კონსტიტუციის პროექტის განხილვა პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებამდე არ დაიწყება. მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩატარდება საკომიტეტო მოსმენები. ამის შემდეგ უკვე პლენარულ ფორმატში დაიწყება განხილვა. მმართველი გუნდის სურვილი იყო, რომ შემდეგ სესიებზე, ანუ 12-26 ივნისს ყოფილიყო განხილვები, თუმცა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა 16 ივნისს.
შესაბამისად, მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას დაელოდება. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში, სადაც გაიმართება პირველი მოსმენით განხილვა. ამის შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვა და მისი დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვები. ჯერჯერობით უცნობია როგორი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში და წავა თუ არა კომპრომისზე მმართველი გუნდი.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია საკონატიტუციო რეფორმასთან მიმართებაში დესტრუქციულ მოქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის თქმით, დესტრუქციული გეგმა არა წარმატებულად, მაგრამ მაინც განხორციელდა. ამიტომ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ლოგიკურია კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს აზრი კომპრომისს პრეზიდენტის არჩევის წესთან მიმართებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, უმრავლესობაში სერიოზული წინააღმდეგობაა იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის გუშინდელ შეხვედრაზე იმსჯელეს, სადაც გარკვეულმა დეპუტატებმა 2018 წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები გააპროტესტეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მისი კოლეგების აზრია, რომ კომპრომისმა აზრი დაკარგა.
„პრეზიდენტის არჩევნების ვადასთან დაკავშირებით გუშინ, უმრავლესობაში დისკუსია გაიმართა. ის, რომ ჩვენ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნებიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე უნდა გადავიდეთ, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმ სისტემაში, რომელიც არის ჩამოყალიბებული. საპარლამენტო სისტემაში პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არჩეული იყოს არაპირდაპირი წესით. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ ისმება. ეს აუცილებლად გაკეთდება“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
რაც შეეხება ვადებს, კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა იყო. მისი თქმით, გუნდში არის სერიოზული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტით განისაზღვრება მომავალ წელს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნების ჩატარება.
„ჩვენ ვთქვით, რომ კომპრომისის საფუძველზე შეგვეძლო დაგვეტოვებინა პირდაპირი წესი მომავალი წლისთვის, ასევე პერსონალური ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება. საუბარი იყო იმაზე, რომ არსებული მოვლენების გათვალისწინებით, კომპრომისმა აზრი დაკარგა. ასეთია კონკრეტული დეპუტატების პოზიცია. მსჯელობა გაგრძელდება.
შეიძლება ვიფიქროთ ორ ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს - საკომიტეტო განხილვებისა და პლენარული განხილვების შემდეგ. ჩვენ ვთქვით, რომ დესტრუქცია შედიოდა კონკრეტული სუბიექტების გეგმებში. გარკვეული დესტრუქციული გეგმები შედგა და დაიწყო მათი განხორციელება. დესტრუქციული ელემენტებით შედგა კამპანია საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ.
რეალურად, ეს დაიგეგმა და განხორციელდა - სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეების უშუალო ჩართულობით, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი, მით უფრო იმ პირობებში, რომ პრეზიდენტს ამ სისტემაში აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქცია კონსტიტუციასთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ასეთ პირობებში საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს გეგმავს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტის კომპეტენციები სრულიად თავსებადია საპარლამენტო მმართველობის სისტემასთან, რაც დღეს მოქმედი კონსტიტიუციით უზრუნველყოფილი არ არის.
„ამასთან დაკავშირებით შენიშვნები ვერ ექნებათ ჩვენს პატრნიორებს - ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. აბსოლუტურად რაციონალურად არის განსაზღრული პრეზიდენტის როგორც სტატუსი, ასევე კომპეტენციები სისტემის საერთო ლოგიკიდან გამომდინარე - საუბარია საპარლამენტო სისტემაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომლემაც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადებებზე კომენტარებს აღარ გააკეთებს, მისი თქმით, არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხელს არ უწყობს კონსესუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან 6 თვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საკონსტიტუციო კომისიის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე. გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისთვის კომპრომისი არავის უთხოვია.
„რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ნახსენებ სიტყვა „კომპრომისს“, ეს არის არასწორი სიტყვა, ვინაიდან კომპრომისი არავის უთხოვია. ქართველ ხალხს სურს, აირჩიოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით და მათი ეს სურვილი არ შეეხება კონკრეტულად 2018 წელს მარგველაშვილის არჩევას.
ქართველ ხალხს სურს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით 2018 წელს, 2023 წელს და ყოველ შემდგომ წლებში. შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ქართველი ხალხის ნებით და ამ უფლებით ვაჭრობას“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ყოველთვის საყურადღებოა, მაგრამ ის, რომ სრულად იქნას ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებული, როგორც ამას ხელისუფლება, არ არის სწორი და მართებული.
„ალბათ, არის საკითხები, რომელიც არ უნდა გავითვალისწინოთ. იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ ეს კონსტიტუცია და თანაც უხერხულია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტი ლაპარაკობს ისე, თითქოს დირექტივებს ელოდება, თითქოს ვენეციის კომისია რაღაცა ზემდგომი ორგანო იყოს. ესეც გარკვეულ უხერხულობას იწვევს. ვფიქრობ, რომ არ ღირდა ამ მესიჯის აგორება“, - ამბობს ძაბირაძე.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ მომავალ წელს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, შემდეგ იქნება არაპირდაპირი არჩევნები, ძაბირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა უკვე აღარ ეჩქარება.
„შეიძლება პროცესი ივნისში დაიწყოს, მაგრამ მეორე და მესამე მოსმენა გადავიდეს შემოდგომისა და გაზაფხულის სესიებზე. მგონია, რომ აქეთ მიდის მთლიანად კონსტიტუციური პროცესი, ვიდრე ის, რომ პირველი და მეორე მოსმენით სასწრაფოდ მიიღონ კონსტიტუცია და უკვე, შემოდგომაზე იქნას მიღებული მესამე მოსმენით. ყველაფერი იქით მიდის, რომ პროცესი გაჭიანურდეს.
ამის მიზეზად იტყვიან იმას, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა და ამიტომ საჭირო გახდა დამატებითი დრო. ვფიქრობ, გაიწელება განხილვების დრო. ასეთ შემთხვევაში, ძალიან საყურადღებო იქნება უკვე შემოდგომაზე პირველი და მეორე მოსმენის შემთხვევაში, რა მოხდება და როგორ მოხდება“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.
რაც შეეხება აბაშიშვილის განცხადებას, რომ საკონსტიტუციო კომისიის სულისკვეთება იყო ანგარიშსწორება ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსზე - პრეზიდენტ მარგველაშვილზე, კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის შეფასება, გადაჭარბებულია, რადგან საქართველოს კონსტიტუცია არ ვარგოდა.
„კონსტიტუციას სჭირდებოდა გადახედვა. ვერავინ ვერ გეტყვით, იგივე აბაშიშვილმაც არა მგონია თქვას, რომ არსებული კონსტიტუცია ისეთი კარგია, რომ ცვლილებები საჭირო არ არის. ვთვლი, რომ ცვლილებები საჭირო იყო. სხვა საკითხია რა ცვლილებები იყო საჭირო და რა განხორციელდა, ან საერთოდ განხორციელდა თუ არა, როგორ კონსტიტუციას მივიღებთ, უკეთესი იქნება, უარესი თუ იგივე, ეს სხვა საკითხებია, მაგრამ ცვლილება აუცილებელი იყო.
თუ ხელისუფლება მართლაც დადგა იმ პრინციპზე, რომ მომავალ წლის პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება პირდაპირი წესით, რასაც მხარს უჭერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მაშინ არ გამოდის ისე, რომ ერთი კაცის გულისთვის ღებულობენ ამ შესწორებას, რადგან 2022 წელს უკვე სხვა სიტუაცია და სხვა ვითარება იქნება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.