მიკროსაფინანსოებთან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება. 2017 წლის 1-ლი ივნისიდან ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი ამოქმედდება.
თუ აქამდე არსებული რეგულაციები მომხმარებელთან ურთიერთობის წესების დაცვას მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა, ამიერიდან ეს ვალდებულება მიკროსაფინანსოებსაც შეეხებათ. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული იქნება, მომხმარებლისგან სესხის ამოღებისას ურთიერთობის ეთიკის კოდექსი შეიმუშაოს.
აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით For.ge ა/ო „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს ესაუბრა.
მიკროსაფინანსოების ეთიკის კოდექსის შემუშავება რამდენად საკმარისია მომხმარებელთა უფლებების დასაცავად?
- მიკროსაფინანსოები და ონლაინსესხების კომპანიები განსხვავებული ორგანიზაციებია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ონლაინსესხების კომპანიების დიდ ნაწილს ახალი რეგულაციები არ შეეხება, რადგან ისინი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ წარმოადგენენ.
ონლაინსესხების კომპანიებისთვის სამომავლოდაც არ იგეგმება რეგულაციების დაწესება?
- ამის შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ არის. მათთვის ერთ-ერთი მთავარი რეგულაციაა, რომ ახალი წლიდან მათ აღარ შეუძლიათ სესხის საპროცენტო განაკვეთის 10%-ზე მეტის დაწესება, ანუ 10%-ზე ზემოთ არ უნდა იყოს სესხის საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, საშუალო ყოველთვიური განაკვეთი ონლაინსესხებზე დაახლოებით 5-დან 6-%-მდეა ისე, რომ წლიურად, ანუ 12 თვის განმავლობაში, სესხის საპროცენტო განაკვეთი 10%-ს არ გადასცდეს. პლუს ამას, სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, შეიზღუდა გადავადების საშუალება. მოგეხსენებათ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი გადავადებით უფრო მეტ თანხას იხდიდა, ვიდრე გამოტანილი ჰქონდა პროცენტის სახით. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ზოგადად რეგულაციები მკაცრდება და მომხმარებლების უფლებების დაცვაზე ხდება ორიენტირებული. ეს შეეხება არა მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, არამედ ბანკებსაც. ბევრი რეგულაცია, რაც ეხებოდა მხოლოდ კომერციულ ბანკებს, ამიერიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში, საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა შეატყობინონ როგორც მსესხებელს, ასევე, თანამსესხებელს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
აქამდე ეს კომერციული ბანკის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული?
- დიახ, როცა უნდოდათ, მაშინ შეატყობინებდნენ მსესხებლებს. ხშირ შემთხვევაში, პრობლემა ისიც იყო, რომ მომხმარებელი ან თავმდები პირი ვეღარ იხდიდა სესხს, ან სესხის ვადაგადაცილების შესახებ დაგვიანებით იგებდა, რაც დამატებით პრობლემებს წარმოქმნიდა.
ხშირად კომერციული ბანკები მომხმარებლებს სახლებს უყიდდნენ. მიკროსაფინანსოებთან თუ შეიმჩნეოდა ეს პრობლემა?
- რა თქმა უნდა, დასაკუთრებული უძრავი ქონების თემას ჩვენი ორგანიზაცია სწავლობს და ყოველწლიურად ვაქვეყნებთ კვლევას დასაკუთრებული უძრავი ქონების მონაცემების შესახებ. სხვათა შორის, დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე მეტი წილი მოდის კერძო მევახშეებზე და ყველაზე ნაკლები მოდის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებზე. თუმცა ეს პრობლემა მიკროსაფინანსოებთანაც არსებობს.
იმის თქმა, რომ კომერციული ბანკი ან მიკროსაფინანსო ვიღაცას უყიდის ქონებას, უფრო ცალსახა შეფასებაა. გამოდის, რომ ბანკი რაღაც უკანონოს აკეთებს. სინამდვილეში, ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ქონება იპოთეკით არის დატვირთული და, თუ მსესხებელი თანხას ვერ გადაიხდის, გამსესხებელი უფლებას იტოვებს, მისი ქონება დაისაკუთროს. ეს ყველაფერი ხელშეკრულებით რეგულირდება, თუმცა ამ მიმართულებით კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიდგომა ნაკლებად ხისტია, ვიდრე ე.წ. კერძო მევახშეების მხრიდან. ეს უკანასკნელნი პირდაპირ დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონების დაპატრონებით.
რეალურად, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს ურჩევნით, მომხმარებლებმა სესხი გაწერილ ვადებში დროულად დაფარონ. მათთვის მთავარია, სესხის პროცენტი და ძირი ნელ-ნელა სტაბილურად დაიფაროს.
დღესაც, როცა მიკროსაფინანსოები ასე მომრავლდნენ, მევახშეობის ინსტიტუტი ისევ ძალაში რჩება და მოსახლეობისთვის კვლავაც პრობლემადაა ქცეული?
- იცით, რატომ არის პრობლემად ქცეული? რეალურად ეს სექტორი არ რეგულირდება. პლუს ამას, საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც ვერ ადასტურებს საკუთარ შემოსავალს. შემოსავლის დადასტურების გარეშე კი კომერციული ბანკი სესხს არ მოგცემთ. შესაბამისად, ამ ადამიანებს უწევთ არაფორმალურ სექტორში გადანაცვლება, სადაც საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს იხდიან, ოღონდ კი სესხი აიღონ, ისინი კაბალურ პირობებსაც თანხმდებიან.
მევახშეებთან რამდენ პროცენტზეა საუბარი?
- საშუალოდ ეს არის ყოველთვიური 2-3%, რაც წელიწადში 24-31 % გამოდის. თანაც, ეს ისეთი პროცენტია, როდესაც ძირ თანხას არაფერი აკლდება. ძირი თანხა ერთიანად ისევ გადასახდელი რჩება და გაჭირვებული ადამიანისთვის რთულია, ერთიანად მოიძიოს და დაფაროს. მით უმეტეს, როცა ასეთი ვალდებულებები უჩნდება ადამიანს, მას შეიძლება საკრედიტო ისტორიაც გაფუჭებული ჰქონდეს, ბანკში ვერ მოახერხოს სესხის აღება და პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.
ისევ მიკროსაფინანსოების ეთიკის კოდექსს მივუბრუნდეთ. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იმალება და თანხას არ იხდის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას აღარ შეეძლება ძველებურად მუქარით გამოსძალოს თანხები?
- როდესაც ადამიანს პრობლემა აქვს სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმალება, არ გადის კონტაქტზე და არ ატყობინებს ამის შესახებ კომერციულ ბანკს ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, ისინი მიმართავენ კანონით განსაზღვრულ მეთოდს, რაც გაწერილია ხელშეკრულებაში. როგორც წესი, ამ მეთოდს ბანკები არ მიმართავდნენ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ეთიკური და მორალური ნორმების დარღვევა ფიქსირდებოდა პრობლემური სესხის მართვის კომპანიებისა და ონლაინსესხების კომპანიების მხრიდან. ისინი მუქარითა თუ ტყუილით მოითხოვდნენ სესხის დაბრუნებას მსესხებლისგან. შესაძლოა, ეს არ იყო კანონის დარღვევა, მაგრამ ეს იყო ეთიკური ნორმების დარღვევა.
დღეს, როდესაც ახალი რეგულაციებით კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს პრობლემურ სესხებთან დაკავშირებით ეთიკის კოდექსის შემუშავება დაევალათ, შეიძლება, ამან მთლიანი სურათი არ გამოასწოროს, მაგრამ გარკვეული შეღავათი მაინც იქნება, რათა სესხის ამოღების დროს უფრო დაიცვან ეთიკური ნორმები.
ევროპისგან განსხვავებით, საქართველოსთვის გამოწვევად რჩება კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მაღალი საპროცენტო განაკვეთები, აღარაფერს ვამბობთ მევახშეებზე. რამდენადაც ვიცი, დღეს ყველაზე მომგებიან სფეროდ საბანკო სექტორი ითვლება. რამდენად წამგებიანია ქვეყნისთვის, როდესაც რიგითი მომხმარებლის ხარჯზე მდიდრდებიან ბანკები, რომლებიც, ფაქტობრივად, არაფერს ქმნიან?
-თქვენს კითხვაში ერთგვარი პოზიციაც ჩანს. თუმცა ნაწილობრივ არ გეთანხმებით, რადგან საბანკო სექტორი არ არის ყველაზე მომგებიანი საქართველოში. ბანკების მოგება, თუკი ამას აბსოლუტურ რიცხვებში ვნახავთ იქ, სადაც დიდი კაპიტალია ჩადებული, შესაძლოა, დიდი ჩანდეს, მაგრამ ბანკების მოგება ასე ზოგადად არ ითვლება. საქართველოში გაცილებით უფრო მომგებიანი ბიზნესსექტორებიც არსებობს. იგივე სამშენებლო სექტორი, სასტუმროების, საზკვების სექტორი, რესტორნები. როდესაც ვამბობთ, რომ ევროპასთან შედარებით საქართველოში მაღალი საპროცენტო განაკვეთია, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპა გაცილებით უკეთ ცხოვრობს ეკონომიკურად და მათ გაცილებით ადრე გადაჭრეს ის პრობლემები, რაც დღეს ჩვენ გვაქვს.
ბუნებრივია, ჩვენთან შედარებით ევროპაში დაბალია საპროცენტო განაკვეთები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საქართველოში წლიდან წლამდე საპროცენტო განაკვეთები შემცირების ტენდენციით ხასიათდება. თუკი გვექნება სტაბილური ეკონომიკური ზრდა, მაღალი ტემპით, იმედი მაქვს, ეს საპროცენტო განაკვეთებიც კიდევ უფრო შემცირდება. ეს დამოკიდებულია არა მხოლოდ კომერციულ ბანკებზე ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ცხოვრების დონისა და საქართველოს ეკონომიკური რეიტინგის გაუმჯობესებაზე.