ბილეთი ნატო-ში თუ პატივისცემის ჟესტი?

ბილეთი ნატო-ში თუ პატივისცემის ჟესტი?

იმის მიუხედავად, რომ საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს, როგორც ჩანს, კონკრეტული პასუხის მიღება, როდის გახდება ქვეყანა ალიანსის წევრი, ნაადრევია. საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა საქართველოს სახელისუფლებო წრეებთან ერთად დეტალურად განიხილეს შექმნილი მდგომარეობა. მთლიანობაში, დასკვნა ასეთია, რომ ქვეყანა წინ მიდის, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე - ნატო-მდე კიდევ ბევრია გასავლელი.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გახლდათ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს სესიის თბილისში გამართვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ამ ფაქტს ალიანსის მხარდაჭერის დადასტურებად აფასებს. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანია.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს, ალიანსის სახელით, რეფორმების პროცესში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. პაოლო ალის განცხადებით, საქართველო არის სტაბილურობის კუნძული რეგიონში და ნატო აცნობიერებს, რომ საქართველოს დაცვა ევროპის დაცვას ნიშნავს.

შეიძლება თუ არა, მსგავსი მხარდამჭერი და დამაიმედებელი განცხადებები მივიღოთ იმის პირობად, რომ მალე ჩვენც ისევე ვიქნებით დაცული, როგორც ევროპა, ძნელი სათქმელია. კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ შესაძლოა, ჯერ რუსეთის რეაქციას დაელოდoნ და მხოლოდ ამის შემდეგ გვითხრან რაიმე კონკრეტული.

თუმცა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ლიტვის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნევიჩიენემ ღიადაც აღნიშნა, რომ რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

„მე რამდენჯერმე ვისაუბრე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომ საქართველო მზად არის ნატო-ს წევრობისთვის და რიგ შემთხვევებში, უფრო მზად არის, ვიდრე ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ რუსეთის ფაქტორი ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

სამწუხაროდ, ჩვენს მიმართაც მსგავს არგუმენტებს იყენებდნენ, როდესაც ნატო-ში 1999 წელს არ მიგვიღეს. იმ დროს ბევრი ექსპერტი დარწმუნებული იყო, რომ ჩვენ მზად ვიყავით ნატო-ს წევრობისთვის, თუმცა მხოლოდ 5 წლის შემდეგ მიგვიღეს. ნატო-ს წევრ რიგ ქვეყნებში, რომლებსაც არ დავასახელებ, აწუხებთ ის, რომ რუსეთის პროვოცირება არ მოახდინონ. მე მათ ვუპასუხებდი, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფ ქვეყნებში უსაფრთხოების ნაკლებობა და ვაკუუმი წარმოადგენს ყველაზე დიდ პროვოკაციას“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა.

იმის მიუხედავად, რომ საკომიტეტო განხილვების ფარგლებში საკმაოდ დეტალურად განიხილეს არსებული მდგომარეობა, დასკვნების გაკეთება მაინც რთულია. თუმცა ის მოვლენა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია საქართველოში გაიმართა, თავისთავად, მრავალმნიშვნელოვანი ფაქტია.

როგორც, ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, სასიკეთო გზავნილი ის არის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება ნატო-ს არწევრ ქვეყანაში. თუმცა რა ტიპის გზავნილია, ამას სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს.

„შესაძლოა, ეს არის საქართველოსთვის გაკეთებული ერთგვარი ჟესტი - საჩუქარი, რომ ჩვენ ახლა ნატო-ში ვერ გიღებთ, MAP-ს ვერ გაძლევთ, სამაგიეროდ ვატარებთ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას; არ დაგვვიწყებიხართ, გთვლით ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად და ა.შ. ანუ ერთგულებისა და თანამშრომლობის ერთგვარი ჟესტი შეიძლება იყოს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე შეფასებით, მეორე მხრივ, შესაძლოა, იყოს ერთგვარი გზავნილი, რომ რაკი თქვენთან ტარდება ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ტრადიციულად არ ტარდება-ხოლმე არაწევრ ქვეყნებში, ეს პრელუდიაა იმისა, რომ გადაიდგას მეტი კონკრეტული ნაბიჯი და საქართველომ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს ნატოში ინტეგრაციისკენ.

„ანუ საქართველო მასპინძლობს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას და შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს MAP. თუმცა მგონია, რომ პირველ ვარიანტთან გვაქვს საქმე, რადგან მგონია, დღეს საერთაშორისო პოლიტიკური კონიუნქტურა ისეთია, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება უახლოეს პერსპექტივაში არ არის მოსალოდნელი და არც MAP-ის მინიჭება“,- აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

რაც შეეხება მოლოდინს, რომ რაკი მეხუთედ ტარდება ასამბლეა არაწევრ ქვეყანაში და წინამორბედი 4 ქვეყანა უკვე წევრია, ანჯაფარიძის შეფასებით, გასაგებია, თუ ვიღაცას უჩნდება ასოციაცია, რომ ეს ასამბლეა არის ბილეთი ნატო-სი.

„მაგრამ მოდით, გავითვალისწინოთ, რომ ის ქვეყნები სხვა სტატუსსა და მდგომარეობაში იყვნენ, ვიდრე საქართველოა. ისინი პოსტსაბჭოთა სივრცეს მოცილებული ქვეყნები იყო. საქართველო რუსეთის ფაქტორის გამო სამწუხაროდ, ვერ ახერხებს ისეთი სწრაფი ტემპით სიარულს, როგორც გვსურს. ასე რომ, მე პირადად, ასეთ ინტერპრეტაციას ვერ გავიზიარებდი“,- აცხადებს ანჯაფარიძე.

საქართველოს ევროატლანტიკური საბჭოს დირექტორი, გიორგი მუჩაიძე განმარტავს, რომ ნატოს საპარტლამენტო ასამბლეა არის ის სტრუქტურა, რომელმაც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს ოკუპაცია და ასევე, წლების განმავლობაში ძალზე მტკიცედ გამოხატავს სუვერენიტეტის და ჩვენი ტეროტორიული საზღვრების მხარდაჭერას.

„საპარლამენტო ასამბლეებზე ძალიან ხშირად განიხილება ეს თემები და ნატო-ს პარლამენტარების მხრიდან ძალზე ხშირად მიგვიღია მტკიცე მხარდაჭერა შესაბამისი რეზოლუციების მიღებით, ოფიციალური განცხადებებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად მოქმედებს ნატო-ს პოლიტიკაზეც და ნატო-საქართველოს ურთიერთობის განმტკიცებაშიც კარგ იმპულსს იძლევა“,- აღნიშნავს მუჩაიძე.

რაც შეეხება სესიის ჩატარებას, გიორგი მუჩაიძის შეფასებით, ეს კიდევ ერთი პოლიტიკური სიგნალია, რომ ნატო-სთვის საქართველო მნიშვნელოვანია.

„სულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაშია ასამბლეა ჩატარებული და ყველა ნატო-ს წევრია. საქართველოს შერჩევა მასპინძელ ქვეყნად მეტყველებს იმაზე, რომ ნატო-ს პრიორიტეტში არის საქართველო და ასამბლეის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე მხარდაჭერა არის ასამბლეაში“,-აცხადებს მუჩაიძე.

თუმცა როგორც გიორგი მუჩაიძე განმარტავს, დემოკრატიზაციის კუთხით კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები იმისათვის, რომ შესაბამისი კრიტერიუმები შესრულდეს და ის პოლიტიკური მხარდაჭერაც იყოს მოპოვებული, რომელიც საფუძველი გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ.

„ბალტიისპირეთის რესპუბლიკებზეც ვერ ამბობდნენ კონკრეტულ თარიღს და გაწევრიანების ბოლო წლამდეც კი იყვნენ სკეპტიკურად განწყობილი ქვეყნები. ანუ, არ იყო კონსენსუსი ბალტიისპირეთის ქვეყნების გაწევრიანებაზე. როდესაც დემოკრატიზაციისა და რეფორმების კუთხით ყველა პირობა განახორციელეს, საბოლოოდ დადგა დრო, როდესაც ის მხარდაჭერა დაგროვდა, რომელმაც შემდგომ უზრუნველყო მათი წარმატება“, - განმარტავს გიორგი მუჩაიძე.

მისივე შეფასებით, ჩვენთან მიმართებაში სამწუხაროდ, ასეთი სიტუაცია არ არის. თუ გადავხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩვენი დემოკრატიზაციის შეფასებას, მაგალითად, ისეთი ცნობილი ორგანიზაციის მონაცემებით, როგორიც „ფრიდომ ჰაუსია“, მედიის თავისუფლების ხარისხი კლებულობს; საერთო დემოკრატიულობის ხარისხის თვალსაზრისით - სტაგნაციაა; ძალიან სერიოზული პრობლემებია კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით; სასამართლო დამოუკიდებლობაზეც ძალიან ბევრი კითხვები არსებობს.

„ასე რომ, ჩვენ დემოკრატიული რეფორმების კუთხით ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ბევრი რამ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ უნდა მომწიფდეს სიტუაცია პოლიტიკური კონსენსუსისთვის და გაიხსნას სტრატეგიული ფანჯარა, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიქნებით მზად ჩვენი პროგრესითა და რეფორმებით ამ ფანჯრის გახსნის მომენტისთვის, ისევე ჩაგვივლის მატარებელი, როგორც ეს მოხდა 90-იან წლებში ბალტიისპირელებისგან განსხვავებით და შემდეგ უკვე 2000-იანი წლების დასაწყისისთვის“,- აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

მისივე აზრით, ჩვენი გავლენა გლობალურ პროცესებზე, რა თქმა უნდა უმნიშვნელოა, მაგრამ ისტორია ხშირად იძლევა-ხოლმე შანსს და ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს მზაობაზე, დემოკრატიის ხარისხზე. ამ კუთხით კი შეიძლება ითქვას, რომ საშინაო დავალებას სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ვასრულებთ.

რაც შეეხება MAP-ს, გიორგი მუჩაიძის შეფასებით ჩვენი თვითმიზანი MAP კი არ არის და გაწევრიანება, არამედ უსაფრთხოების მოპოვება - გაწევრიანება კი ამისი ერთ-ერთი მთავარი გარანტორია.

ამის გარდა, გაწევრიანება არის არა მხოლოდ თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში შესვლა, არამედ ჩვენი ევროატლანტიკურ, ანუ იმ სივრცეში, დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში დაბრუნება, რომლებთანაც ისტორიულადაც და ღირებულებებითაც ძალიან მჭიდროდ ვართ დაკავშირებულები.

„MAP იმდენად პოლიტიზირებულია, იმის მიუხედავად, რომ ის მხოლოდ ინსტრუმენტია, რომ მისი მონიჭების და მიწვევის გადაწყვეტილების მიღება თანხვედრაში იქნება და დროის თვალსაზრისითაც ძალიან ახლო ინტერვალში მოხდება. MAP-ის მიღება უშუალო გაწევრიანებასთან იქნება დაკავშირებული“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

ძნელი სათქმელია, რამდენად დამაიმედებელი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას პაოლო ალიმ განაცხადა, რომ ალიანსი უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება.

პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს არაწევრ ქეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და საქართველო ამ იშვიათი გამონაკლისების რიცხვშია.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ ნატო-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი.