„ქართული ოცნების“ გუნდის ფორვარდს, კახა კალაძეს თბილისის მერობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი პოლიტსაბჭოს სხსდომის შემდეგ ოფიციალურად დაასახელებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატურაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე და მას გაახმოვანებს პრემიერ-მინისტრი. უმრავლესობის წარმომადგენლის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, კალაძე მმართველი გუნდის ფორვარდია და მისი კანდიდატურის განხილვა ძალიან რეალურია.
მმართველი გუნდის ფორვარდის კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი იქნება. უდუმაშვილმა შეთავაზება უშუალოდ ექს-პრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქისგან, მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. „კურიერის“ წამყვანი ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან“ თბილისის მერის არჩევნებში მათი სახელით მონაწილეობის შეთავაზება მიიღო. უდუმაშვილი კიევში იმყოფებოდა, სადაც პარტიის ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
„სამწუხაროდ, დღეს ბევრს ვერაფერს გეტყვით. ვადასტურებ, მაქვს შეთავაზება, რომ ჩემი კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას, ალბათ, უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ.
უკრაინაში მქონდა შეხვედრები პარტიის ლიდერებთან, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან. მე ავიღე გარკვეული დრო მოსაფიქრებლად. გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, საერთოდ ვიყრი თუ არა კენჭს და არ მიმიღია არც იმასთან დაკავშირებით, ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ თუ დამოუკიდებელი კანდიდატი“, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
უდუმაშვილი ფიქრობს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი ადასტურებს, რომ ზაალ უდუმაშვილი არის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელის კანდიდატურსაც „ ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღეში დაასახელებს.
„დღეს თბილისს გამაერთიანებელი, ზეპარტიული მერი სჭირდება, რომელიც შეძლებს მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას, სწორად ამ ნიშნით უნდა დაიმსახუროს მან მოსახლეობის მხარდაჭერა და მოწონება. ახალმა მერმა თბილისი უნდა ამოიყვანოს იმ ჭაობიდან, რომელშიც ნარმანიამ და „ქართულმა ოცნებამ“ მოაქცია“, - ამბობს ზაზა ბიბილაშვილი.
მაშ ასე, ზაალ უდამაშვილი თბილისის მერობისთვის იბრძოლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პირველი ნომერი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იქნება, რომელიც მერის არჩევნებზე ერთხელ უკვე დამარცხდა დავით ნარმანიასთან, ახლა ბედს საკრებულოში ცდის. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს მთწმინდაზე იყრის.
for.ge-ს ინფორმაციით, მელიასთვის, რომელიც მერის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებდა, მოულოდნელი აღმოჩნდა სააკაშვილის გადაწყვეტილება, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ მელიამ პატრიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა სააკაშვილის სატელეფონო ზარის შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალა.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისის მერის თანამდებობაზე არა მარტო ზაალ უდუმაშვილს, არამედ ოპოზიციის არც ერთ კანდიდატს არ აქვს შანსი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ვერ ეყოლება რეალური კონკურენტი.
„ეს საუბრები, ალბათ, მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ ეშინია თავიანთი „ბრენდის“, თუკი ისინი აპირებენ, რომ კანდიდატად წამოაყენონ ზაალ უდუმაშვილის კანდიდატურა. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, ჩვენ დავასახელებთ კანდიდატს მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
პროგრამა მინიმუმი გვაქვს პირველ ტურში გამარჯვება - თუ ჩვენი კანდიდატი იქნება კახი კალაძე, ეს პროგრამა მინიმუმი იქნება უპირობოდ შესრულებული, ყოველგვარი განსაკუთრებული სირთულეების გარეშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ჟურნალისტი ზაალ უდუმაშვილი კახა კალაძისთვის კარგი კონკურენტი იქნება, რადგან მისი ფიგურა აშკარად შეუწყობს ხელს იმას, რომ მმართველი გუნდის კანდიდატი გაცილებით მეტ პროცენტს აიღებს, ვიდრე დღიეს მდგომარეობით შეიძლება მიიღოს.
„სავარაუდოდ, სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება გათვლილია იმაზე, რომ ზაალ უდუმაშვილი არ ფიგურირებდა იმ ხმაურიან საქმეებში, როგორც აქტიური მონაწილე. შემოიფარგლებოდა „რუსთავი 2“- ის ადმინისტრირებით და მეორე მხრივ, არის ცნობადი სახე. მისი ნაკლებად აგრესიულობა და ცნობადობა, შეიძლება არის ის თვისებები, რომლის გამოც თვლიან, რომ უდუმაშვილს აქვს პერსპექტივა.
მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ მეტისმეტად ბევრ ლოგიკურ შეცდომას უშვებს. უდუმაშვილის შემთხვევაც ლოგიკური შეცდომაა. ძველ ცოდვებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელენე ხოშტარიას, რომელიც ახლა ნაციონალების მეორე ჯგუფიდან იბრძოლებს თბილისის მერობისთვის. ვიცით, რომ საპარლამენტო არჩევნებში თავის უბანში ვერ გაიმარჯვა. ანუ, ეს პლუსი, რომ იმ პერიოდთან კავშირი არ ჰქონდა პერსონას, გამარჯვების გარანტია არ არის“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.