კონსტიტუციაში ტერმინი - არაფორმალური შეიარაღებული ძალები, არ აისახება

კონსტიტუციაში ტერმინი - არაფორმალური შეიარაღებული ძალები, არ აისახება

ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებით, ექსპერტებისგან შექმნილმა რამდენიმე სამუშაო ჯგუფმა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში საკუთარი რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც ერთობლივად აისახა კომუნიკეში. როგორც ჟურნალისტებს დისკუსიის დასრულების შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განუცხადა, შემუშავებულია ერთობლივი კომუნიკე, რომელიც საჯარო გახდება და რომელიც გადაეგზავნება საკონსტიტუციო კომისიას, ასევე, ვენეციის კომისიას.

პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ამ ფორმით შეტანა კონსტიტუციაში არ შეიძლება, რადგან ის დააზიანებს უსაფრთხოების წინსვლას და ნეგატიურად აისახება საქართველოს მიერ არჩეულ გზაზე ნატოსკენ სწრაფვაში. მეორე - უსაფრთხოების სქემის ჩამოყალიბებისას უნდა მოხდეს პრინციპების ასახვა. მესამე - საკონსტიტუციო ცვლილებების ფორსირებულ რეჟიმში მიღება დაუშვებელია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის, დავით რაქვიაშვილის განცხადებით, არსებული სახით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეასუსტებს სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს.

„არსებული სახით ცვლილებების განხორციელებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემაზე და თავდაცვისუნარიანობაზე. ამგვარი სახით ცვლილებების შეტანა უდავოდ შეასუსტებს სისტემას, სამოქალაქო დემოკრატიულ კონტროლს და მთლიანობაში ნეგატიურად აისახება იმ გაცხადებულ პრიორიტეტებზე, რაც არის ნატო-ში გაწევრიანება და ამ გზაზე სიარული.

მოშლის ბალანსს ხელისუფლების შტოებს შორის, რაც განსაკუთრებით სახიფათოა უსაფრთხოების სფეროსთან მიმართებაში, პრაქტიკულად უმოქმედოს გახდის უსაფრთხოების ეროვნულ სისტემას და გააჩენს შესაძლებლობას, მოხდეს კონსტიტუციის ინტერპრეტაცია, სამხედრო ან სხვა შეიარაღებული ძალები გამოყენებულ იქნას არამიზნობრივად“, - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ის კვალიფიციური კითხვები, რომლებიც ისმის თუნდაც უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში, სწორად და ადეკვატურად იქნება აღქმული. გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას კითხვით მიმართავს - თუკი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ასეთი მიდგომა იყო, რომ არავის აზრის მოსმენა არ არის საჭირო, არც ექსპერტის, არც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების, თუ არავის მხარდაჭერა არ არის საჭირო, მაშინ რისთვის დაიხარჯა ოთხი თვე, რისთვის შეიქმნა კომისია და გაიმართა განხილვა?

„აღებულიყო დოკუმენტი და პირდაპირ ყოფილიყო კენჭისყრა. სამწუხაროდ, რა განცხადებებიც გააკეთა პარლამენტმა იმის თაობაზე, რომ იწყება პირველი და მეორე მოსმენა ფორსირებულად, გასაკვირია, რადგან ვენეციის კომისიამ, რომელზეც დეკლარირებული იყო, რომ რეკომენდაციები უნდა მოგვცეს, კალენდარულადაც არ ჩანს, რანაიარად უნდა მოხდეს ვენეციის კომისიის შეჯამებების გააზრება.

იმედი მაქვს, მოხდება იმის გაგება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალური კონსენსუსი უნდა იქნას მიღწეული ამ თვალსაზრისით, უნდა მივიდეთ საერთო შეთანხმებებამდე, მაგრამ სამწუხაროდ, დღევანდელი განცხადებები ჩემზე ამ შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მე იმედი მაქვს, რომ ამის გააზრება მოხდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო, აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რაც გამოსწორებას ითხოვს.

მისი თქმით, ინსტიტუციური სტრუქტურების ჩამოყალიბების მხარდაჭერა, რაც აძლიერებს დემოკრატიის პრინციპებს, მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და საქართველოს ნატო-ში სამომავლო წევრობისთვის.

„თქვენს კონსტიტუციაში რიგი შეუსაბამობაა, რასაც ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით პარლამენტი აღიარებს. ეს შეუსაბამოებები არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებს, მართონ და მოემზადონ ეროვნული კრიზისებისთვის, მათ შორის ომისთვისაც. ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი არ უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის რომელიმე კონკრეტულ წარმომადგენელს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ პრემიერ-მინისტრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ჩამოყალიბდეს სტრუქტურა, პროცესი, პროცედურები, ინსტიტუციური ეფექტურობა“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

მისივე თქმით, ნატო-ს თვალსაზრისით, არ არსებობს იმის მოდელი თუ როგორ უნდა გაკეთდეს ეს ცვლილება, რადგან ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველომ თვითონ უნდა მიიღოს.

„საქართველომ უნდა გადაწყვიტოს თუ როგორ სურს მას ქვეყნის ხელმძღვანელობის სტრუქტურირება დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე. არ არსებობს რაღაც ერთი მოდელი. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველომ თვითონ უნდა მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები ჩართულნი იყვნენ დებატებში იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს კონსტიტუცია ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებზე, რათა ნათელი იყოს თუ ვინ იქნება სათავეში ომის დროს. ახალი კონსტიტუციის პროექტი კარგად არის შედგენილი“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.

ამ ფორმით არსებულ საკონსტიტუციო ცვლილებას არ იზიარებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. თინა ხიდაშელის განცხადებით, შემოთავაზებულ მოდელს საკონსტიტუციო ცვლილებებისა, სამი მთავარი პრობლემა აქვს. მისი თქმით, არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში, არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით.

„პროექტს სამი მთავარი პრობლემა აქვს. პირველი ეს არის პროცესთან დაკავშირებული - მთელი ამ საჯარო დისკუსიების დროს უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე პრაქტიკულად საუბარი არ ყოფილა, არადა ფუნდამენტურად ითვლება უსაფრთხოების არქიტექტურა კონსტიტუციაში, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ თვლის მნიშვნელოვნად ამ საკითხებს.

შინაარსობრივად მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ჩნდება ცნება სხვა შეიარაღებული ძალებისა, რომელთან დაკავშირებითაც შემდეგ უკვე კონსტიტუციაში აღარაფერია ნათქვამი ანუ რეალურად, თუ ეს პროექტი იქნება მიღებული, ჩვენ მივიღებთ შეიარაღებულ ძალებს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცით - არ ვიცით, ვინ არის მეთაური, რა სტატუსით ისარგებლებს, რა როლი ექნება ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში და ა. შ. ორი რამ შეიძლება გაგვახსენდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან ამასთან დაკავშირებით, ეს არის შინაგანი ჯარი ან მხედრიონი. ეს არის ძალიან ცუდი, არ შეიძლება და წარმოუდგენელია“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

რაც შეეხება მესამე პრობლემას, ხიდაშელის განცხადებით, ეს არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

„ვერც თქვენ და ვერც სხვა ადამიანი ვერ მეტყვით შემოთავაზებულ მოდელში როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. ერთსა და იმავე მუხლში წერია, რომ ეს უფლება აქვს პრემიერს, პრეზიდენტს და ხანდახან პარლამენტის თანხმობა სჭირდება და ხანდახან არ სჭირდება.

არ შეიძლება კონსტიტუცია იყოს ასეთი გაუგებარი, რადგან ეს იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას უპასუხისმგებლო მმართველობის პირობებში არაიდენტიფიცირებული შეიარაღებული ძალები გამოიყენონ ნებისმიერი მიზნით, რასაც უპასუხისმგებლო მმართველი ჩათვლის საჭიროდ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კრიტიკას, რომ აღნიშნული ჩანაწერით საქართველოს ისტორიიდან ორი დაჯგუფება - შინაგანი ჯარი და მხედრიონი ახსენდებათ, დღის ბოლოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის ნუკრი გელაშვილის მტკიცებით, კონსტიტუციურ პროექტში ხდება ორი შეიარაღებული ლეგიტიმური ძალის დაფიქსირება და არანაირ რაღაც არაფორმალურ შეიარაღებულ ძალებზე საუბარი არ არის.

„სამხედრო ძალების გარდა ქვეყანაში არიან ლეგიტიმური ძალები, რომელთა ნაწილსაც აქვთ შეიარაღება. მათი ნაწილი ომიანობის შემთხვევაში გადმოდის თავდაცვის შესაბამისი ძალების დაქვემდებარებაში. უბრალოდ, კონსტიტუციურ პროექტში ხდება ორი შეიარაღებული ლეგიტიმური ძალის დაფიქსირება და არანაირ რაღაც არაფორმალურ შეიარაღებულ ძალებზე საუბარი არაა“, - აღნიშნა ნუკრი გელაშვილმა.

ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე თვლის, რომ შემოთავაზებული კონსტიტუციის პროექტით იქმნება არასწორი პრინციპები, კერძოდ, იქმნება ორი გაყოფილი სტრუქტურა, სადაც პრეზიდენტს როლი არ აქვს და ომიანობის დროს გვყავს პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს.

„კონსტიტუცია ქმნის არასწორ პრინციპებს, ახსენებს შეიარაღებულ ძალებს და სხვა ძალებს, ეს გაუგებარია და ვფიქრობ, დიდი პრობლემაა. პრობლემაა ასევე ის, რომ ორი დაყოფილი სტრუქტურა გვექნება, მშვიდობიანობის დროს იქნება სხვა სტრუქტურა, სადაც პრაქტიკულად პრეზიდენტს როლი არ აქვს და ომიანობის დროს გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციები აქვს. ეს იქნება შეუსაბამობა, ვერ იფუნქციონირებს“, - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.