ევროპა თურქეთის პოლიტიკას შემხვედრი ნაბიჯით პასუხობს

ევროპა თურქეთის პოლიტიკას შემხვედრი ნაბიჯით პასუხობს

გერმანია-თურქეთს შორის პოლიტიკური ვითარება იძაბება. თურქეთის პრემიერ-მინისტრი, თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეხვდა. ოფიციალური ინფორმაციით, ბინალი ილდიმირმა ზიგმარგ გაბრიელთან შეხვედრა დროის უქონლობის გამო ვერ შეძლო. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვვანელი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა მის თურქ კოლეგას ჩალუშ ოღლუს.

საგარეო უწყების პირველი პირების შეხვედრის მთავარი თემა ინჯირლიკის სამხედრო ბაზა იყო. როგორც ცნობილია, ზიგმარგ გაბრიელის ანკარაში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, თურქეთმა ოფიციალურად შეატყობინა, რომ გერმანელი დეპუტატები ბაზაზე დაშვებული არ იქნებოდნენ. ჩაუშ ოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სანამ ბერლინი არ შეცვლის თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას თურქეთთან მიმართებაში, გერმანიის წარმომადგენბლები არ იქნებიან დაშვებული ბაზაზე.

როგორც ჩაუშ ოღლუმ აღნიშნა, გერმანელი დეპუტატები შეძლებენ კონში ნატოს სამხედრო ბაზაზე შესვლას, თუმცა არა ინჯირლიკზე. აღსანიშნავია, რომ ინჯირიკის სამხედრო ბაზაზე 250 ათასი სამხედრო იმყოფება, ისინი მონაწილეობენ აშშ-ს მეთაურებით მიმდინარე ანტიტერორისტულ მისიაში. ეს არის ნატოს სამხედრო ბაზა, რომელსაც სტრატეგიული დანიშნულება გააჩნია.

როგორც ჩანს, ბერლინი თურქეთთან მიმართებაში პოზიციის შეცვლას არ აპირებს. ამავეს ადასტურებს ნატო-ს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილება, რომლებიც ალიანსის მომავალი სამიტის თურქეთში გამართვას ეწინააღმდეგებიან. მოწინააღმდეგეთა შორის ღიად დასახელდა გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, დანია. გერმანული მედიის ინფორმაციით, ნატო-სთვის 2018 წლის მთავარი ღონისძიების თურქეთში გამართვა იქნება იმის ნიშანი, რომ ალიანსი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკის მომხრეა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის შემდეგ, ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორის თურქეთი მეორე ქვეყანაა თავისი სამხედრო ძალებით, თურქეთის მთავრობის საშინაო პოლიტიკა დასავლეთის მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა. დასავლეთი ღიად მოუწოდებს თურქეთს შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების მასობრივი დევნა-დაპატიმრება და დაიწყოს ქვეყნის დემოკრატიული მმართველობა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ნატოს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება თურქეთის მთავრობის პოლიტიკას. თურქეთსა და საფრანგეთს შორის პოლიტიკური ვითრება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საფრანგეთმა მიიღო კანონი გენოციდთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჰოლანდიასთან პოლიტიკური ვითარების გართულებას, ამის მიზეზი გახდა ჰოლანდიის მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ქვეყანაში ჩასვალზე უარი უთხრეს.

ანალიტური საბჭოს მკვევარიმ ზურაბ აგლაძე ამბობს, რომ ევროპა თურქეთის პოლიტიკას შემხვედრი ნაბიჯით პასუხობს. მისი თქმით, თურქეთი ორი ალტერნატივის წინაშე დგას, ან შეცვალოს რიტორიკა, ან მოუწევს ფასის გადახდა.

„ეს არის გაფრთხილება. გაითვალისწინეთ, რომ გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირის წამყვანი ქვეყნებია, მათ გადაწყვეტილებას იზიარებს ბევრი ქვეყანა. ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებია. ამიტომ, უნდა ჩავთვალოთ, ეს მათი საერთო პოზიცია იქნება.

ნატოს ეს გადაწყვეტილება არის მინიშნება, რომ თურქეთის ქმედება და კერძოდ, ერდოღანის მთავრობის ქმედებას ექნება შედეგები, ეს არ იქნება მარტო ევროკავშირთან ურთიერთობა, არამედ, აისახება ნატოს წევრებთან ურთიერთობაში. ამიტომ, ახლა თურქეთზეა დამოკიდებული, როგორ პასუხს გასცემს. არა მგონია, რომ თურქეთმა დიდად შეცვალოს თავისი პოლიტიკა და ის რიტორიკა, რაც ამ ეტაპზე აქვს“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.

როგორი იქნება თურქეთის პასუხი გერმანია, ჰოლანდია, საფრანგეთისა და დანიის მოთხოვნაზე და შესაძლოა თუ არა, თურქეთმა თქვას, რომ ის ტოვებს ნატოს? - ამის შესაძლებლობას გამორიცხავს ზურაბ აგლაძე, რომლის შეფასებითაც, თურქეთის მთავრობა კარგად ხვდება, რომ ნატო არის ერთ-ერთი ძლიერი სამხედრო ბლოკი, ნატოდან გამოსვლა და რეგიონში მარტო დარჩენა, თურქეთისთვის საკმაოდ დიდი საფრთხე იქნება.

„არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი სირიის მეზობელია, არ დაგვავიწყდეს რა ხდება ახლო აღმოსავლეთში - ტერორისტული აქტები თურქეთში; ქურთული სეპარატისტული მოძრაობა, რომლებიც ერაყში ფაქტიურად დე-ფაქტო დამოუკიდებლები არიან, იგივე ხდება სირიაში. ამიტომ, საკმაოდ რთული და სახიფათო იქნება თურქეთისთვის ნატოდან გამოსვლა და ამას არ გააკეთებს.

ნატო არაა მარტო სამხედრო ორგანიზაცია, ნატოს აქვს თავისი ფასეულობები და ღირებულებები, რომლის დაცვა მოუწევს თურქეთს. ამიტომ, დასავლეთი მიუთითებს თურქეთს, რომ საერთაშორისო სისტემის სრულფასოვანი მოთამაშე იყოს, მიუხედავად იმისა, გაწევრიანდება თუ არა ევროკავშირში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თურქეთის ხელისუფლების ქმედება, უდავოა, რომ დასჯადი იქნება, მაგრამ დარწმუნებული არ არის რამდენად კარგად არის გააზრებული ასეთი დასჯის შედეგები. საქმე ისაა, რომ თურექთი დამატებით საბაბს ეძებს და გამომწვევადაც იქცევა იმისათვის, რომ ხელი გაეხსნას ისლამიზაციის პროცესს და შეიზღუდოს ევროპული ორიენტაცია.

„მართლაც ძნელი სათქმელია, იტყვის თუ არა თურქეთი უარს ნატოზე. იმიტომ, რომ მთლიანად ნატოზეა დამოკიდებული მისი შეიარაღება და სამხედრო პოტენციალის შემდგომი ზრდა. თუ უკიდურესობამდე მივიდა დაძაბულობის ხარისხი, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერდოღანმა დააყენოს ნატოდან გამოსვლის საკითხი.

თეორიულად ეს გამორიცხული არ არის, თუმცა, პრაქტიკულად, დღეისთვის ცოტა რამ მიანიშნებს იმაზე, რომ თურქეთის ინტერესებში შედიოდეს ნატოდან გამოსვლა. მაგრამ, ბევრი რამ არ შედის თურქეთის ინტერესებში ისეთი, რისკენაც გადადგა ნაბიჯები. ამიტომ, დაიმედება იმისა, რომ თურქეთი მხოლოდ რაციონალიზმით იხელმძღვანელებს, მგონია, რომ არ არის გამართლებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.