მმართველი გუნდის კაპიტანი გოლისთვის ემზადება

მმართველი გუნდის კაპიტანი გოლისთვის ემზადება

„ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ველოდებით, მათ შორის ჩემთან დაკავშირებით“, - აცხადებს დავით ნარმანია. საინტერესო გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი ნარმანია, თბილისის მერიიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გადაინაცვლებს. იმ შემთხვევაში, თუ მერის თანამდებობაზე კახა კალაძის კანდიდატურა დადგება, მოქმედი მერის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

ნარმანია ადასტურებს, რომ კალაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს, კონსულტაციებს ადასტურებენ მმართველ გუნდში, მაგრამ როგორც ირკვევა, კონსულტაციებში ჩართული არ არის მოქმედი მერი.

ენერგეტიკის მინისტრის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატურაზე მმართველმა გუნდმა დახურულ შეხვედრაზე იმსჯელა. კალაძე იყო ერთადერთი კანდიდატურა, რომლის გარშემო მიმდინარეობდა მსჯელობა. ამავე შეხვედრაზე უმრავლესობას სხვა ალტერნატიულ კანდიდატზე არ უმსჯელია.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად „ქართული ოცნება“ ამჟამინდელი ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს განიხილავს. დეპუტატი ამბობს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭოზე მიიღებენ. გარდა ამისა, ვოლსკი აცხადებს, რომ უკვე დაწყებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გეგმაზე მუშაობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში გაიმართება. მმართველი გუნდი თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს აგვისტოში წარადგენს. მმართველ გუნდს შესარჩევი ჰყავს როგორც მერობის, ისე გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევი ჰყავთ 1000-ზე მეტი კანდიდატი, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია.

რაც შეეხება კალაძის შემცვლელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კალაძეს დეპუტატი გიორგი ლილუაშვილი შეცვლის.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლილუაშვილი კახა კალაძეს ჩაანაცვლებდა. როგორც for.ge-ს უმრავლესობის კულუარებში განუცხადეს, გიორგი ლილუაშვილს, რომელიც დავით ნარმანიას მოადგილე იყო, თავად აქვს სურვილი პარლამენტიდან ენერგეტიკის სამინისტროში გადაინაცვლოს, რაც შეუძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდი ადასტურებს კალაძის მერობის კანდიდატად დასახელებას, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწვეტილების მიღება უახლოეს მომავალში მოხდება. ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტბს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.

„კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო იღებს. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება, გადაწყვეტილება მიიღება და შეგვეძლება კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით ვისაუბროთ. შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ იყო საუბარი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. თუმცა აღნიშნა, რომ დარჩა რიგი პროცედურები გასავლელი, რის შემდეგადაც მმართველი პარტია თავის კანდიდატს წარადგენს.

„არჩევნები თავისთავად გულისხმობს ალტერნატივებს. ჩვენი გუნდისთვის კახა კალაძე თბილისის მერობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია. თუმცა, ჯერ, პროცედურებია გასავლელი. პარტიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ამის შემდეგ წარადგინოს კანდიდატი, რაც უახლოეს მომავალში მოხდება. ჩემთვის კახა კალაძე მისაღები კანდიდატია“, - განუცხადა ჟურნალისტებს ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, კახა კალაძე თბილისის მერობის უალტერნატივო კანდიდატია. რაც შეეხება კონკურენტებს, არსებული ინფორმაციით, კალაძის კონკურენტები იქნებიან - „ნაციონალური მოძრაობა“ - ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ - ელენე ხოშტარია. „თავისუფალი დემოკრატები“ და „რესპუბლიკელები“ - ალეკო ელისაშვილი. თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება დავით უსუფაშვილის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“. ცნობილია, მხოლდო ის, რომ კალაძის კონკურენტი არ იქნება თავად უსუფაშვილი, თუმცა სავაუდო კონკურენტის ვინაობაზე უსუფაშვილი კომენტარს არ აკეთებს.

მაშ ასე, მმართველი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, უკვე დაწყებულია „ქართულო ოცნების“ პოლიტიკურ გეგმაზე მუშაობაც, მაგრამ როგორც კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, „ქართული ოცნებისთვის“ არა მარტო თბილისში, არამედ მთლიანად, მთელ საქართველოში პრობლემა იქნება ამომრჩევლის აქტივობა. მისი თქმით, ადგილობრივ არჩევნებში ეს პრობლემა მუდმივად არის, მაგრამ ამ ეტაპზე „ქართული ოცნებისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თუ შეძლებს ამომრჩევლის მიყვანას.

„ადგილობრივ არჩევნებში პარტიის და პოლიტიკის წარმატება, მაინც თბილისით განისაზღვრება. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ერთიანი და ერთიანი კანდიდატით წარმდგარიყო თბილისში, რა თქმა უნდა, იქნებოდა კონკურენტუნარიანი არჩევნები, მაგრამ ორად გაყოფილ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ელენე ხოშტარიას უფრო ექნება მხარდაჭერა, ვიდრე ნიკა მელიას, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხდა თბილისის მერობისთვის ბრძოლაში დავით ნარმანიასთან“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

რაც შეეხება ალეკო ელისაშვილს, მისი თქმით, ელისაშვილს ექნება მხარდაჭერა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრობლემა იქნება ამომორჩევლი და პოლიტიკური გუნდი, რომელიც ელისაშვილს არ ჰყავს.

„ყველა არჩევნებში, როგორც არ უნდა იყოს, კანდიდატისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს პოლიტიკური გუნდი და ჰქონდეს პოლიტიკური საყრდენი. ლაპარაკია იმაზე, რომ „რესპუბლიკელები“ და „თავისუფალი დემოკრატები“ იქნებიან მისი მხარდამჭერები, მაგრამ ბლოკის შემთხვევაშიც, არ ვიცი, რა ძალა ექნება ამ ბლოკს იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავიანთი კანდიდატის გაყვანა თბილისის მერობაზე. ეს იქნება საკმაოდ რთული და ვფიქრობ, რომ შეუძლებელიც კი“, - ამბობს ძაბირაძე.

კონსტიტუციონალისტის შეფასებით, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს გამარჯვების საკამოდ დიდი შანსი აქვს, მაგრამ რამდენად შეძლებს კალაძე პირველივე ტურში გამარჯვებას, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე დასახელებულ კანდიდატების უმრავლესობას აქვს პოლიტიკური წონა, მისი თქმით, დიდი ალბათობით, უნდა იყოს მეორე ტური.

„2016 წლიდან და მაჟორიტარებიდან გამომდინარე, შეიძლება მეორე ტური არც იყოს, მაგრამ ისევ და ისევ იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი არჩევნებია, ალბათ, მეორე ტური იქნება, მაგრამ რასაკვირველია უპირატესობა კახა კალაძეს აქვს, რომელიც დაარსების დღიდან არის „ქართული ოცნების“ ბირთვი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, იგი აპელირებდა პოლიტიკაში, განსხვავებით ნარმანიასგან, რომელსაც ფაქტობრივად არ ჰქონდა პოლიტიკური წარსული, თუ არ ჩავთვლით მის მინისტრობას.

კალაძემ გარკვეული გამოცდილებაც დააგროვა, რამდენაც წარამტებული იყო, თუ წარუმატებელი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოებას კალაძის მიმართ არ აქვს ნეგატიური დამოკიდებულება, არ არიან მასთან დაპირისპირებაში, ასე რომ, კალაძეს გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.