„არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანში ალიევის რეჟიმმა მუხთარლის თვითმკვლელობა აიძულოს, ან სხვა ფორმით მოკლან“,- აღნიშნა აზრებაიჯანელმა უფლებადამცველმა და პოლიტიკოსმა ვიდადი ისგანდეროვმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე საუბრისას. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ 3 დღის წინ ის საქართველოს დევნილთა საკითხებზე მომუშავე უწყებაში გამოიძახეს და აუხსნეს, რომ ილჰამ ალიევი მათ აშანტაჟებს და ეუბნება, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს არ მისცენ თავშესაფარი.
„მათ მე კულტურულად მითხრეს, რომ უნდა წავიდე. მათ გადამამისამართეს „გაეროსთან“, რათა მომეძებმნა მესამე ქვეყანა, სადაც წასვლას შევძლებდი, მაგრამ მე იქაც უარი მითხრეს. ამის შემდეგ ვკითხე ირაკლი კოკაიას (რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი), თუ რატომ მიშვებდნენ ქვეყნიდან. მისი თქმით, არ შეუძლია თქვას, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არ შეუძლია ჩემი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ უსაფრთხოება მინდა, უნდა წავიდე“, - აცხადებს ისგანდეროვი.
მართალია, ქართველი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს თუ გადავხედავთ, რჩება შთაბეჭდილება, რომ თვით ქვეყნის უსაფრთხოებაა საფრთხის ქვეშ.
მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? თუკი ერთი მხრივ, თურქეთის მეორე მხრივ, აზერბაიჯანის სპეცსამსახურები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იმას აკეთებენ, რასაც მოისურვებენ, ჩვენ კი ანგარიშს ვუწევთ, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, სად არის ჩვენი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ა.შ.?
- ის, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ, არის ახალი მსოფლიო წესრიგის თუ უწესრიგობის პირდაპირი გამოძახილის ასახვა საქართველოზე. ვგულისხმობ იმას, რომ ლამის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ურთიერთობების ღერძი პირდაპირ იყო მიბმული აშშ-ზე (უფრო დიდი დოზით) და ევროკავშირზე, მოკლედ, დასავლეთზე.
ამერიკას ჰქონდა ერთგვარი არბიტრის როლი ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების საკითხში და ის იყო სტრატეგიის დამგეგმავიც. ყველა ის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მონაწილეობით ხორციელდება, იქნება ეს სატრანსპორტო მაგისტრალები თუ ნავთობ და გაზსადენები, ახუნძლული იყო დასავლეთის ინტერესზე ამ ტრიუმვირატის მიმართ, როგორც ენერგეტიკული, ასევე, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.
შესაბამისად, იმ პირობებში ამ ქვეყნებს შორის არსებული ნებისმიერი გაუგებრობა, არ იყო მხოლოდ მათი შიდა საკითხი. და, რაკი გვყავდა ასეთი, ცალსახად ავტორიტეტული არბიტრი თუ გეზის მიმცემი, როგორიც აშშ იყო თავისი დასავლური შლეიფით, ის ეწინააღმდეგებოდა ასეთ გაუგებრობებს და ეს ყველაფერი მარტივად წყდებოდა.
სულ სხვა რეალობა იყო აზერბაიჯანსა და თურქეთშიც - გაცილებით დემოკრატიული ქვეყნები იყვნენ, განსაკუთრებით, თურქეთი, თავისი შიდასახელმწიფოებრივი მიდგომებით. ჯერ თურქეთში განვითარებულმა პროცესებმა, შემდეგ აზერბაიჯანის ავტორიტარიზმისკენ წანაცვლებამ, რაც დააგვირგვინა აშშ-ს ხელისუფლებაში ტრამპის მოსვლამ, მიგვიყვანა იმ რეალობამდე, რომ საქართველო პირველად დადგა პირისპირ თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში, მეზობლებთან ურთიერთობაში.
დღევანდელი რეალობაა ის, რომ არც თურქეთსა და აზერბაიჯანს აინტერესებს უკვე ამერიკის აზრი ბევრ საკითხთან მიმართებაში და ყველაზე ცუდი ის არის, რომ დღევანდელი ამერიკის ადმინისტრაციასაც დიდად არ აინტერესებს, რა ხდება თუნდაც მისი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში, იმიტომ რომ, ტრამპმა არჩევამდეც და ახლაც, არაბეთში ვიზიტისას, ღიად თქვა, რომ ის არ ჩაერევა მისი პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეებში, მისთვის მთავარია, რომ მას და პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდეთ ერთნაირი ხედვა ტერორიზმთან ბრძოლის თუ სხვა საგარეო, ეკონომიკურ ან სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში.
ის, რაც დღეს ხდება ამის ერთგვარი გამოძახილია. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო ამ არბიტრის იმედის გარეშეა დარჩენილი და სრულიად მოუმზადებელი შეხვდა თურქეთსა და აზერბაიჯანში მიმდინარე მოვლენებს. ეს არის ამ პროცესების პირდაპირი შედეგი - საქართველოს დიპლომატია აბსოლუტურად არ აღმოჩნდა მზად მეზობლების მხრიდან წამოსული ზეწოლის გასამკლავებლად.
როგორც ისგანდეროვი ამბობს, მას ქართულმა მხარემ განუცხადა, რომ ალიევი მათ აშანტაჟებს და ეუბნება, რომ აზერბაიჯანის ოპოზიციურ ძალებს არ მისცენ თავშესაფარი. რა ტიპის შანტაჟზე შეიძლება იყოს საუბარი?
- ვიტყვი იმას, რაც ჩვენი მკითხველისთვის ყველაზე მარტივად აღსაქმელი იქნება - საქართველო მარაგდება აზერბაიჯანული გაზით - როდესაც რუსული გაზის ალტერნატივას ვეძებდით, სწორედ აზერბაიჯანი აღმოჩნდა ეს ალტერნატივა და სხვა ალტერნატივებით, სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ.
იგივე ბაქო-ჯეიჰანი, ბაქო-სუფსა თუ ახალი საერკინიგზო მაგისტრალი, რომელიც ივნისის ბოლოს უნდა ამოქმედდეს, ამ სამი ქვეყნის ინტერესს ძალზე მჭიდროდ აჯაჭვავს. გარდა ამისა, თურქეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. აქედან გამომდინარე, ზეწოლის ბევრი მეთოდი აქვს, როგორც აზერბაიჯანს ასე თურქეთს...
როგორც ჩანს, საქართველო უკვე მოჰყვა ამ წნეხში. შორს რომ არ წავიდეთ, თურქეთის „ხათრით“ დიდგორობის დღესასწაულის გაუქმება სწორედ ამაზე მეტყველებს...
- ფაქტია, რომ ის, რაც მოხდა დემირელის სკოლის მასწავლებელთან და აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით, ეს არის ძალზე თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ შანტაჟს დაჰყვა.
ამიტომ ვამბობ, რომ სრულიად მოუმზადებელი შეხვდა ქართული დიპლომატია, და არა მხოლოდ დიპლომატია, მისი უახლოესი მეზობლების შანტაჟს.
აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, ქვეყნის უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია და ეს პრიორიტეტი უნდა იყოს. მეორე მხრივ, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ღმერთმა ნუ ქნას და რაც არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ აუმოქმედებია საქართველოში, ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი - ვგულისხმობ, იმ ისლამურ სასწავლო დაწესებულებებს, რომლითაც დაქსელილია ქვემო ქართლი და აჭარა.
ამას როდის როგორ გამოიყენებს გაცხარებული თურქეთი, არავინ იცის. ამაზე წლების მანძილზე მიდიოდა საუბარი და შეშფოთების საგანი იყო. სრულიად შესაძლებელია, რომ ერთ დღეს არაპროგნოზირებადმა თურქეთმა, და არა მხოლოდ მან, ეს ნაღმი აამოქმედოს.
შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთთან შედარებით საქართველო დემოკრატიის ოაზისია და სრულიად ბუნებრივია, რომ ამ ქვეყნების ოპოზიციამ საქართველოში ეძებოს თავშსაფარი - რა უნდა ვქნათ, საზღვარი ჩავკეტოთ, თუ ვისაც მოგვთხოვენ გადავცეთ?
- რაკი შენი მეზობელი ქვეყნების მხრიდან რისკები და პრობლემები იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ შენ მონად უნდა იქცე და ფაქტობრივად, შეზღუდო საკუთარი სუვერენიტეტი. შენთვის თუ არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანი ხარ შენ მათთვის. ამიტომ, საქართველომ თუ არ ისწავლა თანასწორი პარტნიორობა, ამ შანტაჟს ბოლო არ ექნება. ხვალ გათენდება და აღმოჩნდება, რომ თურქეთის მხრიდან არანაკლები შევიწროების მსხვერპლი ვართ, ვიდრე რუსეთის მხრიდან. მაშინ რა უნდა ვქნათ, გავიქცეთ რუსეთისკენ?!
დღეს ძალზე რთული სიტუაციაა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია ზოგადად ჩამოყალიბდება, და როდესაც ჩამოყალიბდება ის სტატუს-კვო რამდენად ხელსაყრელი იქნება საქართველოსთვის, კიდევ არ არის ცნობილი.
მაგრამ, პირველი რიგის ამოცანა არის ის, რომ საქართველომ დათვალოს ის პლუსები, რაც მას აქვს ამ ქვეყნებთან ურთიერთობაში. ეს ხომ ცალ კარში თამაში არ არის - საქართველოს გავლით თუ მიდის რაღაც, საქართველოსაც აქვს თავისი წონა და როლი ამაში, მასაც აქვს თავისი ხმის უფლება!
ამის გარდა, ევროპა გაცილებით მეტად არის შეშფოთებული საკუთარი უსაფრთხოებით სწორედ იმიტომ, რომ ევროპელები ფიქრობენ, ამერიკა პასიური დამკვირვებლის როლში გადადის. მერკელი იქნება ეს, თუ მაკრონი, შეშფოთებული არიან იმ რეალობით, რომლის წინაშეც დადგნენ ტრამპის ნატო-ში ვიზიტის შემდეგ და ამბობენ, რომ ევროპამ თავის თავზე უნდა აიღოს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტურების შემოხაზვა, მისი ახლებურად უზრუნველყოფა.
ამიტომ, თუ ვინმე უნდა იგულოს საქართველომ თავის პარტნიორად, ეს არის ევროპა. თუ ვინმემ შეიძლება შეუქმნას საფრთხე ევროპას, ეს არის არაპროგნოზირებადი თურქეთი, რომელმაც შეიძლება, ნებისმიერ დროს გაუღოს კარი სირიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მილიონობით დევნილს და იხუვლოს ამ ნაკადმა ევროკავშირისკენ.
და არა მხოლოდ ეს არის ევროკავშირისთვის თურქეთისგან მომავალი საფრთხე. ასეთ შემთხვევში საქართველო ძალზე აქტიურ კავშირში უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელიც გამწევი ძალაა მსოფლიო პოლიტიკური პროცესების.
იმის მიუხედავად, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, პარტნიორი ქვეყნების შიდა საქმეები არ მაინტერესებსო, მაინც ვფიქრობ, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან კონსულტაციებიც იქნება საჭირო.
ძნელად წარმომიდგენია, ამერიკამ უთხრას საქართველოს, გადაეცით, ვისაც მოგთხოვენ აზერბაიჯანი ან თურქეთი და მათი მხრიდან წამოსულ ნებისმიერ შანტაჟს დაემორჩილეთო. ჩვენ რეალურად ვხდებით იმისი მოწმე, რომ არა მხოლოდ რუსეთი, არამედ სხვა მეზობლებიც ლახავენ საქართველოს სუვერენულ ნებას.
ძალიან კარგად მესმის ის უმძიმესი ფაქტორები, რომლის ზეწოლის ქვეშაც არის დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება, აზერბაიჯანის და თურქეთის მხრიდან. უბრალოდ, წარმოვიდგინოთ გაზის ფასის მატება იმ სოციალურ პირობებში რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება - სოციალურად შეიძლება აუფეთქდეს სიტუაცია საქართველოს ხელისუფლებას. თუმცა არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია - საქართველოც სჭირდებათ თურქეთსა და აზერბაიჯანს.
გარდა ამისა, საქართველომ უნდა შეიმუშავოს ახალი ხედვები თავისი როლის შესახებ ევროკავშირთან და ამერიკასთან მიმართებაში და უნდა დავაჩქაროთ ტემპები, იმიტომ რომ, მსოფლიოში ძალზე სწრაფად ვითარდება მოვლენები.
ცაკლე შეიძლება მოგვიწიოს საუბარი ამერიკასთან და ცალკე - ევროკავშირთან, რომელმაც დაიწყო საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიის სისტემის შემოღება.
ჩვენ თუ ფართომასშტაბიანი უსაფრთხოების პოლიტიკა და ტაქტიკები არ შევიმუშავეთ, უბრალოდ, ჩავიძირებით.
კიდევ ერთი თემა - ზერბაიჯანელი უფლებადამცველი ამბობს: „სანამ აფგანს მოიტაცებდნენ, მან ინტერვიუ მისცა „ამერიკის ხმას“, სადაც ის ამბობდა, რომ მისი დაკავების საფრთხე არსებობდა. ის 2 წელი საქართველოში იყო, თუმცა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მეც და მუხთარლისაც მუდმივად გვითვალთვალებდნენ საქართველოში... მაგალითად, ჩემზე თავდასხმის 3 მცდელობა იყო. ცდლილობდნენ 16 წლის ქალიშვილი გაეტაცებინათ. მათ ჩემი გატაცება არ შეუძლიათ, იმიტომ რომ, საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი მაქვს“... შესაძლებელია თუ არა, რომ უცხოეთის სპეცსამსახურების თემა რაღაც ჩარჩოში მოექცეს და მინიმალური კონტროლი ან ინფორმაცია მაინც იყოს, ვინ მუშაობს საქართველოში?
- უცხოური სპეცსამსახურების საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედებას ხელს ვერ უშლიან ისეთი სუპერსახელმწიფოებიც, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და რუსეთი. სრულიად აღკვეთაზე ლაპარაკი ზედმეტია და მით უმეტეს, ზღაპარია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის. თუმცა არსებობს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ფორმატები. ამ ფორმატების გამოყენებით საქართველოს გაცილებით მეტი შანსი აქვს აკონტროლოს სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისით საკუთარ ტერიტორიაზე, იგივე, აგენტურის მოძრაობის თვალსაზრისით.
ანუ თუ შენ ხარ აშშ-ს პარტნიორი, მისი დახმარებით საკმაოდ მარტივად შეგიძლია გაშიფრო შენს ტერიტორიაზე მოქმედი სხვა ქვეყნის აგენტურული ქსელი. მაგრამ საქართველოს მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურს აქვს არალეგალური მოღვაწეობის ინტერესი.
ერთი მხრივ თურქეთი, რუსეთი, ირანი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და ა.შ. - დიდი ბაბილონის გოდოლია სპეცსამსახურების აქტივობის მხრივ საქართველო. მაგრამ ამას დღემდე ასეთი ფორმატი არ მიუღია - ვგულისხმობ ვიღაცის დევნას.
დღემდე უსაფრთხო ქვეყნა იყო და ადამიანის უფლებების მხრივაც ძალიან დაცული ქვეყნის სტატუსი ჰქონდა საქართველოს. თუმცა ისიც შეგვძლია გავიხსენოთ, რა დაატრიალეს და თანაც, არაერთხელ, რუსეთის სპეცსამსახურებმა იგივე, დიდ ბრიტანეთში. რასაც ახლა ვუყურებთ საქართველოს ტიპის ქვეყანაში გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა, მთლიანობაში, ზოგად მიდგომაშია საქმე, რა დოზითაც დაუხრი თავს, იმ დოზით დაგამარცხებს, რაც უფრო მეტად დაუხრის თავს საქართველო აზერბაიჯანსაც და თურქეთსაც, მით უფრო მეტად გაეხსნებათ მადა - მაგრამ თავის დახრა გამოსავალი ნამდვილად არ არის.