელეები დააბნია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, უშიშროების საბჭოს თემაზე პოლიტიკური სპეკულაციები სცილდება რეალობას, ეს საბჭო არის მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო იღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას და ეს არის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრა. დეპუტატის განცხადებით, ყველა პოლიტიკური ძალა თანმხდება, რომ ქვეყნის თავდაცვა არის ყველას ინტერესი, ამიტომ გამორიცხავს საკითხზე რაიმე ვიწრო პოლიტიკურ ინტერესს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხრიდან.
„იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ იმ ადამიანებთან, რომლებიც კონსტიტუციური ცვლილებების თავდაცვის მონაკვეთზე მსჯელობენ და შეიქმნება ისეთი კონსტიტუციური სისტემა, რომელიც პირველ რიგში ქვეყნის ადეკვატურ თავდაცვისუნარიანობას უზრუნველყოფს. რაც შეეხება ეროვნულ უშიშროების საბჭოს, ამ თემაზე მთელი რიგი პოლიტიკური სპეკულაციები სცილდება რეალობას.
დღევანდელი უშიშროების საბჭო არის მხოლოდ და მხოლოდ სათათბირო ორგანო და მეტი არაფერი, რომელიც იღებს ერთადერთ გადაწყვეტილებას, ეს არის შეიაღარებული ძალების რიცხოვნობის განსაზღვრა, რაც არ შეცვლილა მას შემდეგ რაც საქართველოს შეიარაღებული ძალები არსებობს. პრეზიდენტთან რჩება ყველა ის უფლებამოსილება, რაც აქამდე ჰქონდა და თავისთავად მთავრობას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ უშიშროების საბჭო წყვეტს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, სცილდება ყველანაირ ჯანსაღ და საღ აზროვნებას.
„პირიქით, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია გვაძლევს რეკომენდაციას, რომ უნდა შევქმნათ ეფექტური ორგანო. შარშან ორჯერ შეიკრიბა ეროვნული უშიშროების საბჭო და თქვენ გინდათ დამაჯეროთ, რომ პრეზიდენტმა, ვინც არ უნდა იყოს იქ, მიიღო იმდენი რჩევა, იმდენი განათლება და ინფორმაცია, რომ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა მოახდინა? რა თქმა უნდა, - არა.
მე თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და ვიცი რაზე ვმსჯელობთ იქ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ თავდასხმის შემთხვევაში საჭიროა პოლიტიკური კონსოლიდაცია, სწორედ ამიტომ არის შემოთავაზებული თავდაცვის საბჭოც“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საკონსტიტუციო ცვლილებების თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში შენიშვნა აქვთ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს. სერგი კაპანაძის განცხადებით, ამ მიმართულებით შენიშვნა ძალიან ბევრია, მათ შორის ოთხი ძირითადი პრობლემაა ცვლილებებში.
„პირველი - თავდაცვის და უსაფრთხოების თავი ისე იქნა შემუშავებული, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ თემებზე საქართველოში, ჩართული არ ყოფილა. მათ საპროტესტო მიმართვაც კი გაავრცელეს რამდენიმე დღის წინ, რომ შეუძლებელია კონსესუსის გარეშე აღნიშნული ცვლილებების მიღება. მეორე - იკარგება უშიშროების საბჭო როგორც მაკოორდინირებელი ორგანო.
მესამე -პრეზიდენტს ეკარგება ფუნქციები უსაფრთხოების სფეროში, ომის დროს მას გარკვეული ფუნქციები გააჩნია, მაგრამ ძირითადად, პრემიერის დავალებების შემსრულებელია და მეოთხე - შემოდის სრულიად გაუგებარი ცნება, სხვა შეიარაღებული ძალები, რომელსაც კონსტიტუცია არ ცნობს და გაუგებარია, რას ნიშნავს ის და რა შეიძლება იყოს სხვა შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.