„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას“

„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ ხაზი გაუსვას სრულ მხარდაჭერას“

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა თბილისში უკვე გაიხსნა და პირველი გზავნილიც მივიღეთ - „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ფიქრობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“, - აღნიშნა ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე შეფასებით: „ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის, არის კრიტიკული სფეროები, სადაც საქართველომ გაუმჯობესებას უნდა მიაღწიოს, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, თუმცა ყოველთვის არის მეტის გაკეთების საშუალება“.

ნატო-ს ასამბლეის პრეზიდენტი თვლის, რომ საქართველომ მართლაც დიდ პროგრესს მიაღწია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

„შეიძლება კიდევ რაიმე არის, რაც შეიძლება გაკეთდეს. თქვენ მართლაც მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებთ სასამართლო სისტემის და ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, რა გაკეთდება. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ საქართველოს, ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ამ პროცესებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ჩვენი დასკვნა არის, რომ საქართველო ნამდვილად სწორი, პოზიტიური გზით მიდის. ასევე, ვიცით, რომ თქვენ აბსოლუტურად პატივს სცემთ და იზიარებთ ვენეციის კომისიის დასკვნებს და რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ვფიქრობთ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, თუმცა კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა პაოლო ალიმ.

საქართველოში რამდენიმე წელია, ისმის კითხვა, შესაძლებელია თუ არა, რომ საქართველო ნატო-ს წევრი MAP-ის გარეშე გახდეს, პაოლო ალიმ განაცხადა, რომ MAP-ი არის კონკრეტული საშუალება, რათა პროცესი დაიწყოს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს ბევრჯერ ითქვა ბუქარესტში 2008 წელს და ის ძალაში რჩება. რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას, ჩვენ გვქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან და გვესმის რუსეთის აგრესიული ქცევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც უკრაინისას. ორივე ქვეყანაში ძალიან მსგავსი სიტუაციაა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არა, მაგრამ სხვა მხრივ. არასტაბილურობა რეგიონში - ეს არის საფრთხე, ეს მუქარაა საერთოდ დასავლეთისთვის, ქვეყნებისთვის.

ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას და ჩვენ ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის ამ დაძაბულობას. დაძაბულობის გაზრდა არ არის კარგი საერთაშორისო გარემოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, ამ შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლაში და იმედია, რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ არ უნდა ჰქონდეს ასეთი აგრესიული ქცევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციას წინააღმდეგობას ვუწევთ.

რაც შეეხება MAP-ს, ის გახლავთ ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხედვა და MAP-ი არის კონკრეტული საშუალება, რათა პროცესი დაიწყოს. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხარდაჭერა სახეზეა - ზოგიერთმა დეპუტატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ განიცადა, აბსოლუტურად მისაღებია, რათა გაწევრიანების საკითხი მალე დადგეს.

სესიაშვილის განცხადებით, აბსოლუტურად ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში განიცადა.

„ვისაუბრეთ რუსეთის მიერ განხორციელებულ იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს. შევეხეთ შეერთებული შტატების როლს ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობის ფარგლებში. საერთო ჯამში მივიღეთ მხარდაჭერა. არც ერთი გამომსვლელის მხრიდან არ ყოფილა კრიტიკა, შენიშვნები და ყველას მხრიდან აღნიშნული იყო ის წარმატებები და პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია“, - აღნიშნა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ისინი მზად არიან, თავიანთ მთავრობებს მოუწოდონ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას უფრო მეტად დაუჭირონ მხარი.

როგორც ცნობილია, შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ღიად და თავისუფლად საუბარი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

„ჩვენ ყველგან, რეზოლუციებსა და პოლიტიკური განცხადებების დონეზე ვისმენთ, რომ საქართველოს გააჩნია ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი ნატო-ში გაწევრიანებისთვის“,- განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ნატო-საქართველოს კომისია და ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო კომისია. სწორედ ამ კომისიის ფარგლებში მოხდება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც საქართველოში ვიყენებთ შესაძლებლობას, რომ ასამბლეა აქ ტარდება და ვატარებთ შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც ღიად და თავისუფლად ვმსჯელობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებზე, იმ შესაძლებლობლებზე თუ როგორ შეიძლება ნატო-ს წევრი ქვეყნების პარლამენტარებმა მხარი დაუჭირონ საქართველოს. ჩვენ ამისთვის ვცდილობთ გამოვძებნოთ სხვადასხვა საშუალება“,- განაცხადა სესიაშვილმა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ასამბლეის თბილისში გამართვის შესახებ შეთანხმება მიღწეულია ჯერ კიდევ 2012 წელს.

საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მართლაც სახეზეა, თუმცა რა შედეგი დადგება, პროგნოზირება კვლავ რთულია. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს დაცვით და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, ისინი გარკვეულწილად, საკუთარ ქვეყნებს იცავენ.

როგორც ალიმ აღნიშნა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში იმყოფება იმისთვის, რომ თვალსაჩინო გახადოს და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას საქართველოს სრულ მხარდაჭერას.

„ჩვენ ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან ბევრი სამუშაო გასწია, ძალიან დიდი წვლილი შეიტანა უსაფრთხოების, უშიშროების კუთხით, განსაკუთრებით ავღანეთში, საერთაშორისო მისიების კუთხით. მართლაც ძალიან დიდი წვლილია შეტანილი ქართველი ჯარისკაცების მხრიდან“,- აღნიშნა პაოლო ალიმ.

მისივე განმარტებით, მეტად და მეტად ესმით, რომ სტაბილურობა და უსაფრთხოება საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის და ამ რეგიონის სტაბილურობას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის.

„საქართველოს დაცვით და მხარდაჭერით, მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით, გარკვეულწილად ჩვენს ქვეყნებს ვიცავთ. სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ აქ ჩამოსვლა. როგორც წესი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიები არ იმართება ნატო-ს არაწევრ ქვეყნებში. ეს მხოლოდ მეხუთედ ხდება მთელი ისტორიის განმავლობაში, შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი საშუალება იმის სათქმელად და გამოსახატად, თუ რამდენად ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას საქართველოს რეფორმირების გზაზე“, - განაცხადა პაოლო ალიმ.

მისივე შეფასებით, არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში საქართველოს პოზიცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

„ძალიან ბევრი რამ იცვლება, სამყაროში და იხსნება ახალი ჰორიზონტები, რომელიც მოიცავს და ეხება ირანს, ჩინეთს და სხვა. მაგრამ საქართველოს პოზიცია ამ გეოპოლიტიკურ გარემოში უფრო და უფრო მაღლდება და მნიშვნელოვანი ხდება. ასე რომ, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სრულად მხარს ვუჭერთ თქვენს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენი აქ ყოფნა კიდევ ამის ერთი დემონსტრაციაა“, - განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.