„ნულოვანი კონსენსუსის ხარისხი“ - პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება

„ნულოვანი კონსენსუსის ხარისხი“ - პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება

არაოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტოს დაადებს. ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ ვეტოსთან მიმართებაში საუბარი დოკუმენტზე, რომელზეც ჯერ პირველი მოსმენაც არ ყოფილა, ნაადრევია. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ კონსტიტუცია ყველასია და ის ხალხის ნებას უნდა ექვემდებარებოდეს.

„პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ მაქსიმალური მოსმენა საზოგადოების ის იყო, რაც მე დავაფიქსირე პირველივე დღიდან. არ მომწონდა პროცესში საზოგადოების ჩართულობა პოსტფაქტუმ იყო. ეს არის ძალიან ლოგიკური კითხვა, რაც მქონდა საკონსტიტუციო კომისიასთან.

რაღაცის ცვლილებას რომ აპირებ, არის კი საჭიროება ამ ცვლილების და მოგცა კი საზოგადოებამ მანდატი? არა იურიდიულად - რომ შეგიძლია კენჭი უყარო, არამედ პოლიტიკურად, იმისთვის, რომ შეცვალო ქვეყნის მთავარი დოკუმენტი?! ეს არ იქნა თავიდანვე გათვალისწინებული“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ახლა საკითხი იმაზეა, თუ რამდენად მოისმინეს პატივცემულმა საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა ის შეკითხვები, რაც საზოგადოებისგან იყო.

„ის, რაც თვითონ ათქმევინეს დარბაზიდან, ყველამ კარგად მოვისმინეთ და იმ აზრსაც აქვს ვალიდურობის და არსებობის უფლება, მაგრამ საინტერესოა, რამდენად მოისმინეს შეკითხვები, რაც საზოგადოებისგან იყო. მე ველოდები, რომ ამ თვალსაზრისით იქნება ძალიან ყურადღებით გაანალიზებული ის განწყობა, რაც არის საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ - კონსიტუცია ყველასია და ის ხალხის განწყობას, ნებას უნდა ექვემდებარებოდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისთვის უცნობია საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელს მოაწერს თუ არა. თუმცა, ამბობს, რომ განხილვების დასრულების შემდეგ პარლამენტი ისეთ კონსტიტუციას მიიღებს, რომელსაც მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები შენიშვნებით პარლამენტში იმიტომ შემოდის, რომ ყველამ ერთად ვნახოთ და ამ დოკუმენტზე ვიმსჯელოთ, არგუმენტები მოვისმინოთ. პრეზიდენტი ხელს მოაწერს თუ არა, ვერ გეტყვით, ვანგა არ ვარ. განცდა მაქვს, რომ მშვენიერ, კარგ კონსტიტუციას ვღებულობთ და ამ პროცესს ხელი ყველამ უნდა შეუწყოს“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვები დასრულდება, დოკუმენტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში დაიწყება. არსებული ინფორმაციით, კონსტიტუციის პროექტს „ქართული ოცნება“ პარლმანეტში მომავალ კვირას შემოიტანს განსახილველად.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტი ჩაატაროს. როგორც სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დიდი ალბათობით, შემდეგი კვირების განმავლობაში, პარლამენტში საკმაოდ დაძაბული კამათი იქნება კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში ეს არის საკითხი, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. საარჩევნო სისტემა, რომლის დამკვიდრებაც გინდათ თქვენ, იქნება უაღრესად უსამართლო, დიდ უსამართლო უპირატესობას მისცემს პირველ ადგილზე გასულ პარტიას იმ პარტიების ხარჯზე, ვინც ვერ გადალახეს ბარიერი. ასეთი მოდელი არ არსებობს არსად ევროპაში, თქვენ ირჩევთ მოდელს, რომლის პრეცედენტი, მსგავსი, არსად არ არსებობს. ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის.

ჩვენ რეალურად შეიძლება მივიღოთ ის, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ იყოს არასტაბილურობა ქვეყანაში. ეს ხომ აუცილებლად გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ხალხის ქუჩაში გამოსვლას და ძალიან დიდ არეულობას. ამიტომ, ჩემი დაბეჯითებითი მოთხოვნა იქნება, არ წახვიდეთ ამ გზაზე, იმიტომ რომ, ამ გზაზე დადგომის შემთხვევაში ჩვენთან ყოველი არჩევნები იქნება დესტაბილიზაციის წყარო“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, მეორე საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს და მის ფუნქციებს.

„როდესაც ევროპის საუკეთესო პრაქტიკა გვეუბნება, რომ საპარლამენტო მოდელში შეიძლება იყოს არჩევითი პრეზიდენტი და მას შეიძლება ჰქონდეს უშიშროების საბჭო, უსაფრხოების საკითხებში კომპეტენცია და ფუნქციები, მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზიარებული.

კიდევ ერთხელ, დაბეჯითებით მოგიწოდებთ, ჰკითხოთ ხალხს, ჩაატაროთ პლებისციტი და როგორც ხალხი გეტყვით ამ ორ თემაზე - საარჩევნო სისტემაზე და პრეზიდენტის არჩევაზე და ფუნქციებზე, მოიქცეთ ისე და არა ისე, როგორც ერთი ადამიანი გეუბნებათ“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტის როლს ახალ კონსტიტუციაში, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტს მნიშვნელოვანი სტატუსი ექნება. მისი თქმით, საქართველო საპარლამენტო მოდელზე გადადის, რაც ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

„პრეზიდენტს თავისი მნიშვნელოვანი სტატუსი უნარჩუნდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი ახალ კონსტიტუციაში ძალიან ღირებულია. ცვლილებები, რომელიც მისი არჩევის წესთან დაკავშირებით შედის, რეალურად არის მოდელი, რომელსაც განვითარებულ ევროპაში დღეს იყენებენ. საქართველო მხოლოდ ამ გამოცდილებას იზიარებს, ვინაიდან ჩვენ საპარლამენტო მოდელზე გადავდივართ.

საპარლამენტო მოდელში ყველაზე მისაღები არაპირდაპირი არჩევის სისტემაა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არჩევის უფლება რჩება ხალხს და ამ უფლებას დელეგატების საშუალებით ახორციელებენ. ეს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მისაღები სისტემაა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის მდივანი, თომას მარკერტი საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტს წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს პროექტი არის საკვანძო წინგადადგმული ნაბიჯი.

„ზოგიერთი გადაწყვეტილების მხრივ - პროექტი კარგია, არის შესატანი გარკვეული გაუმჯობესებაც. ვფიქრობ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით, კარგი იქნებოდა კომპრომისის გამონახვა, რომელიც კონსტიტუციის ტექსტთან დაკავშირებით, საერთო კონსესუსს მოიტანს“, - განაცხადა თომას მარკერტმა.

იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუცია პოლიტიკურად არ არის კონსენსუსზე დაფუძნებული, რაც არ უნდა კარგად გამართული იყოს სამართლებრივად, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ფიქრობს, რომ ვერ იქნება მდგრადი, ლეგიტიმური სახის დოკუმენტი, რომელსაც ექნება ეფექტი გრძელვადიან პერსპექტივაში. ლევან ბოძაშვილის განმარტებით, კონსტიტუცია არის ერთადერთი სამართლებრივი აქტი, რომელიც ეფუძნება ლეგიტიმაციის ორ ძირითად პრინციპს. ერთი ეს არის ის, რომ უნდა იყოს მიღებული სამართლებრივად დადგენილი წესების საფუძველზე და მეორე, ის უნდა იყოს პოლიტიკური კონსენსუსის შედეგი.

„სწორედ ამიტომაც მოუწოდა ვენეციის კომისიის მდივანმა ბერლინში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, პოლიტიკურ აქტორებს კონსენსუსისკენ“, - აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა.

ვენეციის კომისიის დასკვნა ივნისის შუა რიცხვებში გახდება ცნობილი. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადება, რომ ორივე მოდელი გავრცელებულია დასავლეთში, როგორც პირდაპირი წესით არჩევა, ასევე არაპირდაპირი წესით არჩევა. შესაბამისად, კონკრეტულად ამ წესთან მიმართებაში ფიქრობს, რომ ვენეციის კომისიის პოზიცია იქნება ნეიტრალური.

„იტყვიან რომ ორივე მოდელი შეიძლება იქნას გამოყენებული. რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ალბათ, იტყვიან, რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული. მე რამდენადაც მოვუსმინე უმრავლესობის წარმოამდგენლებს, ისინი კონსენსუსად თვლიან იმას, რომ მათ პოზიციას უნდა დაეთანხმო, ეს კონსენსუსი არ არის. რას იზამს ხელისუფლება ვერ გეტყვით, მაგრამ უფრო მგონია, რომ არაპირდაპირი არჩევის წესს შემოიტანენ“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.