პროკურატურა თორდია-ფარცხალაძის საქმის დეტალებს გაასაჯაროვებს

პროკურატურა თორდია-ფარცხალაძის საქმის დეტალებს გაასაჯაროვებს

მთავარი პროკურორის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. ირაკლი შოთაძის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოძიების შესახებ საკმაოდ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას. როგორც შოთაძის უწყებაში ამბობენ, რამდენიმე კვირის წინ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამოძიების მასალები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

თავის მხრივ, სახალხო დამცველის განცხადებით, არა ერთი მიმართვისა და მოთხოვნის მიუხედავად, საგამოძიებო უწყებებს რამდენიმე კვირის წინ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტი ამ დრომდე არ გამოუძიებიათ.

„ელემენტარულ ჭეშმარიტებას ვითხოვთ, რომ არის ძალადობის ფაქტი, კონკრეტულ მაღალჩინოსანზე არის ზეწოლა და მოხდეს გამოძება. საქმეზე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი, თუმცა საზოგადოება პასუხებს ვერ იღებს. რეალურად, როცა არ ხდება გამოძიება, სწორედ ეს არის პრობლემა, თორემ ის, რომ თვის განმავლობაში ჩვენც არა ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამასთან დაკავშირებით ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და დღემდე ბევრ კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული, ეს თავისთავად უკვე პრობლემაა სახელმწიფოში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ პარლამენტში ამ საკითხის განხილვა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას აქვს კითხვები, მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებს მაქსიმალურად ვუპასუხოთ, მე მგონია, რომ პარლამენტს შეუძლია ამ მიმართულებით გააქტიურდეს და მე გააქტიურებას მხარს დავუჭერ. ვფიქრობ, პარლამენტში ამ საკითხის განხილვა სხვადასხვა ფორმატში იქნებოდა კარგი შესაძლებლობა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისთვის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოქალაქეებს. ზუსტ ფორმატს ამ მომენტისთვის ვერ გეტყვით. თუმცა მხარს ვუჭერ, რომ ამ დისკუსიამ პარლამენტში გადმოინაცვლოს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე, მისი პრიორიტეტი არ არის, რომ ინდივიდებზე იყოს ორიენტირებული. შემოწმების სტილიც და პოლიტიკაც აგებულია იმისკენ, რომ სისტემურად შეხვდნენ პრობლემებს.

„ამ ხნის მანძილზე ჩვენი მცდელობა იყო, რომ ეს სტერეოტიპი შეგვეცვალა და საზოგადოებაში ჩამოგვეყალიბებინა აზრი, რომ ჩვენ ვართ პარტნიორი ორგანიზაცია თითოეული უწყების, რომელსაც ვამოწმებთ. ამ გარემოებამ, ამ პრეცედენტმა რომელიც მოხდა, არ მინდა შექმნას საზოგადოებაში განცდა, რომ ვუბრუნდებით კონტროლის პალატის სისტემას, როდესაც ერთ ადამიანზე ვართ ორიენტირებული. ოთარ ფარცხალაძე იქნება თუ სხვა რომელიმე, არ არის ჩვენი პრიორიტეტი, რომ ინდივიდებზე ვიყოთ ორიენტირებული. შემოწმების სტილიც და პოლიტიკაც აგებულია იმისკენ, რომ სისტემურად შევხედოთ პრობლემებს“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკანორ მელია ამბობს, რომ ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძეს არ დასჯის, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდეც ვერ მივა.

„დასაჯონ ფარცხალაძე, ადამიანი, რომელიც მართავს პროკურატურას, მართავს ფინანსურ პოლიციას და წარმოუდგენელი გავლენით სარგებლობს სასამართლო სისტემაში, ეს ნიშნავს, რომ ჩამოანგრიო ის არაფორმალური სტრუქტურა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ხუთი წლის განმავლობაში აშენებდა.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება არჩევნებამდეც კი ვერ მივიდეს. ამიტომ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია ხელისუფლების დაკარგვის გზაზე იაროს მძიმედ დაავადებულმა, ვიდრე ამ გზაზევე მოისწრაფოს ტრაგიკულად თავის სიცოცხლე“, - აცხადებს ნიკანორ მელია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება გადაეფარა ფარცხალაძეს. მისი თქმით, მმართველი გუნდის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს, სინამდვილეში თავადაც არ სჯერათ ამის.

„ის, რომ ჩვენი ხელისუფლება გადაეფარა ფარცხალაძის კრიმინალს და კორუფციული გარიგებების მონაწილეს, ნიშნავს, რომ ქართული იცნება დღითიდღე უფრო და უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში და თვითონ იმ განცხადებების ავტორებსაც კი, რომლებიც მოგვიწოდებენ უმრავლესობიდან, რომ დაველოდოთ გამოძიებას, არ სჯერა რომ გამოძიება რაიმე ობიექტურ ჭეშმარიტებას დაადგენს.

აქ არაფერი არ არის დასადგენი. ფარცხალაძემ თბილისში, ცენტრში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, თბილისის ცენტრში მოიპარა მიწები და წაიღო სახლში. ეს ვიცით ყველამ, მაგრამ გამოძიება ცხადია პირიქით არის დაინტერესებული ფარცხალაძის გაპრავებით“, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.